ახალი ამბები

ჩანს, რომ „შუმოკი“ ორკესტრირებულია – ადვოკატები სააკაშვილის კადრებზე

21 იანვარი, 2022 • 1097
ჩანს, რომ „შუმოკი“ ორკესტრირებულია – ადვოკატები სააკაშვილის კადრებზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მათ გააცნო სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის სრული კადრები, – რაც არ გამოქვეყნებულა, – და კადრები იმაზე მძიმეა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

მათი თქმით, კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ  „შუმოკი“ წინასწარ ორგანიზებული იყო და მის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები შურისძიება იყო.

„ჩანს, რომ ატყუებენ“

21 იანვარს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

„რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის“.

„ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს“, – განუცხადა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს.

„შუმოკი ორკესტრირებულია“

ნიკა გვარამიას თანახმადვე, „შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა“ და იქ ძალის გამოყენება ჩანს:

„რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, – რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსი ეფარება… რაც მთავარია, თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს სანახავად“.

„რაც მთავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ის ე.წ. შუმოკი“, – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე  ამბობს, რომ ჩანაწერებში გამოჩნდა ახალი დეტალები:

„ვიდეოჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის როგორ ხდება პატიმრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ორგანიზებული დახვედრა, ისმის ხმა – „ძმებო, მოვიდა“ თუ „ძმებო, დავიწყოთ“, – თქვა მშვენიერაძემ.

„უმძიმესი ტექსტები“

გვარამიამ ასევე თქვა, რომ ვიდეოჩანაწერებში ისმის [გიორგი] გიორგაძის ხმა, რომელიც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა:

„უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა, იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე, ის ხდებაო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი მშვენიერაძეც აცხადებს, რომ გიორგაძე სააკაშვილს ასე მიმართავს: „ეუბნება, რომ აი, ხმაური, რაც გესმით გარეთ, არის პასუხი იმაზე, რასაც აკეთებდით“.


პარლამენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

კანონპროექტის ინიცირება დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

უწყებამ იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის დააჯარიმა კიდეც.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება ლონდა თოლორაიას, სახელმწიფო ინსპექტორის დასჯას ცდილობს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2019 წელს შეიქმნა. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩიეს.გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი