სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მონიტორინგის ანგარიშში ამბობს, რომ გასაუბრების პროცესში უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ ფიქსირდებოდა სქესის ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
ანგარიშში ომბუდსმენი განმარტავს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში თვალსაჩინო იყო ცალკეული მოსამართლე წევრების მხრიდან ჯანეზაშვილისა და დოლიძის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება.
“არამოსამართლე წევრების მიმართ აგრესია და ცინიკური დამოკიდებულება ასევე გამოავლინა ორმა კანდიდატმა – ვლადიმერ კაკაბაძემ (მოქმედი მოსამართლე) და პაატა შავაძემ (მოქმედი ადვოკატი). ვლადიმერ კაკაბაძე მოცემული მომენტისათვის პარლამენტისადმი წარდგენილ კანდიდატთა სიაშია“, – ნათქვმია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ამასთანავე, ანგარიშში სახალხო დამცველი კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს, კერძოდ კი, მოსმენათა ხანგრძლივობას. ომბუდსმენი ამბობს, რომ თავდაპირველად საბჭომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში 5 კანდიდატის მოსმენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ სამს მოუსმინა.
მოსმენები ამ სახით 8 სამუშაო დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 29 ივლისიდან კი საბჭო დღეში 2 კანდიდატს უსმენდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საბჭოში მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა სამუშაო დღის განმავლობაში გასაუბრებების ხანგრძლივობა და მისი დასრულების დრო. 17 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გასაუბრებები იწყებოდა დაახლობით, 10:00 საათზე და სრულდებოდა 20:00-დან 22:00 საათამდე შუალედში.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უთითებდნენ, რომ ვინაიდან მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ყოველდღიურ რეჟიმში, არასამუშაო საათებში მიმდინარეობის პრაქტიკა მათ აყენებდათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სქესის ნიშნით.
საბოლოოდ, ეს პრაქტიკა საბჭომ შეცვალა. ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფორსირებულ რეჟიმში ფუნქციონირებდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების გამო. თუმცა ამ დროსაც არსებობს რიგი გარემოებები, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ეს გარემოებები, მშობლის ანდა ზრუნვის განმახორციელებელი პირების საჭიროების გათვალისწინების გარდა, მოიცავს თავად პროცესის სხვა მონაწილეთა ინტერესების დაცვის საჭიროებასაც. დღის განმავლობაში გასაუბრებების 12-საათიან რეჟიმში წარმართვა ართულებს პროცესის ეფექტურობას. ამასთან, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად არათანაბარი დამოკიდებულებაც კანდიდატების მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაუბრებების გვიან ღამით ჩატარებას მეტი ზიანი მოჰქონდა მთლიანად პროცესისათვის, ვიდრე სარგებელი.
სახლხო დამცველი ასევე ამბობს, რომ პროცესის განმავლობაში თვალსაჩინო იყო საბჭოს ცალკეული მოსამართლე წევრების არაკორექტული დამოკიდებულება არამოსამართლე წევრების – ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ.
“მათ ხშირად აწყვეტინებდნენ შეკითხვებს და წამოძახილებით უშლიდნენ ხელს საქმიანობის განხორციელებაში. ამის მიუხედავად, არამოსამართლე წევრები ახერხებდნენ კანდიდატებისადმი შეკითხვების დასმას. როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან ისმებოდა შეკითხვები სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თითქმის ყოველთვის ვლინდებოდა მომეტებული აგრესია“, – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ანალოგიურ საკითხზე არამოსამართლე წევრების მიმართ აგრესია და ცინიკური დამოკიდებულება გამოავლინა ორმა კანდიდატმა – ვლადიმერ კაკაბაძემ (მოქმედი მოსამართლე) და პაატა შავაძემ (მოქმედი ადვოკატი). ვლადიმერ კაკაბაძე მოცემული მომენტისათვის პარლამენტისადმი წარდგენილ კანდიდატთა სიაშია.
“სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობის საკითხზე კრიტიკული პოზიცია ჰქონდათ თამარ ლალიაშვილს და როინ მიგრიაულს (მოქმედი ადვოკატი). ამ ორმა კანდიდატმა მიიღო ყველაზე დაბალი შეფასება 50 კანდიდატს შორის, ასევე, ყველაზე მეტი უარყოფითი შეფასება კეთილსინდისიერების კრიტერიუმში“.
მანამ, სანამ სახალხო დამცველი ამ ანგარიშს გამოაქვეყნებდა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენი მისი და დოლიძის მიმართ მოსამართლეების მხრიდან გამოვლენილ სექსისტურ დამოკიდებულებაზე არ რეაგირებდა. ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული დამოკიდებულება უკვე 2 წელია რაც გრძელდება და მიუხედავად არაერთი საჯარო მიმართვისა, სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
ვრცლად ამ თემაზე: