ახალი ამბები

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

24 იანვარი, 2020 • 2213
“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელიც “მთავარი არხის” მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმასთან, ვახტანგ იზორიასთან ინციდენტი 10-ლარიანი დარღვევის გამო დაიწყო.

მისი თქმით, იზორიას ძმა მანქანას აჩერებდა და მან, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, მოსთხოვა, ეს არ გაეკეთებინა, რის შემდეგაც იზორიამ მანქანიდანვე დაიწყო მისი მისამართით ყვირილი და შეურაცხყოფა.

“ეს სისხლის [სამართლის კოდექსით] არ არის, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული”, – ამბობს დვალიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და აკონკრეტებს მუხლსაც – 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა).

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ. პოლიციელი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა დააკავა, კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ თემაზე პირველად ახლა ისაუბრა.

ვიდეოკადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

“ახლა რომ გავბედე, ეგეც თემაა”, – ასე უპასუხა მან “ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიმართა თუ არა თავის დროზე გენინსპექციას.

დვალიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ეს ვიდეო 2014 წელს მის უშუალო ხელმძღვანელს გადასცა, თუმცა მისი სამსახურებრივი დაქვეითება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის პოლიციის უფროსს აღნიშნულ ვიდეოს მიმართ გაუჩნდა ინტერესი. დვალიშვილი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ აღნიშნული ვიდეოს გადაცემა 2019 წლის ზაფხულში მოსთხოვა:

“ზაფხულში მომთხოვა. ადრე ის არ იყო ჩემი უშუალო ხელმღვანელი, შესაბამისად, მე ადრე ეს მისთვის არ გადამიცია. მან იცოდა, რომ მე ეს კადრები მქონდა. ეს ვიდეო იყო ერთადერთი თავდაცვითი საშუალება ჩემთვის. ოღონდ მომთხოვა არა ოფიციალურად, არამედ თავისთვის, და ამიტომაც არ მივეცი. ეჭვი შემეპარა, რომ რაში სჭირდებოდა. ვოთსაპში ჩამიგდეო და ალბათ თვითონ ჰქონდა მიზნები ამ ვიდეოს გამოყენების და ალბათ ვიღაცას დააშანტაჟებდა, სხვა რისთვის”, – უთხრა დვალიშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიმართა შსს გენინსპექციას და პროკურატურას, თუმცა, მისი შეფასებით, არცერთი უწყება არაფერს აკეთებს.

გიორგი დვალიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის სამსახურში უკიდურესად შეავიწროვეს, ჯერ დააქვეითეს და ხელფასი შეუმცირეს, შემდეგ კი 1000-ლარიან ხელფასზე ზუგდიდში გადასვლა შესთავაზეს, საბოლოოდ, მისი თქმით, სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელმაც 35 შტატზე გამოაცხადა რეორგანიზაცია, მათ შორის- მის ადგილზეც. თუმცა დვალიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ 34 ადამიანი თავის ადგილზე დარჩა და მხოლოდ ის გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში.

დვალიშვილის თქმით, მან ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართა ომბუდსმენსაც, თუმცა, როგორც მისთვისაა ცნობილი, სახალხო დამცველს საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას არ აწვდიან მიმდინარე გამოძიების შესახებ. დვალიშვილის თქმით, მას არ მოუსმინა საპატრულო დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემაც, რომლისთვისაც ასევე სცადა ინფორმაციის მიწოდება.

“ნეტგაზეთი” პროკურატურასაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი