ახალი ამბები

კლინიკის დირექტორის კითხვა მინისტრს – 520-ე დადგენილება

5 დეკემბერი, 2019 • 1845
კლინიკის დირექტორის კითხვა მინისტრს – 520-ე დადგენილება

კლინიკა “ჰელსიკორის” დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას თქმით, იმ დროს როცა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი საჩხერის რაიონულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, კლინიკაში შუნტირება 11 ათასი ლარი ღირდა.

როგორც “ტვ პირველის” ეთერში 3 დეკემბერს ლაგვილავამ განაცხადა, მისთვის გაუგებარია იმ მომსახურეობაში, რაშიც ეკატერინე ტიკარაძის მმართველობის პერიოდში კლინიკა 11 ათას ღირდა, ახლა სამინისტრო #520-ე დადგენილების ფარგლებში შუნტირებაში 8 500 ლარს რატომ იხდის.

“მაქვს შეკითხვა მინისტრთან: ქალბატონი ეკა თავად მართავდა საჩხერის კლინიკას. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში საჩხერეში შეიქმნა კარდიოქირურგია როგორც ახალი დარგი. ამ პერიოდშივე შუნტირებაზე მათ ატვირთეს ფასი –  11 ათასი ლარი. ეს იყო მისი მმართველობის პერიოდში… მას ხომ ეს კალკულაცია ნანახი აქვს, მაშინ ვუსვამ კითხვას, თუ მის კლინიკაში შუნტირება განფასებული იყო 11 ათას ლარად, დღეს როგორც მინისტრი რატომ გვთავაზობს 8 500 ლარს?,” – ამბობს ლაგვილავა.

ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კლინიკაში კონკრეტული სერვისის ღირებულება საჯარო არ არის, ნეტგაზეთმა ლაგვილავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერც თავად კლინიკაში მოახერხა.

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.

დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ექიმებისა და კლინიკების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის.

კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ აცხადებენ, რომ შეხვედრაზე გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღეს, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ექიმების თქმით, დადგენილების გადავადების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკები სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაადასტურებენ, რომ რიგი სამედიცინო მანიპულაციები განსაზღვრულ ტარიფზე ძვირი ჯდება, შესაძლოა ტარიფები გადაიხედოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი