ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გრძელი გზა

19 დეკემბერი, 2019 • 5460
აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გრძელი გზა

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


გენოცდის აღიარებისთვის ბრძოლის ისტორია – ხედვა ერევნიდან 

პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილმა გენოციდმა დაახლოებით მილიონნახევარი სომეხის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ასეული ათასი სომეხი კი დევნილად აქცია ოსმალეთისა დ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებული სომხეთის მთიანი ტერიტორიებიდან. 

ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში სომხური დიასპორა გაჩენილიყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული სომხური დიასპორა იბრძვის გენოციდის აღიარებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს, პირველ რიგში კი, ეს არის ლიბანი, საფრანგეთი და აშშ.

პირველი რეზოლუცია, რომელმაც დაგმო სომეხთა გენოციდი, 1915 წელს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და რუსული იმპერიის მიერ იყო მიღებული, აშშ-ში კი მოშიმშილე და სომეხი დევნილების მხარდამჭერი რეზოლუციები 1916 და 1919 წლებში მიიღეს. თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის, დიდი დეპრესიის და მეორე მსოფლიო ომის გამო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. საბჭოთა კავშირი ყოველმხრივ ბლოკავდა გენოციდის აღიარების თემას საკუთარ ტერიტორიაზე, დუმდა და ისტორიას აყალბებდა. 

1960 წლების მეორე ნახევრიდან, სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობის ფონზე, სომხებმა კვლავ დაიწყეს გენოცის აღიარების მოთხოვნა. 1975 და 1984 წლებში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ასეთი რეზოლუციები, თუმცა სენატში არ გასულა. 1981 წელს განცხადება ამის შესახებ რონალდ რეიგანმაც გააკეთა. თუმცა დროთა განმავლობაში თურქეთი სულ უფრო ნერვიულად უდგებოდა გენოციდის აღიარების საკითხს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები სხვა სიბრტყეში გადაჰყავდა, ამიტომაც საკითხი გაიყინა. 

2000 წელს ბუშმა, 2008 წელს კი ობამამ საარჩევნო კამპანიების დროს სომხეთის სათვისტომოებს სომეხთა გენოციდის აღიარებას შეჰპირდნენ. თუმცა აშშ-ის სომეხთა სათვისტომო არ იყო იმდენად გავლენიანი, რომ თურქეთის რესურსებით, ლობისტებითა და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით ამისთვის მიეღწია.  

საბოლოო ჯამში,  2019 წლის 12 დეკემბერს რეზოლუციამ, რომელიც გენოციდს გმობს, პირველად გაიარა აშშ-ის კონგრესის ყველა ინსტანცია. 

სენატში კენჭისყრიდან უკვე ერთი დღის შემდეგ თურქეთის პარლამენტმა უმრავლესობით მიიღო განცხადება, რომ აღიარების აქტი  “ბინძური თამაშია, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია”. ამას კენჭი უყარა ოთხმა პარტიამ – AKP, CHP, MHP და IYI- რომლებიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციონირებენ. 

პარტიამ HDP, თავის მხრივ, მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას, “მიიღოს გენოციდის ფაქტი და ოსმალური იმპერიის ყველა ის ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ მიწებზე” და უარი თქვა განცხადების მხარდაჭერაზე. 

საინტერესოა, რომ EDAM-ის ცენტრის მიერ 2015 წლის გამოკითხვის თანახმად, თურქეთის მოსახლეობის მხოლოდ 9.1% ფიქრობდა, რომ თურქეთმა ბოდიში უნდა მოუხადოს სომხეთს და პირველი მსოფლიო ომის წლებში მომხდარი მოვლენები გენოციდად აღიაროს, დანარჩენების პოზიცია კი ან იმაში მდგომარეობდა, რომ თურქეთი მწუხარების გამოხატვით უნდა შემოიფარგლოს, ანდა უნდა განაცხადოს, რომ თურქებიც დაზარალებულ მხარეს წარმოადგენენ. 

თუმცა, თუ მმართველი პარტიის 7% ფიქრობდა, რომ გენოციდის აღიარება და ბოდიში საჭიროა, HDP-ს ამომრჩეველს შორის ასეთი 24.4% იყო. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პარტია HDP [სახალხო დემოკრატიული პარტია] უმცირესობებს, ძირითადად კი ქურთებს აერთიანებს. 

2015 წელს ფრანგული ცენტრის, Fondapol და Foundation for the Memory of Shoah-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასი წლის შემდეგაც კი, ევროკავშირის გამოკითხული მოქალაქეების 82% ოსმალური თურქეთის მიერ სომეხთა ჟლეტას გენოციდად აღიარებდნენ, ასეთი კი თურქეთში 33% იყო. 

შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია დიდ როლს თამაშობდა და ქვეყნებში, რომელთაც აღიარებული აქვთ გენოციდი, ეს პროცენტი მაღალი იყო. აშშ-ში იმ მომენტში გამოკითხულთა 64% თვლიდა ასე. 

რადგანაც სომეხთა გენოციდის აღიარება და საგარეო პოლიტიკური საკითხები ბევრ ასპექტში არ მოდიოდა თანხვედრაში, აშშ-ის სომხურმა სათვისტომომ გადაწყვიტა, ალტერნატიული გზით წასულიყო და აღიარებისთვის მიეღწია უფრო დაბალ, კერძოდ კი, მუნიციპალურ, ასევე ცალკეული შტატების დონეზე. ამჟამად ერთადერთი შტატი მისისიპია, რომელმაც არ მიიღო გენოციდის დამგმობი რეზოლუცია, მაშინ როდესაც კალიფრონიაში მსგავსი რეზოლუციები პრაქტიკულად ყოველ წელს მიიღებოდა. 

პრეისტორია და №150 რეზოლუციის მიღება 

წინა რეზოლუცია ამერიკის კონგრესში 2007 წელს წარადგინეს და საგარეო საკითხთა კომისიის მხრიდან მოწონებული იყო, თუმცა პროცესი უფრო წინ აღარ წასულა. ახალი რეზოლუცია, ნომრით 150, 2019 წლის აპრილში სენატორმა მენენდელსმა 200-ზე მეტი კონგრესმენის თანაავტორობით წარადგინა. თუმცა ისტებლიშმენტის ნაწილმა, განსაკუთრებით რესპუბლიკელებმა, სამხედრო – სამეწარმეო კომპლექსმა და ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი შეუშალეს რეზოლუციის მიღებას. 

წინააღმდეგობამ მკვეთრად იკლო ახლო აღმოსავლეთში თურქეთის მიერ ცალმხრივი მოქმედებების დაწყებისთანავე. სირიის ჩრდილოეთში ქურთებზე შეტევით თურქეთმა აშშ-ის ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ათეულობით ათასი ქურთი დევნილად აქცია და ასადის რეჟიმთან გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწია. ასევე, ვაშინგტონის კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «С-400» იყიდა. ამან რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები შეასუსტა და უკვე ოქტომბრის ბოლოს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ რეზოლუცია 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო. 

ერდოღანი შეეცადა, სენატში რეზოლუციის განხილვისთვის ხელი შეეშალა. ერდოღანის ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ორმა სენატორმა რესპუბლიკელმა რეზოლუციას ვეტო დაადო. თუმცა იმ მომენტისთვის გაიზარდა საზოგადოებრივი და ელიტური კონსენსუსი და საკუთარი “ვეტო” აღარ გააგრძელეს. 12 დეკემბერს რეზოლუცია ერთხმად მიიღო კონგრესის ზედა პალატამაც.

აღნიშნულ რეზოლუციას არ გააჩნია იურიდიული ძალა, ის უფრო დეკლარაციაა. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ მომენტისთვის არ შეცვლილა, ის გენოციდის აღიარების წინააღმდეგ საჯაროდ გამოდის. ამავე დროს რეზოლუციის მიღება ამ საკითხში ელიტების კონსოლიდაციის ფონზე მოხდა. ამის არგათვალისწინებას ამერიკელი პოლიტიკოსები ვეღარ შეძლებენ. 

გენოციდის აღიარების გავლენა თურქეთთან ურთიერთობაზე

გენოციდის აღიარება – ეს არის გარკვეული გარდამტეხი მომენტი თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმის მიუხედავად, რომ ეს ნაბიჯი უფრო სიმბოლური ხასიათისაა, ის კიდევ დიდხანს გაართულებს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ცივი ომის პერიოდში თურქულ-ამერიკული ურთიერთობები ეფუძნებოდა იმას, რომ თურქეთი წარმოადგენდა NATO-ს ლოიალურ წევრსა და ევროპის სამხრეთით თავშესაფარს, კომუნისტური საფრთხეებისგან თავი რომ დაეცვათ. 1990-იან წლებში თურქეთი ჯერ კიდევ რჩებოდა ნატოს ლოალურ წევრად, თუმცა, ამასთან, უფრო მეტად  იქცა გავლენიან ქვეყნად და ისლამურ სამყაროში დასავლეთის თავისებურ “ჭიშკრად”. 

2000-იანი წლების შუაში კი, უკვე ერდოღანის პრეზიდენტობის დროს, თურქეთმა ნელ-ნელა დაიწყო ისლამური სამყაროს “ჭიშკრად” გარდაქმნა. რადგანაც თავად ისწრაფოდა ისლამიზაციისკენ და გადაწყვიტა, დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა. თავდაპირველად ამ თამაშს რეგიონული ხასიათი ჰქონდა, აშშ-ს ერჩივნა არ შეემჩნია ეს ფაქტი. მაგრამ ერდოღანის პოლიტიკამ, თანდათანობით დაშორებოდა დასავლეთს, ეს  გარდაუვალი გახადა. 

ისევე როგორც პუტინმა გააკეთა განაცხადი ნატოს წევრობაზე, ერდოღანმა ევროკავშირის წევრობაზე გაგზავნა განაცხადი. თავიდანვე  არცერთს სჯეროდა ასეთი შესაძლებლობის – ორივე ქვეყანა ძალიან განსხვავდებოდა იმ გაერთიანებებისგან, რომლის წევრობაც სურდათ. 

2019 წლისთვის თურქეთის თამაში სულ უფრო დაემსგავსა გლობალური მასშტაბის გეოპოლიტიკურ მანევრებს. ასეთ საკითხებში ამერიკელები, როგორც წესი, თანმიმდევრულები არიან. გენოციდის აღიარება აშშ-თვის ხელსაყრელი საბაბია, უფრო მძიმე ზომების მიღებამდე არ მიიყვანოს სიტუაცია, რადგანაც აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს თურქეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის დიდი არსენალი. თურქეთში ამ კენჭისყრას აღიქვამენ როგორც სადამსჯელო ზომას. სომხეთში კი ამას უფრო მეტად თურქეთის მხარდაჭერის შეწყვეტად აღიქვამენ. 

ამავე დროს, თურქეთსაც გააჩნია შესაძლებლობა, საპასუხო ნაბიჯები გადადგას. ერთი მხრივ, ერდოღანი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იყო შეწუხებული საკუთარ ტერიტორიაზე სირიელი და ერაყელი დევნილების დიდი ტალღით. როდესაც ხუთი წლის წინ დევნილებისთვის და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიგრანტებისთვის ევროპის კარი გააღო, ამან ევროპაში გამოიწვია  მიგრაციული და, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი. “ბალკანეთის მარშრუტზე” დევნილების ტალღა არა იმდენად რაოდენობრივად იყო დიდი, რამდენადაც სრულიად არაორგანიზებული, არადოკუმენტირებული იყო და სხვადასხვა ქვეყანაში დევნილების კონცენტრაციის გათვალისწინებით, ამ ქვეყნების სოციალური სისტემები გადატვირთა.

ერდოღანმა 6 მილიარდი მოითხოვა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი დევნილების მოსაწყობად, ევროპა კი მას 3 მილიარდს დაჰპირდა, თუმცა არც ეს იყო ბოლომდე გადარიცხული. ამიტომაც თურქეთში სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები მოთხოვნით- ბალკანეთის მიგრაციის მარშრუტი “გაიხსნას”, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირზე და, შესაბამისად, აშშ-ზე იქონიებს გავლენას. 

თურქეთს შეუძლია მოითხოვოს ამერიკელი საჰაერო-სახმელეთო ძალების გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან, ინჯირლიკის ბაზიდან. რა თქმა უნდა, ამერიკელები სხვა ქვეყნებში მოაწყობენ ბაზებს, მაგრამ თურქეთის დაკარგვა ამ კუთხით საგრძნობი იქნება.

თუმცა თურქების განწყობა ისედაც გაფუჭებულია აშშ-ის მიმართ, ვინაიდან ინტენსიური ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში, საზოგადოებრივი აზრი ისედაც უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი დასავლეთის, კერძოდ კი, აშშ-ის მიმართ. 

Pew Research Center -ის გამოკითხვის თანახმად, 2017 წელს თურქეთში გამოკითხულთა მხოლოდ 18% იყო დადებითად განწყობილი აშშ-ის მიმართ, უმრავლესობა კი  [79%] – უარყოფითად. ეს ციფრები დაახლოებით შეესაბამება მთელ 2002-2017 წლების პერიოდს, მით უმეტეს, მათ შორის, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი აშშ-ის მიმართ, ქურთები ჭარბობდნენ. 

გენოციდის აღიარების რეზოლუციის შინაარსი და მისი მნიშვნელობა

სენატის რეზოლუცია შეგვიძლია 2007 წლის ნომერ 150 რეზოლუციას შევადაროთ. ამჟამინდელი რეზოლუცია, ამ კუთხით თუ შევადარებთ, სამნახევარჯერ ნაკლებია მოცულობით და მარტივია შინაარსით. შესაძლოა, ეს არც ისე ცუდია, რადგანაც წინა რეზოლუცია აშკარად გადატვირთული იყო ფაქტებით, თარიღებითა და ციფრებით. 

მეორე, ახალ რეზოლუციას არ ჰყავს ადრესატი. 2007 წელს პირველი მოწოდებები გაჩნდა პრეზიდენტის მიმართ, გენოციდი ეღიარებინა და დაეკორექტირებინა ამ აღიარების საფუძველზე ადმინისტრაციის პოლიტიკა. დღევანდელ რეზოლუციაში კი საუბარია აშშ-ის ხელისუფლებაზე და აშშ-ზე, როგორც  მთლიანად ქვეყანაზე. ამის გაგებაც შეიძლება – დღეს აშშ-ში შიდა დებატები უკიდურესად გამწვავდა, პრეზიდენტის პოზიციები შესუსტდა, რეზოლუციის ინიციატორები კი დემოკრატები არიან.

მესამე, წინა რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ გენოციდის შედეგი გახდა სომხების ლიკვიდაცია მათ ისტორიულ სამშობლოს ტერიტორიაზე, სადაც 2500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ახალ რეზოლუციაში ეს მითითება არ არის. გასაგები მიზეზებით ამერიკულ პოლიტიკურ კლასს არც ისე ძალიან უყვარს უძველეს ისტორიაზე დაყრდნობა, თუმცა ეს კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია სომეხთა გენოციდის არსის გასაგებად.

1913 წელს ოსმალურ იმპერიაში 2138 სომხური ეკლესია არსებობდა, 1954 წელს კი- 38. მათი დიდი ნაწილი უბრალოდ დაანგრიეს ან მეჩეთად გადააკეთეს. 

რუკაზე წარმოდგენილია სომხური დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული განაწილება, რომელთაც 1915 წლის შემდეგ თურქეთში სახელები გადაარქვეს.

ამავე დროს, რეზოლუციას მრავალი ძლიერი მხარე აქვს. პირველ რიგში, ეს არის თავად შეერთებული შტატების პოლიტიკის ხსენება გენოციდის აღიარების საკითხში, ასევე, სომეხი დევნილების დახმარება. მაგალითად, Near East Relief-ის პროგრამის ფარგლებში, ამერიკელებმა უზარმაზარი ფინანსური რესურსი შეაგროვეს დაზარალებული სომხებისთვის – 1915 წლიდან მოყოლებული,116 მილიონი აშშ დოლარი.

სომეხთა გენოციდი რეზოლუციაში სხვა გენოციდების კონტექტშია მოხსენიებული. ნახსენები არიან 1915-18 წლების სხვა დაზრალებულები – ასირიელები, სირიელი ორთოდოქსები, არამეელები და ა.შ. რეზოლუცია ემყარება იმას, რომ რაფაელ ლემკინი, რომელმაც ტერმინი “გენოციდი” გამოიგონა 1944 წელს, ეყრდნობოდა სომეხთა გენოციდს, როგორც გენოციდის სამოდელო მაგალითს.

დაბოლოს, ნაჩვენებია პირდაპირი კავშრი ჰოლოკოსტსა და სომეხთა გენოციდს შორის, რადგანაც ჰიტლერმა ობერსალბერგის გამოსვლაში, პოლონეთზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე, განაცხადა: “ყოველივე ამის შემდეგ, ვის ახსოვს სომხები” და ამით ბიძგი მისცა შესაძლო ომსა და ჰოლოკოსტს.

ასევე, რეზოლუცია განსაზღვრავს სომეხთა გენოციდის პერიოდების ჩარჩოს, 1915-1923 წლებს. ეს მოვლენების სომხური ვერსიაა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იყო გენოციდის შემდეგი ეტაპები: 1915-1917 წლებში ოსმალურ იმპერიაში მასობრივი ხოცვა, 1918-1921 წლებში, თურქეთის კავკასიაში შემოსვლის დროს მასობრივი ხოცვა, მოვლენები სმირნში 1922 წელს, საბერძნეთი-თურქეთის ომის ფონზე და ლოზანის სამშვიდობო შეთანხმება 1923 წელს, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოწყობის პოლიტიკური გაფორმება. 

ასევე, გენოციდზე პასუხისმგებელს ხდის 1923 წელს დაფუძნებულ თურქეთის რესპუბლიკას, მაშინ როდესაც რეზოლუციაში, რომელიც ოცი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ მიიღო, საბოლოო თარითად 1922 წელია მითითებული.

დაბოლოს, რეზოლუცია განსაზღვრავს აშშ-ის სამომავლო პოლიტიკას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას გენოციდის არაღიარების ღონისძიებებში, სახელმწიფომ უნდა გაატაროს მსხვერპლთა უკვდავყოფის პოლიტიკა, მათ შორის განათლების სისტემის საშუალებით. ამიტომაც სომხურ დიასპორაში ის [რეზოლუციის მიღება] სერიოზულ წარმატებად აღიქმება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი