ახალი ამბები

კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

28 ნოემბერი, 2019 • 2226
კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

სამედიცინო დაწესებულებათა ნაწილი მთავრობის იმ დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვს, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს სერვისები ერთიანი ტარიფით უნდა მიაწოდონ. ამას გარდა, მათი მოთხოვნაა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე დადგენილი ტარიფების გადახედვაზე იმუშავებს.

საუბარია მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. მთავრობის დადგენილებით ტარიფები განისაზღვრა ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია. 

დღეს, 27 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმთა ნაწილი ამბობდა, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. ანუ მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის.

 “ეს დღეს ერთადერთი დამფინანსებელია. შესაბამიდად, კლინიკის ამ პროგრამიდან გასვლით ის ვეღარ მოემსახურება პაციენტებს, რადგან პაციენტების გადამხდელუნარიანობა ძალიან დაბალია”,-ამბობს “ღია გულის” აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძე. 

კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროში დღესვე შეხვდა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო მთავრობის დადგენილების შეჩერებას არ აპრებს, თუმცა ამბობს, რომ  ზოგიერთი ტარიფის გადახედვა შესაძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, შეუძლებელია, სამინისტროს 279 კლინიკისთვის მისაღები ფასი შეეთავაზებინა, ხოლო ახალი ტარიფი კლინიკების ნაწილის მიერ მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა და ის მოიცავს როგორც პირდაპირ ისე, არაპირდაპირ ხარჯებს და ლარის კურსსაც კი. სამედიცინო დაწესებულებებისთვის პირდაპირი ხარჯი შეიძლება იყოს კვლევები, პროცედურები, მედიკამენტები, სამედიცინო მასალები და სხვა. არაპირდაპირი ხარჯებია კომუნალური გადასახადები, თანამშრომელთა ხელფასი და სხვა. 

“ის, რომ ჩვენ 200-ზე მეტ მიმწოდებელთან ანუ საავადმყოფოსთან დავსხდეთ და რომელიმე ფასზე შეთანხმდეთ, ტექნიკურად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც შემსყიდველი, ემყარება იმ ინფორმაციას, რაც 150-მა კლინიკამ მიაწოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ტარიფი იმ ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ, რაც მათ მოგვაწოდეს. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ თუ კლინიკა წარმოადგენს ობიექტურ საფუძველს იმისთვის, რომ ხარისხში განსხვავება დასაბუთებულია და ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ”,- ამბობს გაბუნია.

კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი ამბობს, რომ ცვლილების ამოქმდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზოგიერთმა კლინიკამ თანამშრომლებს ხელფასები უკვე შეუმცირა და ეს პროცესი გაგრძელდება. 

კლინიკა “ღია გულის” წარმომადგენელი გიორგი გრიგოლია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებს და გეგმური შეჩერებული აქვს. ექიმი გვეუბნება, რომ ცვლილების შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა საიტზე გამოქვეყნდა და მანამდე მათთან ან კლინიკების ხელმძღვანელებთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. დადგენილება კი 21 ნოემბერს შევიდა ძალაში. გიორგი გრიგოლიას თქმითვე, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია სამედიცინო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისებია და ტარიფების ცვლილება, სავარაუდოდ, შემდეგ უკვე ნეიროქირურგიასა და ტრავმატოლოგიას შეეხება, რომლებიც ასევე ძვირი ღირს. 

“გულზე ერთი ყველაზე მსუბუქი ოპერაცია რომ ავიღოთ, 9800 ლარი, რაც დადგენილი იყო სახელმწიფოს მიერ 2008 წელს, მაშინ ეს იყო დახლოებით 5600 დოლარი [მაშინდელი კურსით]. დღეს დადგენილი ტარიფი არის 8500 ლარი, ანუ 2800 დოლარი. ორჯერაა გაიაფებული ოპერაციის ფასი იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველაფერს უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ.. წამალს, კათეტერს. რა უნდა ვუთხრათ პაციენტს?! როგორ უნდა ვუმკურნალოთ… აღარ ვსაუბრობ კლინიკის მოგებაზე, მის განვითარებაზე, დანადგარების ამორტიზაციასა და სხვა. როცა ანესთეზიოლოგიის ნაწილზე დაზოგილ თანხაზე ვსაუბრობთ, ვზოგავთ ვის ხარჯზე?! კარგი ექიმი საზღვარგარეთ წავა, ექთანი დაბალ ხელფასზე ვეღარ იმუშავებს. პაციენტს რა ვუყოთ? როცა საუბარია რეანიმაციასა და კარდიოქირურგიაზე, აქ გადარჩენა- არგადარჩენაზეა საუბარი. მათ [სამინისტროს წარმომადგენლებმა] აგვიხსნეს, რომ ბიუჯეტი მცირდება, ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ეს სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს. მათ გვითხრეს, ვერ გადავადდება დადგენილება, რადგან ბიუჯეტი უნდა მიიღოთო”,-ამბობს გია გრიგოლია. 

თამარ გაბუნიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მხოლოდ რეანიმაციის ნაწილზე სამინისტრო ახალი ტარიფებით დაახლოებით 30 მლნ ლარის დაზოგვას გეგმავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა კლინიკა “ღია გული” თანამშრომელთა შემცირებას, გრიგოლია გვპასუხობს, რომ თუ მთავრობის დადგენილება არ გადავადდება, კლინიკას თანამშრომლებისთვის ხელფასის დაახლოებით 30%-ით შემცირება მოუწევს. 

 “ხუთი დღეა, რაც ეს ტარიფები ძალაში შევიდა და მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს ვაკეთებთ. ანუ მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებიც რომ არ გავაკეთოთ, პაციენტი დაიღუპება. გეგმური ოპერაციები შევაჩერეთ, ანუ ისეთი ოპერაციები, როცა პაციენტს შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეს 1-3 თვის ვადაში.  მაინც იმედი გვაქვს, რომ ამ ტარიფების შეცვლა მოხდება. შევაჩერეთ ისეთი გეგმური ოპერაციები, როგორებიცაა სარქველების გამოცვლა, სარქველების პლასტიკა. ამ ეტაპზე 5-6 პაციენტი გეგმურ ოპერაციას ელოდება. ამ ტარიფებში ვერანაირად ვერ ვჯდებით, მაგრამ გადაუდებელ პაციენტებს უარს ვერანაირად ვერ ვეტყვით”,-ამბობს ექიმი. 

#520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები მიუღებელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის “ევექსისთვისაც”. სამედიცინო კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოს ექვს რეგიონში 78 კლინიკას ფლობენ, თუმცა  ამ დრომდე უცნობი იყო მათი პოზიცია ახალ ტარიფებზე. “ევექსი” არ შედიოდა იმ 26 სამედიცინო დაწესებულებებაში, რომლებიც ახალი ტარიფების გადავადებას პრემიერს ღიად სთხოვდნენ.  ჰოსპიტალების გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი  არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს ახალი რეგულაციის გამო მათი ქსელის კონკრეტულმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვონ:

“ეს ფასები სრულიად მიუღებელია, არის უმეტეს შემთხვევაში ზარალის მომტანი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ შეხვედრა გვექნება სამინისტროში ალბათ და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ რაღაც სერვისებში უარი ვთქვათ საერთოდ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობაზე.  არც ფინანსურ დირექტორთან და არც არავისთან სამუშაო შეხვედრა არ გამართულა.

პირველად ფასები გავიგეთ  5 ნოემბერს, როდესაც გამოქვეყნდა. თუ საბოლოო ფასები დადასტურდა და არ მოხდა მათი გადახედვა, ჩვენ გადავთვლით საბოლოოდ და მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კომპონენტებში და კონკრეტული კლინიკების გასვლის თაობაზე, არა სრულად, რა თქმა უნდა”, -ამბობს ის.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრ ლევან კობერიძის თქმით, სამინისტრომ ჯერ უნდა განსაზღვროს სტანდარტი, ანუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო სერვისი, რაშიც სახელმწიფო ფულს იხდის, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწესდეს ფიქსირებული ტარიფი.

“ჯერ უნდა დაიწყოს ხარისხის სტანდარტის შემუშავება, ანუ იმ ხარისხის სტანდარტის, რომელიც განსაზღვრავს  კლინიკების ხარისხთან შესაბამისაობას. ანუ აქვთ თუ არა მათ იმის საშუალება, ადამიანური კაპიტალი და სხვა, რომ შემდეგში სელექტიური კონტრაქტირების ფორმატში იყვნენ ჩართულნი. ის კლინიკები, რომლებიც ამას ვერ დააკმაყოფილებენ, ან უნდა დაიხურონ, ან როგორც მინიმუმ ამ სელექტიურ კონტრაქტირებაში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღონ”,-ამბობს კობერიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით, საერთო ტარიფების ამოქმედების შემდეგ, სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლაც იგეგმება. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობას, მეტიც, საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება. სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლას სამინისტრო მას შემდეგ გეგმავს, რაც ყველა ნოზოლოგიურ კოდზე ტარიფი განისაზღვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი