ახალი ამბები

ირანმა ერაყში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით 12-მდე რაკეტა გაისროლა – მედია

13 მარტი, 2022 • 2237
ირანმა ერაყში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით 12-მდე რაკეტა გაისროლა – მედია

AP News-ის განცხადებით, გამთენიისას ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამერიკის საკონსულოს შენობის მიმართულებით ირანმა 12-მდე რაკეტა ისროლა. გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარი კიდევ უფრო დაძაბავს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად, ერაყის ოფიციალურ უწყებებში განაცხადეს, რომ ჭურვები აშშ-ს საკონსულოს მოხვდა ირბილში, თუმცა მოგვიანებით, დაზუსტდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ საკონსულო არ დაზიანებულა და ჭურვები მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნები დაზუსტებით ვერ ამბობენ რამდენი რაკეტის გასროლა მოხდა და ზუსტად სად ჩამოვარდა ისინი. AP News-ს ერთმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის სამთავრობო შენობებს ზიანი არ მისდგომია და არ არსებობდა პირდაპირი მინიშნება, რომ სამიზნეს საკონსულო წარმოადგენდა.

ოფიციალური განცხადება აშშ-ს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი