ახალი ამბები

გადაიხედება თუ არა DRG დაფინანსების მოდელი? – ჯანდაცვის ახალი მინისტრის განმარტება

12 მარტი, 2024 • 991
გადაიხედება თუ არა DRG დაფინანსების მოდელი? – ჯანდაცვის ახალი მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ყველა მისი გადაწყვეტილების საფუძველი იქნება “პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა”.

ასე უპასუხა მან TV პირველის კითხვას, გადაიხედება თუ არა DGR დაფინანსების მოდელი.

“ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კონსულტაცია – სამედიცინო საზოგადოებასთან ყველა მოსაზრების მოსმენა და ამის მიხედვით შერჩევა საუკეთესო მოდელისა, რომელიც წაადგება საერთოდ ქვეყანას, თითოეულ პაციენტს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი განმსაზღვრელი. აქ რაც გახლავთ, ეს არის, რა თქმა უნდა, პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 12 მარტს პირველად მივიდა. პრემიერ-მინისტრმა ის უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

დაფინანსების DGR მოდელი ჯანდაცვის წინა მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის პერიოდში დაინერგა. ეს გულისხმობს დიაგნოზთან შეჭიდულ მომსახურების დაფინანსებას, რომლის საშუალებითაც “ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის”.

დაფინანსების ეს მოდელი 2023 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, თუმცა ჯანდაცვის ბიზნესის წარმომადგენლებსა და თავად პაციენტებს მხრიდანაც მას კრიტიკა მოჰყვა. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი დაფინანსების მოდელით განსაზღვრული თანხისა და რეალური საჭიროებების შეუსაბამობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი