ახალი ამბებისაზოგადოება

#520 დადგენილება ძალაშია – რას მოუტანს ის კლინიკებს, პაციენტებს, ბიუჯეტს

22 ნოემბერი, 2019 • 6409
#520 დადგენილება ძალაშია – რას მოუტანს ის კლინიკებს, პაციენტებს, ბიუჯეტს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება უკვე ამოქმედდა. ანუ მთავრობის მიღებული ცვლილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. რას ნიშნავს ეს კლინიკებისთვის, ექიმებისთვის, პაციენტებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის?

რას ნიშნავს ტარიფების გათანაბრება? – მაგალითად, თუ ერთ ოპერაციაზე A კლინიკაში სხვა ფასია, ხოლო B-ში- სხვა, სახელმწიფო პაციენტს ორივე კლინიკაში აღარ დააფინანსებს, კლინიკის ნაცვლად თვითონ ადგენს ფასს, რა ღირს ესა თუ ის ოპერაცია. კლინიკა კი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დარჩენა უნდა, ამას უნდა დაეთანხმოს. სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მიერ დადგენილი ტარიფები თავად კლინიკების ფინანსური დირექტორებისგან მიღებულ ინფორმაციას და მის გაანგარიშებას ეყრდნობა. საუბარია 150 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომლებსაც სამინისტროს თანახმად, ივლისი-აგვისტოს პერიოდში დეტალური აღწერა უნდა მიეწოდებინათ უწყებებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვერ გვეუბნება, სავალდებულო იყო თუ არა ამ ინფორმაციის მიწოდება კლინიკებისთვის, თუმცა ამტკიცებს, რომ ახალი ტარიფების გაანგარიშება ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. 

“ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას”.

ცვლილებას სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ეწინააღმდეგება. 20-ზე მეტმა კერძო კლინიკამ პრემიერსა და ბიზნესომბუდსმენს წერილითაც მიმართა და ცვლილების მინიმუმ ექვსი თვით გადავადება ითხოვა. 

“სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისათვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, იმპორტირებულია საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, მათი ფასები მიბმულია უცხოურ ვალუტასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების პირობებში ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები”, – ნათქვამია წერილში

თამარ გაბუნიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და არც ცვლილება გადავადდება.

კლინიკა “გულის” დირექტორი ანზორ მელია ამბობს, რომ მსგავსი ტარიფის პირობებში სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწევს და ზოგადად სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუარესდება. კითხვაზე, როდიდან აისახება ცვილლება ჯანდაცვის სექტორზე, მელია გვპასუხობს, რომ 2-3 თვეში. 

“ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტები არ აქვს. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ასე გვინდაო. 26 საავადმყოფო რომ გაჩერდეს, მხოლოდ “ევექსი” მოემსახურება?! მხოლოდ  ევექსი და სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკები არიან კმაყოფილნი ამით. ჩვენ ტარიფების გათანაბრების წინააღმდეგი არ ვართ. [სამინისტროს მიერ დადგენილი] ტარიფია ძალიან დაბალი. ეს თანხა [სერვისის] თვითღირებულებაზე ნაკლები არ უნდა იყოს. დღეს ვიჯექით და ვანგარიშობიდით… სტენტირების ახალი ტარიფით 1800 ლარია, არადა, ხარჯებიანად გამოდის 2100 ლარი. ორი სტენტირებისთვის  2100 ლარია გათვალისწინებული… გამორიცხულია ამ ფასად ამის გაკეთება”, – ამბობს მელია.

მთავრობის #520 დადგენილება 5 ნოემბერს გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, მელიას თქმით, მანამდე ტარიფებზე ინფორმაცია არ ჰქონია. როგორც ის ამბობს, ხუთ წელიწადში ერთხელ კლინიკაში აპარატურას ცვლის, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ყიდულობს, შესაბამისად, ტარიფში ლარის უცხოურ ვალუტასთან გაუფასურებაც არაა გათვალისწინებული.

კითხვაზე, ხომ არ მოხდება სამედიცინო მომსახურეობაზე ფასების ზრდა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ სარგებლობენ. ანუ მათ ხარჯზე ხომ არ დაკომპენსირდება სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავლების კლება, მელია გვპასუხობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და თანამშრომელთა ხელფასის შემცირება უფრო მოსალოდნელია. 

“გულის ცენტრის” გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული ტარიფების უმრავლესობა დაბალია და დღევანდელ რეალურ ფასებს ვერ ასახავს. 

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებისთვის ცვლილების ამოქმედება სამედიცინო სერვისს გაუუარესებთ. ამასთან, შემცირდება მედეპერსონალის ხელფასიც.  

“პარლამენტში შეხვედრის შემდეგ მათ თქვეს, რომ ჩვენ დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოვიყვანეთ. აგვისტოში მათ გვითხრეს, ხომ ვერ მოგვაწვდიდით [სავალდებულოც არ ყოფილა] დანახარჯებზე ინფორმაციას. ზოგიერთმა კლინიკამ ეს ინფორმაცია მიაწოდა. ცოტა ეჭვი მეპარება, რომელიმე კლინიკას მსგავსი ფასები გაეგზავნა. ჩვენ ვეკითხებით, რომელი კლინიკებია ესენი, რასაც არ გვეუბნებიან. ზოგიერთი სერვისის მიწოდება საერთოდ ვერ განხორციელდება, რადგან მაგალითად, არითმოლოგიაში ზოგიერთი ტიპის აპარატის ჩადგმა საერთოდ ვერ მოხდება”,-ამბობს ექიმი.

იგივე პოზიცია აქვს “გულის რიტმის” ასოციციის ვიცერეზიდენტ, კახაბერ ეცაბაშვილს: “ეს ტარიფები ჩემს დარგში არათუ განვითარების საშუალებას იძლევა, არამედ საერთოდ კლავს დარგს. გადავდივართ იმაზე, რომ მინიმალური ერთკამერიანი სტიმულატორების დონეზე ვიყოთ. როგორც მახსოვს, სერვისი, რომელიც საქართველოში არ არის, სახელმწიფო ასეთ პაციენტებს მკურნალობას უცხოეთში უფინანსებს. ეს ბევრად უფრო ძვირი ჯდება. საერთოდ გაუგებარია, რა საფუძველი აქვს ამ გადაწყვეტილებას”.

სამინისტოროში ადასტურებენ, რომ სამედიცინო დანიშნულების საგნების ღირებულებაზე მართლაც ახდენს კურსის ცვლილება გავლენას, ამიტომ, მათი თქმით, ახალ ფასში ესეც გათვალისწინებულია. ვალუტის გარდა, მათი მტკიცებით, ტარიფი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: პერსონალის ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი, გაუთვალისწინებელი ხარჯი და მოგება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებებით სახელმწიფო ფული “სწორად” დაიხარჯება, რადგან გაუგებარია, ერთი და იგივე სამედიცნო მანიპულაციაში სახელმწიფომ სხვადასხვა თანხა რატომ უნდა გადაიხადოს სხვადასხვა კლინიკაში. გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილება ფასების ზრდას სხვა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არმყოფი პაციენტებისთვის, თამარ გაბუნია გვპასუხობს, რომ ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს.

“აქ მნიშვნელოვანია კლინიკის დატვირთვა, თუმცა ამის თეორიული ალბათობა არსებობს. თუ კლინიკა ვერ იღებს ადეკვატურ შემოსავალს რომელიმე ერთი წყაროდან, ცდილობს შემოსავალი მიიღოს იმ წყაროდან, რომელიც მეტად გადამხდელუნარიანია. ასევე არსებობს რისკი, რომ ექიმების ხელფასები შემცირდეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ის, რომ ბიუჯეტის რესურსი სრულად მივიდეს იმ ბენეფიციარამდე, რომელიც არის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე. ექიმები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან დასაქმებული, ექსკლუზიურად “საყოველთაო ჯანდაცვის” პროგრამისთვის არ მუშაოებენ და მათ დატვირთვა ექნებათ კერძოდ მისული პაციენტებისგანაც. აქედან გამომდინარე, მენეჯმენტის საკითხია, რომ პირველი დარტყმა ექიმების ხელფასზე არ იყოს. რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ამ ცვლილების შედეგად უშუალოდ რეანიმაციის ნაწილზე მოსალოდნელია, 30 მლნ ლარის დაზოგვა მოხდეს. რაც შეეხება კარდიოქირურგიას, აქ საუბარია 3 მლნ ლარზე”,-ამბობს გაბუნია. 

მედიცინის დოქტორი თენგიზ ვერულავა კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას მხარს უჭერს, თუმცა ამბობს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ აუცილებელია, ე.წ. სელექტიური კონტრაქტირება ამოქმედდეს.

მისი თქმითვე, ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ მსხვილ სამედიცინო დაწესებულებებს გაუფორმებს კონტრაქტს და თანხას ეფექტურად დახარჯავს. ეს წვრილი კლინიკების ბაზრიდან გასვლას გამოიწვევს, თუმცა, როგორც ვერულავა ამბობს, სამედიცინო ბაზარი ჩვეულებრივი არ არის და მას მოთხოვნა/მიწოდება არ განსაზღვრავს. ანუ თუ ჩვეულებრივ ბაზარზე მეტი მარკეტის გახსნა კარგია, ჯანდაცვის სექტორი განსხვავებულად მუშაობს: ”ეს ბაზარი მოითხოვს რეგულირებას, ტარიფების გათანაბრებას, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფუნქცია, რომელსაც არ ასრულებდა”.

ჯანდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით, საერთო ტარიფების ამოქმედების შემდეგ, სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლაც იგეგმება. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობას, მეტიც, საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება. სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლას სამინისტრო მას შემდეგ გეგმავს, რაც ყველა ნოზოლოგიურ კოდზე ტარიფი განისაზღვრება. 

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს ყველას, შესაბისად, ფული, რასაც სახელმწიფო გამოყოფდა, გაიფლაშა. რატომ უხდის ნაკლებს სახელმწიფო კლინიკებს?! იმიტომ, რომ ფული აღარ აქვს, რადგან პროგრამაში ჩართულ ყველა დაწესებულებას უხდის. მან ფული რომ გადაუხადოს სელექტიურად, მაშინ ის გადაიხდის იმდენს, რაც ღირს, მაგალითად, სტენტირება. 

ეს უნდა მოხდეს ისევე, როგორც სამშობიარო პროგრამებზე. ანუ გადაუდებელ დახმარებაზეც იგივე მიდგომა უნდა იყოს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, შერჩევისას სამინისტრომ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა უნდა გაითვალისწინოს. თუ სახელმწიფომ არ ამოირჩია ერთი და ორი მსხვილი საავადმყოფო, კიდევ გაეფლაშება თანხა წვრილ-წვრილ, რაღაც მე-16 სართულზე გახსნილ რეანიმაციებზე. უკვე დაანონსებულია, რომ ტარიფების გათანაბრებას სელექტიური კონტრაქტირება უნდა მიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცვლილება აზრს კარგავს. სელექტიური კონტრაქტირება შემდეგ უკვე დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ დღეს ტარიფი რეალურ ღირებულებაზე დაბალია. ცხადია, ასე არ შეიძლება, თუმცა სამინისტროს სხვა გამოსავალი არ აქვს “, – ამბობს თენგიზ ვერულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი