ახალი ამბები

კლინიკების დისკრედიტაცია FB-ზე სამინისტროსთან კამათის ფონზე

6 დეკემბერი, 2019 • 1778
კლინიკების დისკრედიტაცია FB-ზე სამინისტროსთან კამათის ფონზე

ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო კლინიკების ნაწილს შორის 520-ე დადგენილების გამო არსებული კამათის ფონზე,  ფეისბუკზე საავადმყოფოების და ერთ შემთხვევაში კონკრეტული მენეჯერის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოჩნდა.

ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ამ კუთხით აქტიურობს 28 ნოემბერსაა შექმნილი. ის კლინიკებს “სიცოცხლით მოვაჭრეებს” უწოდებს და არგუმენტაციისთვის კონკრეტული კლინიკების მოგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის ავთენტურობაც ნეტგაზეთისთვის უცნობია. პოსტს 1.3 ათასი მოწონება და ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

გვერდი ასევე “წურბელას” უწოდებს ერთ-ერთ კლინიკას, რომლის წარმომადგენელიც ასევე მონაწილეობს 520-ე დადგენილებით ჩამოყალიბებული ფასების წინააღმდეგ კრიტიკაში.

“გააზიარე პოსტი და დაუჭირე მხარი ჯანდაცვის მინისტრის N520 ბრძანებას, რომელიც კერძო კომპანიებს თქვენი ჯანმრთელობით ვაჭრობას უკრძალავს, დაუჭირე მხარი სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულაციას!”, – წერს გვერდი.

გვერდი პერსონიფიცირებულად “სიცოცხლით მოვაჭრეს” უწოდებს ერთ-ერთი კლინიკის დირექტორსაც.

ამ პროცესში აქტიურობს მეორე ფეისბუკ-გვერდიც. ეს გვერდი 2018 წლის მაისშია შექმნილი და სხვადასხვა საკითხებზე პროსამთავრობო ინფორმაციას ავრცელებს. ეს გვერდიც ავრცელებს ინფორმაციას დადგენილების შესახებ, ხოლო კლინიკებს ასევე უწოდებს წურბელებსა და ჭინკებს.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ზარქუა, რომელიც წერს, რომ არ შეიძლება ასეთ სენსიტიურ საკითხებზე მანიპულაცია და “ტროლების მიქსევა.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ექიმებისა და კლინიკების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის.

კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ აცხადებენ, რომ შეხვედრაზე გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღეს, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ექიმების თქმით, დადგენილების გადავადების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკები სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაადასტურებენ, რომ რიგი სამედიცინო მანიპულაციები განსაზღვრულ ტარიფზე ძვირი ჯდება, შესაძლოა ტარიფები გადაიხედოს.

მეტი ამბავი ამ თემაზე

#520 დადგენილება ძალაშია – რას მოუტანს ის კლინიკებს, პაციენტებს, ბიუჯეტს

კლინიკის დირექტორის კითხვა მინისტრს – 520-ე დადგენილება

კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი