ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხეთ ოსეთში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება – DRI

28 თებერვალი, 2020 • 1660
სამხეთ ოსეთში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება – DRI

სამხრეთ ოსეთში, თამარა მეარაყიშვილის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლება სულ მცირე, კიდევ ერთ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე ახორციელებს განუწყვეტელ ზეწოლას, — იუწყება კონფლიქტურ რეგიონებზე ფოკუსირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI).

DRI-ის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ. ქელეხსაევა „ეხო კავკაზას“ (რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პლატფორმა) ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია და მას სწორედ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან.

„2019 წლის შემოდგომაზე, ცხინვალის ციხეში პატიმრებმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიჩივლეს. მართალია, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ციხეში პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივრის დამწერ ექვს ადამიანს ციხეში სასტიკად სცემეს“, – იუწყება DRI.

მათი ცნობით, 2019 წლის 22 ნოემბერს „ეხო კავკაზას“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ქელეხსაევამ დაწერა, რომ ცემას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, მინისტრის გვარის მითითების გარეშე.

„ამის საპასუხოდ, ლალიევამ [დე ფაქტო მინისტრმა] სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. გარდა ამისა, ის ქელეხსაევასგან „ცილისწამების“ გამო 500 000 რუსული რუბლის გადახდას მოითხოვს“, – წერს ორგანიზაცია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზას“ უკავშირდებოდეს, რომელიც კრიტიკულად აშუქებს მოვლენებს.

„საყურადღებოა, რომ ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით“.

ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, „თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან იგი თავისი რეალური მოტივით, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც სწორედ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება“.

ნახეთ ასევე

მეარაყიშვილს ხელახლა წაუყენეს ბრალი

მასალების გადაბეჭდვის წესი