ახალი ამბები

აშშ და ირანი: ურთიერთობების ისტორია

4 იანვარი, 2020 • 3911
აშშ და ირანი: ურთიერთობების ისტორია

ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უფრო გაუარესდა. შტატებში სოლეიმანის ამერიკელების მკვლელს უწოდებენ და მისი მოკვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამეინი კი ვაშინგტონს შურისძიებას ჰპირდება.

აშშ-ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვა პირველად არ მომხდარა.  Reuters-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ აშშ-ირანის ურთიერთობების ქრონოლოგიას 1953 წლიდან:

1953 – ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (CIA) დახმარებით, ხელისუფლებას ჩამოაშორეს პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადიკი, ძალაუფლება დაუბრუნდა მოჰამედ რეზა ფეჰლევის.

1957 – აშშ და ირანი ხელს აწერენ სამოქალაქო ბირთვულ შეთანხმებას.

1967 – აშშ აწვდის ირანს ბირთვულ რეაქტორს და 93 პროცენტით გამდიდრებულ ურანს.

1968 – ირანი ხელს აწერს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მას აქვს სამოქალაქო ბირთვული პროგრამის ქონის უფლება, თუმცა, არა ბირთვული იარაღის.

1979 – ისლამური რევოლუციის შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორებულია შაჰი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი ბრუნდება ქვეყანაში. ფუნდამენტალისტ სტუდენტებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს მძევლად აჰყავთ.

1980 – აშშ წყვეტს დიპლომატიურ კავშირს ირანთან, ყინავს ირანის ფინანსურ აქტივებს და კრძალავს თეირანთან ვაჭრობას თითქმის ყველა სფეროში; პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ სანქცირებული მძევლების დახსნის ოპერაციამ წარუმატებლობა განიცადა.

1981 – ირანი უშვებს 52 მძევალს რონალდ რეიგანის ინაუგურაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

1984 – აშშ-ს ირანი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეჰყავს.

1986 – ცნობილი ხდება აშშ-ირანის საიდუმლო შეიარაღების შეთანხმების შესახებ, რითიც დაირღვა აშშ-ის მიერ დაწესებული ემბარგო იარაღზე.

1988 – ამერიკული სამხედრო გემი Vincennes შეცდომით ესვრის ირანულ სამოქალაქო ავიახომალდს სპარსეთის ყურეში – დაღუპულია ხომალდზე მყოფი 290 ადამიანი.

2002 – პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) ირანს, ერაყს და ჩრდილოეთ კორეას „ბოროტების ღერძს“ უწოდებს. აშშ-ის ოფიციალური პირები თეირანს საიდუმლო ბირთვული იარაღის პროგრამის შემუშავებაში ადანაშაულებენ.

2006 – ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი ნამდვილად შეწყვეტს ბირთვული გამდიდრების პროგრამას.

2008 – ჯორჯ ბუში აგზავნის წარმომადგენელს ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში.

2009 – ბარაკ ობამა ირანის ლიდერებს მიმართავს და ამბობს, რომ ხელს ჩამოართმევს, თუ ისინი „ხელს პირველები გამოუწვდიან“.

2009 – გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ ერთობლივ განცხადებას აკეთებენ – მათი თქმით, ირანი აშენებს ურანის გამდიდრების საიდუმლო ინფრასტრუქტურას ფორდოუში.

2012 – მიღებულია კანონი, რომელიც აძლევს ობამას საშუალებას სანქციები დაუწესოს უცხოურ ბანკებს, თუ ისინი საგრძნობლად არ შეამცირებენ ირანული ნავთობის იმპორტს. ირანული ნავთობის გაყიდვა ეცემა, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ დაღმავლობას იწვევს.

აშშ და ირანელი ოფიციალური პირები იწყებენ საიდუმლო მოლაპარაკებებს ბირთვული იარაღის საკითხზე.

2013 – ჰასან რუჰანი არჩეულია ირანის პრეზიდენტად. ამომრჩევლებს იგი ირანის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და მსოფლიოსთან ურთიერთობების დალაგებას პირდებოდა.

სექტემბერში, ობამა და რუჰანი ტელეფონით საუბრობენ.

ნოემბერში, ირანი და ექვსი დიდი სახელმწიფო ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცა, სანაცვლოდ კი სანქციების დასუსტებას ჰქონდა ადგილი.

2016 – ირანმა გაათავისუფლა 10 ამერიკელი მეზღვაური, რომელიც ირანის ტერიტორიულ წყლებში აიყვანეს; აშშ და ირანი ტყვეებს ცვლიან.

2018 – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში გამოდის მიღწეული შეთანხმებიდან და კვლავ უწესებს ირანს სანქციებს.

2019 – აპრილში აშშ-ს ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმები „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეჰყავს.

მაისში, ირანი აცხადებს რომ გაზრდის გამდიდრებული ურანის წარმოებას, რაც ეწინააღმდეგება მიღწეულ შეთანხმებას.

მაისში და ივნისში სპარსეთის ყურეში ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს ესხმიან თავს. აშშ ირანს ადანაშაულებს, თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

ივნისში ირანმა ჩამოაგდო ამერიკული დრონი, რომელიც თეირანის თქმით მათ ავიასივრცეში იყო. ივლისში ირანმა კონტროლის ქვეშ აიღო ბრიტანული სანავთობო ტანკერი.

საუდის არაბეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას სექტემბერში თავს ესხმიან. თავდასხმაში კვლავ ირანს ადანაშაულებენ, თეირანი კვლავ უარყოფს.

დეკემბერში განხორციელდა შეტევა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე, მოკლულია აშშ-ის მოქალაქე. აშშ ადანაშაულებს ირანის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ დაჯგუფებას და საპასუხოდ ცეცხლს უხსნის მათ ბაზებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების პროტესტი ერაყში აშშ-ის საელჩოსთან, უსაფრთხოების პოსტის შტურმი.

2020 – აშშ-ის მიერ მოკლულია ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი