საზოგადოება

„ოცნება“ ახალი „ამერიკელი რევოლუციონერის“ ძიებაში

8 აპრილი, 2023 • 2643
„ოცნება“ ახალი „ამერიკელი რევოლუციონერის“ ძიებაში

„არ ვიცი რისთვის ჩამოდიოდა, იქნებ ყაზბეგის დალაშქვრას აპირებდა“, — თქვა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსის შესახებ და კონსპირაციის ნაწილი უწოდა მოსაზრებას, თითქოს ამერიკელი კრიზის-მენეჯერის არშემოშვებასა და მოსამართლეთა სანქცირებას შორის რამე კავშირია.

მარშალ ქომინსის სახელი, რომელიც ქართულ საზოგადოებას არაფერს ეუბნება, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კონსპირაციის ახალი შემადგენელი ხდება.

რა ხდება?

საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკელი კრიზის-მენეჯერი, სტრატეგიული კონსულტანტი, ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მარშალ ქომინსი, რომელსაც „ოცნება“ „ახალ აკერმანს“ უწოდებს.

ამერიკის მოქალაქის არშემოშვების შესახებ მანამდე პროსახელისუფლებო მედიისა და „ექსპერტების“ გავრცელებული ინფორმაცია 6 აპრილს ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ქომინსი „დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან“.

პროსახელისუფლებო აქტორები, რომელიც მარშალ ქომინსის შესახებ ინფორმაციის პირველწყარო არიან, ცდილობენ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება დაუკავშირონ სწორედ რამდენიმე დღით ადრე ამერიკის მოქალაქის ქვეყანაში არშემოშვებას, რომელიც, მათივე მტკიცებით, „აკერმანის შემცვლელია“ და ადგილობრივ ოპოზიციას „ხელისუფლების დამხობაში ატრენინგებდა“.

სქრინები „იმედის“ ვებგვერდიდან

გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხეს, ქომინსი ეწეოდა თუ არა „აკერმანის მსგავს საქმიანობას“.

„აკერმანი აღარ არის ცოცხალი. დააყენეთ ის კაცი საფლავში. შეიძლება უარესსაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. ამერიკის საელჩო არ დაგვკავშირებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანი ახსენეთ და აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მასაც არ შემოვუშვებდით მას შემდეგ, რაც ის მხილებულ იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც იყო წარმოდგენილი“, — განაცხადა სუს-ის უფროსმა.

აკერმანი და ბაკურიანის შეხვედრა

2022 წლის 6-8 აპრილს, ბაკურიანში, სასტუმრო Rooms Kokhta-ში, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) ორგანიზებით, ამ ცენტრის დამფუძნებელმა პიტერ აკერმანმა შეხვედრა გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან და ოპოზიციურ პარტიებთან. აკერმანი არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის მეთოდებზე სემინარებს სხვადასხვა ქვეყანაში მართავდა. ის ასევე ასევე, დაესწრო თავისი წიგნის — The Checklist to End Tyranny — პრეზენტაციას. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აკერმანთან შეხვედრა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით.

„ქართული ოცნება“ მის მერე აპელირებს ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე და საუბრობს ხელისუფლების დამხობის „ბაკურიანის გეგმაზე“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აკერმანს უწოდა „ცნობილი რევოლუციონერი“, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, „რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში“.

პიტერ აკერმანი 2022 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა საქართველოს ხელისუფალთ მისი ხსენება არ შეუწყვეტიათ. „პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

„ახალი აკერმანი“

თვეების შემდეგ კი, ოპოზიციის „დესტრუქციული გეგმების“ ახალ ტრენერად „ოცნება“ მარშალ ქომინსს წარმოაჩენს.

ხელისუფლების მიერ „დესტრუქციულ ძალებად“ წოდებულ სუბიექტებთან ქომინსის კავშირის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს თანახმად, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტისას მარშალ ქომინსი ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსაც შეხვდა. „ნეტგაზეთმა“ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული შეხვედრა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

მარშალ ქომინსი სპეციალიზებულია სტრატეგიული კონსულტაციის, საერთაშორისო ადვოკატირების, კრიზისების მართვისა და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში. ქომინსის ოფისის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთისა და ევრაზიის სპეციალისტი კლიენტებთან მუშაობს ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელად. აქვს ურთიერთობა კლიენტებთან აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. ბოლო წლებში ის სულ უფრო მეტ დროს ატარებს სუბსაჰარულ აფრიკაში.

„ბაკურიანის შეკრებას“ უკვალოდ არ ჩაუვლია, სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის ტრენინგები გაიარეს პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ახალგაზრდებმა. შედეგად, სულ უფრო აგრესიული და რადიკალური გახდა ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციები, პიკეტები, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, სოციალურ ქსელებში და მედიაში იმატა სიძულვილის ენამ, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებამ, გაიზარდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ბულინგი, გაღრმავდა პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესის ორგანიზებას ახდენდნენ და აფინანსებდნენ ამერიკული ორგანიზაციები“, — აცხადებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, აკერმანის გარდაცვალების მერე „მოიძებნა ახალი ტრენერი — უფრო აგრესიული და რადიკალური მოქმედების სპეციალისტი ჯეიმსონ მარშალ ქომინსი, ევრაზიის საკითხებში ამერიკელი სპეციალისტი, რომელიც მარტის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა თბილისში“. ბოჟაძე ამბობს, რომ ქომინსი „უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლების დატრენინგებაში, მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა „ილიაუნის“ პროფესორ გიორგი მელაძესთან, რომელიც სტუდენტური მოძრაობა „ჯიუტების“ დამფუძნებელია.

„ფრანკლინის კლუბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გოგოლაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მარშალ ქომინსის შესახებ არც სმენიათ და მით უმეტეს, არასდროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ მასთან.

გიორგი მელაძე, რომელიც მარშალ ქომინსთან ნაცნობობას არ უარყოფს, ბოჟაძის ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განცხადება გაავრცელა „Canvas საქართველომ”, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ის არის.

„მთავრობის წარმომადგენლების სამიზნედ იქცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე, რომელიც 14 მარტს ექსტრემისტ ლიდერად მოიხსენია ირაკლი კობახიძემ. ხოლო 6 აპრილს მთავრობამ ამერიკის მოქალაქის არშემოშვების ფაქტი გიორგი მელაძესთან მის პირად ნაცნობობას დაუკავშირეს. აღნიშნულ შემთხვევაზე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში დაუგეგმავად ინიციირებული შეხვედრის ფორმატში და ეს საკითხი ჟურნალისტებმა წამოწიეს ამერიკის ელჩთან დისკუსიაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორკესტრირებული თავდასხმა მიზნად ისახავს მტრის ხატის შექმნას, სამოქალაქო აქტივიზმის იდეის დისკრედიტაციას და აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობას“, — აცხადებს „Canvas საქართველო” .

ორგანიზაციის თქმით, მათთვის ცნობილია სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე ღია და ფარული ზეწოლის არაერთი შემთხვევა და ყველას მოუწოდებენ, არ გაჩუმდნენ და ამხილონ სახელმწიფო მოხელეები და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა.

„ოცნება“ დასავლელი მტრების ძიებაში

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შეაფასა სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად.

ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ „საქართველოს სასამართლო სისტემაზე ჯერ არნახული შეტევის და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კლასიკური მაგალითის, მოსამართლეებზე სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის არშემოშვებაც იყოს“. ის, ისევე როგორც „ოცნების“ სხვა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი აპელირებენ საქართველოს სუვერენიტეტის და მშვიდობის დაცვაზე.

„უკვე ღია ომზე გადავიდა გლობალური ომის პარტია, გვებრძვიან ურჩობისთვის, არ ერიდებიან ქომინსის მსგავსი ადამიანების გამოგზავნას ქვეყანაში, რომ ქვეყნის ჩამონგრევა უკეთ ასწავლოს აქაურ დესტრუქციულებს. დიახ, არ შემოუშვეს, ვინაიდან გამართულად მუშაობს ჩვენი უშიშროების სისტემა და გაშიფრეს ბატონი ქომინსი. ასე იქნება მუდამ, საქართველოს მტრების ადგილი აქ არ არის“, — წერს ნინო ფოჩხუა, რომელსაც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ექსპერტად პოზიციონირდება.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩართვა სურს.

„ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს და რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. არ არის სასარგებლო, როდესაც საქართველოში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, მან არაფერი იცის მარშალ ქომინსის შესახებ და არც საქართველოში მისი არშემოშვების შესახებ სმენია სუსი-ის უფროსის განცხადებამდე.

„არავინ დაგვკავშირებია, ამ ინდივიდის [ქომინსის] ჩათვლით. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ, როდესაც საელჩოს დახმარებისთვის მოგვმართავენ. მაგრამ არ არსებობს საქართველოში ჩამოსული ყველა ამერიკელისთვის თვალ-ყურის მიდევნების საშუალება. ბევრ ამერიკელს სურს საქართველოში მოგზაურობა. ეს საოცარი ადგილია. არ ვიცი, ეს პიროვნება რისთვის ჩამოდიოდა, იქნებ ყაზბეგის დალაშქვრა სურდა?“ — განაცხადა დეგნანმა და დაადასტურა, რომ მოსამართლეების სანქცირებასა და ამერიკის მოქალაქის საქართველოში არშემოშვებას შორის აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არის.

„ოცნების“ ხელისუფლება ისე, როგორც ამას აკეთებს რუსეთის ხელისუფლება, ისე როგორც ამას აკეთებს ბელარუსის ხელისუფლება, როგორც აკეთებდა სერბეთის ხელისუფლება, იგონებს შეთქმულებებს და ამ შეთქმულებებით ცდილობს საზოგადოების დაბნევას და დაშინებას“, — ამბობს ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

ის ერთ-ერთია, ვინც პიტერ აკერმანთან ბაკურიანის შეხვედრაში მონაწილეობდა.

„სინამდვილეში არანაირი განსაკუთრებული შეხვედრა ბაკურიანში არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, სადაც მსჯელობა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ მომავალს საქართველოში, მისი ევროინტეგრაციის პროცესს და თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს. ხელისუფლებამ ეს შეხვედრა მონათლა როგორც შეთქმულება. მერე, ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილმა, დაახლოებით ისე, როგორც მოლა ნასრედინის იგავებშია, თავად დაიჯერეს ამ შეთქმულების რეალურობის. საკუთარ ტყუილს იმეორებენ, იმეორებენ და თან ერთმანეთს აშინებენ“, — ამბობს მშვენიერაძე.

ამ კონსპირაციის გაგრძელებად მიიჩნევს ის მარშალ ქომინსის ირგვლივ შემქნილ ვითარებას.

„საქართველოში არავინ იცის ვინ არის ეს ადამიანი. სავარაუდოდ, ის რაღაც კერძო ვიზიტით მოდიოდა და არ შემოუშვეს და აქაც ახალი შეთქმულების თეორია წარმოადგინა სახელმწიფომ, რომ საზოგადოება დაზაფროს და შეაშინოს, თითქოს ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან რაღაც შეთქმულებები არსებობს. ეს არის „გლობალური ომის პარტიის“ პროპაგანდისტული ციკლის გაგრძელება“, — აცხადებს მშვენიერაძე.

ის ხაზს უსვამს, რომ სინამდვილეში ყველა დასავლელ პარტნიორს, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას, სურთ დემოკრატია, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოში.

„ამას ემსახურება ყველა შეხვედრა თუ ინიციატივა, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ხორციელდება. და ვისაც ეს არ უნდა და ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის ის, ვინც ლანძღავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას და ლაპარაკობს იმავეს, რასაც კრემლი“, — დასძენს მშვენიერაძე.

ზოგადად, იურისტის თქმით, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არგუმენტაციის გარეშეც კი არ შემოუშვას ქვეყანაში, მაგრამ ამ შემთხვევაში იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს კონსულტანტი არ შემოუშვეს.

„ეს არის უბრალოდ ტყუილი და ამ ტყუილს იყენებს ხელისუფლება, რომ საზოგადოება დაზაფროს და საკუთარი მავნე ანტიქართული და ანტიდასავლური პოლიტიკა გაატაროს, საკუთარი პრობლემები მიაბრალოს ვიღაც სხვას“, — ამბობს იგი.

იმ დაშვებითაც, რომ აშშ-ის მოქალაქე ვინმეს კონსულტაციას უწევდა თუნდაც პროტესტის ორგანიზებაში, — თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაული არ იკვეთება, — ქვეყანაში არ შემოსვლის შეზღუდვას მისაღებ დემოკრატიულ პრაქტიკად არ მიიჩნევს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

„ამ ქვეყანაში აღიარებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამ პროცესის დაგეგმვაში დახმარება არ ითვლება უკანონო, ანტიკონსტიტუციურ ან საფრთხისშემცველ საქმიანობად. არ ვიცი, კონკრეტულად ქომინსი რა საქმიანობაში იყო ჩართული და საერთოდ უწევდა თუ არა ვინმეს კონსულტაციას, თუმცა ზოგადი პრაქტიკაა, რომ ადამიანებს, მათი პოლიტიკური შეხედულებების ან აქტიურობის გამო, მედიის წარმომადგენლებს ექმნებათ ბარიერები ქვეყანაში შემოსვლაზე“, — აცხადებს ქურდოვანიძე.

ეს ტენდენცია, ქურდოვანიძის თქმით, გამოიკვეთა Freedom Now-ს მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში „დაბრკოლებები საზღვრის კვეთის დროს და საქართველოში ცხოვრებისას იდენტიფიცირებული პრობლემები“, რომლის თანაავტორიც თავადაა.

კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლის სიმარტივის პარალელურად, საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც კრემლთან დაპირისპირებული ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვებს შეეხებოდა.

თუმცა ეს პირველი გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზეზით ქვეყანაში აშშ-ის მოქალაქის არშემოშვება დაადასტურა.

საქართველოში არ შემოუშვეს აშშ-ის მოქალაქე, რომელიც მანამდე მინისტრ დავითაშვილს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი