ახალი ამბები

“ტომრები ირანულია, ქვები ქართულმა კომპანიამ შემოიტანა” – გრინსერვისი

25 დეკემბერი, 2020 • 1703
“ტომრები ირანულია, ქვები ქართულმა კომპანიამ შემოიტანა” – გრინსერვისი

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფი ზოლის მომწყობი კომპანიის, გრინსერვისის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თეთრი ქვები, რომლითაც იფარება გზაგამყოფი ზოლი, არის ქართული კომპანიის მიერ შემოტანილი და არ არის ირანული წარმოშობის, ხოლო ტომრები ირანულია.”

“კომპანია, რომელიც დასახელდა, იმის ნახმარ ტომრებში არის ჩაყრილი ქვები. ამ ტომრებში ოდესღაც ეყარა პოლიმერქლორიდი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში. შემდეგ ვიღაც ყიდულობს ამ მეორად ტომარას, შიგნით ყრის ქვას, ან მზესუმზირას და ყიდის. ჩვენ ეს ქვები ვიყიდეთ “როიალ სტოუნისგან”, რომელიც ქართული კომპანიაა”, – აცხადებს კომპანია “გრინსერვისის” წარმომადგენელი ლაშა ფურცხვანიძე “ფორმულასთან”.

გუშინ ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ გაავრცელეს ვიდეოჩართვა კახეთის გზატკეცილიდან, სადაც მათი ინფორმაციით, მერია იყენებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული კომპანია Arvand Petrochemical company-ის მიერ მოწოდებულ ქვებს, რაშიც მერიამ 3 მილიონამდე ლარი გადაიხადა.

პოლიტიკოსების თქმით, აღნიშნული ფაქტი აზიანებდა საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებსა და ურთიერთობებს.

“კახი კალაძე მიდის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ურთიერთობებს აშშ-თან”, – აცხადებდნენ პოლიტიკოსები.

ლევან ხაბეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ ქვები საქართველოშია წარმოებული. მისი თქმით, მაშინ კომპანიამ უნდა დაასახელოს ადგილი, სადაც მას მოიპოვებნ, ხოლო თუ სხვა ქვეყნიდან აქვთ შემოტანილი, მაშინ უნდა თქვან, საიდან.

რატომ არის ირანული კოპმანია ამერიკის მიერ სანქცირებული

კომპანია Arvand Petrochemical company აშშ-ის მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაშია შესული. ამერიკის ფედერალური ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) 2019 წლის ივნისსში გამოავლინა, რომ ირანის უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ნავთობ-ქიმიური ჰოლდინგი Persian Gulf Petrochemical Industries Company (PGPIC) ფინანსურ დახმარებას უწევდა სამშენებლო კონგლომერატ “ხათამ ალ ანბიას”, რომელიც შედის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. აშშ-მა სანქციები დაადო ყველა კომპანიას, რომელიც ჰოლდინგშია გაწევრიანებული, მათ შორის Arvand Petrochemical company-საც.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც ირანის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, აშშ-მა 2019 წლის 15 აპრილს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ყველა სხვა კომპანია, რომელიც კავშირშია რევოლუციის გუშაგებთან, სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი