ახალი ამბები

9 დეკემბერს ევროპის მოედანზე მსოფლიოში ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშას გავშლით — NGO-ები

6 დეკემბერი, 2023 • 1382
9 დეკემბერს ევროპის მოედანზე მსოფლიოში ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშას გავშლით — NGO-ები

9 დეკემბერს ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე ევროკავშირის რეკორდულად დიდი ზომის დროშა გაიშლება. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ. მათი თქმით, დროშის სიგრძე 33, სიგანე კი 22 მეტრი იქნება. გარდა ამისა, ორგანიზატორების თქმით, დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი, სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა.

“ამ დროშაზე წარმოდგენილი იქნება მთელი საქართველო – ვარსკვლავები იქნება საქართველოს თითოეულ კუთხეში შეკერილი და იქიდან ჩამოტანილი, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირისკენ სვლის გზაზე” – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მშვენიერაძე.

აქციამდე გაიმართება მსვლელობა, რომელიც 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. კერძოდ, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს, საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

“ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა გვინდა, რომ შეიკეროს ქართველი ხალხის ფულით, ამისთვის ვაქვეყნებთ ანგარიშს [GE54TB7800636080100026]. გვინდა, რომ ყველამ გადმორიცხოთ თუნდაც თითო-თითო ლარი და ამ ძალიან კარგ საქმეს მოხმარდება ეს ფული” ,- ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია.


14-15 დეკემბერს  ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27  ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი