ახალი ამბები

10 ათასი ლარი გირაო და მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვა – რა შეუფარდეს ჯიშკარიანს

11 ოქტომბერი, 2019 • 1222
10 ათასი ლარი გირაო და მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვა – რა შეუფარდეს ჯიშკარიანს

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომა კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში შედგა, სადაც ამჟამად ილია ჯიშკარიანი მკურნალობს.

თამთა თოდაძის ინტერესის დამცველები დეპუტატისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა პროკურტაურამ ეს არ გაითვალისწინა.

პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯიშკარიანს საქმის დასრულებამდე აკერძალა მსხვერპლთან მიახლოება და დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

იაკობიძის თქმით, მათი შეფასებით აღკვეთის ეს ღონისძიებები სრულად შეესაბამება დასახული მიზნის მიღწევას.

“თუ რომელიმე მოთხოვნა დაირღვევა, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს უფრო მკაცრი მოთხოვნით”, – თქვა პროკურორმა.

თამთა თოდაძის ადვოკატ თამუნა ლუკავას თქმით, პროკურატურის პოზიცია გაუგებარია. მისი განმარტებით, პროკურორმა თავად აღიარა შუამდგომლობაში, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა გაკონტროლდეს, როდის შეხვდება და რა კომუნიკაცია ექნება ჯიშკარიანს თავის თანამშრომლებთან და მეზობლებთან. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ეს პირები არიან მოწმეები, რომლებთან კომუნიკაციაც სპეციალური ნებართვის გარეშე სასამართლომ ჯიშკარიანს აუკრძალა.

საქმის არსებითი განხილვა 18 ნოემბერიდან დაიწყება.

ამავე თემაზე

პატარაიას 3 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს წინასწარი პატიმრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი