საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

11 მარტი, 2024 • 936
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

სარჯველაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძემ მთავრობაში პარლამენტიდან გადაინაცვლა. აქამდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. პარლამენტში მოხვედვრამდე კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. რაც შეეხება მის სპეციალობას, სარჯველაძე იურისტია.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა.


ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში პოსტი დატოვა სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ”.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მან შეაჩერა თბილისის ცენტრში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კლინიკაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და განაცხადა, რომ საავადმყოფო არ დაინგრევა, სანამ ახალი შენობა არ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი