ახალი ამბები

C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა – აუდიტი

10 იანვარი, 2020 • 4077
C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა – აუდიტი

აუიდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.

როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

აუდიტის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო უსასყიდლოდ იღებს მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მიმართვიანობა. ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები.

აუდიტის ანგარიშში ასევე ასახულია, თუ რამდენი პაციენტის მკურნალობა იყო დაგეგმილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და რეალურად, რამდენმა იმკურნალა.

“მოცემული უზუსტობები ქმნის პროგრამის ფარგლებში მისაწოდებელი სამედიცინო სერვისის მედიკამენტებით უზრუნველყოფის დამახინჯებულ სურათს, ასევე ზრდის მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრის და მისი განაწილების დროს არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების რისკს”, – ასე აფასებს აუდიტის სამსახური ვადაგასული მედიკამენტებით გამოწვეულ პრობლემას.


ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

წაიკითხეთ ვრცლად:

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი