ახალი ამბები

იზორიას განმარტებები ძმის ინციდენტზე

27 იანვარი, 2020 •
იზორიას განმარტებები ძმის ინციდენტზე

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის, ვახტანგ იზორიასა და პატრულის პოლიციელ გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე მან პოსტფაქტუმ გაიგო და არავითარი გავლენა არ გამოუყენებია ძმის დასახმარებლად. ამის შესახებ იზორიამ პოსტვ-ის ეთერში ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი დიდ პატივს სცემენ პოლიციელებს.

ინციდენტის დროს, ანუ 2014 წელს, ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო.

“ამ ინციდენტის შესახებ მისი ამოწურვის შემდეგ გავიგე. არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. არ მქონია შემხებლობა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეს ადამიანი [პოლიციელი] სისტემაში დაწინაურადა, მას ჰქონდა ყველანაირი პირობა თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის. ზეწოლა, ჩარევა, დასჯა ან მუქარა გამორიცხული და ყოვლად მიუღებელია”, – განაცხადა იზორიამ.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, მის ძმას პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა სრულიად უსაფუძვლოდ დაადო ხელბორკილები.

“მეტიც, შეიძლება ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტულ ინციდენტში პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში, ანუ რამდენად მართლზომიერად მოხდა დაკავება, რა იყო დაკავების საფუძველი, თუმცა მე არ ვიქნები დღეს იმ როლში, რომ ერთი მხარე გავამართლო… ამას დაინტერესების შემთხვევაში ყველა გაიგებს, რომ ეს იყო სრულიად უსაფუძვლო… ხელბორკილებს ადებენ ადამიანს, როცა აკავებენ, როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავ… როცა ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით, მოგიწოდებს კორექტულობისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში.. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, აძლევ ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ის, რომ ადამიანი ემოციას, აგრესიას გამოხატავს, ეს ლამაზი არ არის “პირველ რიგში ჩემთვის, ვინც განსაკუთრებით მოწიწებით ვარ პოლციელების მიმართ განწყობილი ჩემ ძმასთან ერთად”.

იზორიას თქმით, მისი ძმის აგრესია არ გასცილებია სამართლებრივ სივრცეს, ხოლო ხელბორკილის დადებამ გაღიზიანების ხარისხი გაზარდა. იზორიას თქმით, მის ძმას თავდაპირველად პოლიციელმა მანქანის დაპარკინგებისას უხეში ფორმით მიმართა, რაზეც ამ უკანასკნელმა კორექტულობისაკენ მოწოდებით უპასუხა.

საბოლოო ჯამში, იზორიას შეფასებით, მისი ძმის ტერიტორიიდან “განრიდება მოხდა სამართლის შესაბამისად”.

რაც შეეხება იმას, თუ როგორც აღმოჩდა ინციდენტის ადგილას იზორიას მაშინდელი მძღოლი. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მისი ყოფილი მძღოლი ვახტან იზორიასთან ბავშვობიდან მეგობრობდა  “როცა ახლობლების საქმის კურსში ჩაყენებაზეა საუბარი, პირველ რიგში, მან გაიგო და ის დაინტერესდა”.

იზორიას თქმით, მისი ოჯახის წევრებს არანაირი სამართლებრივი იმუნიტეტი არ ჰქონიათ. მან გააკრიტიკა პოლიციელი გიორგი დვალიშვილი. ის ე.წ. გმირ პოლიციელად მოიხსენია და იკითხა, რატომ ინახავდა ეს უკანსკნელი იმ კადრებს 5 წლის განმავლობაში, რომელზეც მისი აზრით უკანონობა იყო აღბეჭდილი. იზორია ასევე მიესალმა პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.

ამავე თემაზე გირჩევთ

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

ჩემი ძმის “ნარუშილოვკაზე” კადრების შემდეგ გავიგე – იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი