ახალი ამბები

რამდენად კანონიერია მომიტინგეებისთვის შეშის წართმევა

26 ნოემბერი, 2019 • 1437
რამდენად კანონიერია მომიტინგეებისთვის შეშის წართმევა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორი სალომე ბარკერი, რომელსაც პოლიციელებმა 5 ნაჭერი შეშა წაართვეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ პოლიცია მოქმედებს პოლიციის შესახებ და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონების მიხედვით. თუმცა უწყება განცხადებაში არ აკონკრეტებს, კონრეტულად რომელ მუხლს ან/და ნორმას არღვევს პარლამენტის წინ შეშის მიტანა.

პოლიციის ამგვარ ქმედებას არაკანონიერად აფასებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ამომწურავი ჩამონათვალია, თუ რა ტიპის საგნების შეტანა არ შეიძლება მანიფესტაციის ტერიტორიაზე.

“მათ შორის არის ადვილადაალებადი საგნებიც, თუმცა შეშა თავისი შინაარსით და ცალკე აღებულად ამ ჩამონათვალში ვერ შევა. ადვილად აალებად საგნებში შეიძლება შედიოდეს ბენზინი, დიზელი ან სხვა ტიპის საწვავი, რომელიც ადვილად აალებადია.

ასევე შეიძლება იყოს სხვადახვა ნივთები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული ძალადობისთვის შეკრებასა და მანიფესტაციაზე, ოღონდ ამ ძალადობის რეალური საფრთხე უნდა არსებობდეს და, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ამბობს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ წარმოშობს რეალურ და არსებით საფრთხეს ამ ნივთების აქციაზე შეტანა“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონიდან ამონარიდი

მუხლი 11

1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

ე ) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 11​1  მუხლის მოთხოვნები .

3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და  სხვაგვარი ხელყოფა.

მშვენიერაძე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული წინაპირობა არ არსებობს და “ცხადია, რომ შეშას ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – აქციის მონაწილეების გათბობა“.

“ამ ტიპის შეზღუდვას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ეს იყო პოლიციის თვითნებობა – არა ინდივიდუალური პოლიციელების, არამედ მთლიანად, სისტემის თვითნებობა, იმისთვის, რომ  ადამიანებს არ განეხორციელებინათ საკუთარი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სრულყოფილად და მათი პროტესტი არ ყოფილიყო მძლავრი“, – განმარტავს მშვენიერაძე.

გარეკანი ფოტო: სალომე ბარკერის ფეისბუკ გვერდი

ამავე თემაზე

პოლიციამ სალომე ბარკერს 5 ნაჭერი შეშა წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი