ახალი ამბები

პოლიციამ სალომე ბარკერს 5 ნაჭერი შეშა წაართვა

26 ნოემბერი, 2019 • 3359
პოლიციამ სალომე ბარკერს 5 ნაჭერი შეშა წაართვა

აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, სალომე ბარკერს პოლიციელებმა შეშის 5 ნაჭერი წაართვეს; რამდენიმე წუთით ადრე პოლიციამ სხვა დემონსტრანტებსაც ჩამოართვა შეშის რამდენიმე ნაჭერი.

ინციდენტი რუსთაველის გამზირის ქვედა მხარეს, ერთ-ერთ ჩასახვევთან, 9 აპრილის ბაღთან დაიწყო დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, სადაც პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებს ჩამოართვეს შეშა და საბუთები მოსთხოვეს.

„რა აბსურდში ვცხოვრობთ, 5-6 ნაჭერი შეშა ჩამოართვეს და ამისთვის იჭერდნენ ერთ-ერთ დემონსტრანტს“, – ამბობს პირდაპირში სალომე ბარკერი.

მას შემდეგ, რაც პირველი შელაპარაკება დასრულდა, სალომე ბარკერი მიდის თანამოაზრეების მანქანასთან, იქიდან პარკით იღებს შეშას და უკან, პარლამენტისკენ ბრუნდება.

დაახლოებით ქაშუეთისა და პირველ გიმნაზიას შორის მონაკვეთზე მას პოლიციელები მიუახლოვდენენ, რომლებმაც არ მისცეს გადაადგილების საშუალება და შეშის წართმევას ცდილობდნენ.

„ვერ გაგატარებ… შეშას ვერ გაგატანთ“, – ისმის პოლიციელების ხმა. მის კითხვაზე, რომელი კანონიერი მოთხოვნით არ აძლევენ შეშის მიტანის უფლებას, არ პასუხობენ და ეუბნებიან, რომ „არ შეიძლება“. ისინი ვერც იმ კანონს ასახელებენ, რის საფუძველზეც შეშას არ ატანენ.

შემდეგ იქ დემონსტრანტებიც მიდიან, რამდენიმე მეტრს გარბის პარლამენტისკენ, თუმცა პოლიციელები დროებით აკავებენ და საბოლოოდ მაინც წაართვეს შეშის ნაჭრები.

მანამდე პოლიციამ სხვადასხვა ადგილას დააკავა ოთხი სატვირთო მანქანა, ასევე, ჩამოართვეს კასრები, რომლებიც ცეცხლის დასანთებად სჭირდებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი