ახალი ამბები

ომბუდსმენი არ გამოხმაურებია მოსამართლეების მხრიდან ჩემზე მომართულ სექსისტურ განცხადებებს – ჯანეზაშვილი

4 ოქტომბერი, 2019 •
ომბუდსმენი არ გამოხმაურებია მოსამართლეების მხრიდან ჩემზე მომართულ სექსისტურ განცხადებებს – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი საჯარო მიმართვისა, სახალხო დამცველი მოსამართლე წევრების მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ სექსისტურ განცხადებებს არ გამოხმაურებია.

ჯანეზაშვილმა ამის შესახებ პირველად ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ტექსტში ისაუბრა, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძის სექსისტური შეფასებები არაერთმა პოლიტიკოსმა თუ საჯარო თანამდებობის პირმა გააკრიტიკა, მათ შორის ომბუდსმენმა.

ჯანეზაშვილი წერს, რომ გაუხარდებოდა, მსგავსი გამოხმაურება მის წინააღმდეგ წარმოებულ სექსისტურ კამპანიასაც მოჰყოლოდა.

“ძალიან გამიხარდებოდა, ეუთოს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ვინმეს ხმა ამოეღო. არც მინისტრებისგან, არც სახალხო დამცველისგან, ამ თემაზე რაიმე გამოხმაურება მე არ მახსენდება”.

 

ჯანეზაშვილის კრიტიკა და ომბუდსმენის პასუხი

ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან ჰყვება, რომ 2 წლის განმავლობაში, მათ შორის, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს, ის არაერთხელ ყოფილა სექსისტური და დისკრიმინაციული მიდგომების მსხვერპლი. ის ამბობს, რომ მის მიმართ ითქვა ისეთი ფრაზებიც, როგორიცაა – “წადი, ბავშვებს მიხედე“ ან “წადი, ბავშვები გაზარდე“.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი განმარტავს, რომ სექსისტურ და დისკრიმინაციულ განცხადებებზე მოსამართლე წევრების მხრიდან საუბარია ეუთოს ანგარიშშიც. რაც შეეხება, სახალხო დამველს, ის ამბობს:

“რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესს, რომელსაც აკვირდება სახალხო დამცველი და პირველადი ანგარიშიც გამოაქვეყნა კენჭისყრასთან დაკავშირებით – კარგია, რომ [პროცესი] სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მე მქონდა იმედი, რომ სახალხო დამცველი იქ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურებოდა და დაგვიცავდა.

მე მას მივმართე დასაცავად, როდესაც მოსამართლეების მხრიდან ჰქონდა ადგილი ასეთ მასშტაბურ, რეგულარულ სექსისტურ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რომელიც ხშირად შევიწროებადაც შეიძლება იყოს შეფასებული,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე განმარტებით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, სახალხო დამცველის აპარატს მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია, რისი მიზეზიც მისთვის გაუგებარია.

“ისეთი მრავალფეროვანია მათი დამოკიდებულება და განცხადებები, რომ შეფასება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს სახალხო დამცველს. მით უმეტეს, მას ამ სფეროში – დისკრიმინაციის მიმართ და ზოგადად, გენდერულ საკითხებში ძალიან კარგი თანამშრომლები ჰყავს აპარატში. მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც არის სიჩუმე,“ – ამბობს ჯანეზაშვილი და ამატებს, რომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უნდა.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე საუბრობს ხაზარაძის გუშინდელ სექსისტურ განცხადებაზე, რომელსაც, ლომჯარია იმავე დღეს გამოეხმაურა.

“მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, მაგრამ როგორც კი დავინახე გუშინ, რომ ერთ-ერთი მინისტრის – რომლის ძალაუფლებაც ძალიან მაღალია და რომლის მხარდამჭერები მთავრობაში მრავლად არიან – დასაცავად მაშინვე გამოვიდა სახალხო დამცველი… ეს კარგია, მან ის უნდა დაიცვას, მაგრამ რატომ უნდა დახუჭოს თვალი სხვა რაღაცებზე“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

არამოსამართლე წევრი განმარტავს, რომ მოსამართლე წევრების სექსისტური განცხადებები ორმაგად საყურადღებოა, ვინაიდან მოსამართლეს “უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს“ და სხვა საქმეებთან ერთად მსგავსი საქმეები განსახილველად სწორედ მათთან მიდის.

ჯანეზაშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ცქიტიშვილისგან განსხვავებით, მხარდაჭერა არც მთავრობის წარმომადგენლებისგან მიუღია. მამუკა ხაზარაძის კომენტარი მაია ცქიტიშვილის მიმართ დაგმო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ასევე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ეუთოს კვლევას, რომელზეც ჯანეზაშვილი საუბრობს, მის ერთ-ერთი ნაწილში წერია:

ODIHR-ის დაკვირვებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ხასიათდებოდა უკიდურესი შიდა განხეთქილებით და დაპირისპირებით, რაც გამოწვეული იყო საბჭოს წევრების ორ ბანაკს შორის არსებული მწვავე დაძაბულობით. ამ ორ ბანაკს შორის ხშირად წამოიჭრებოდა ანტაგონისტური კამათი, რომელიც ყოველ ჯერზე 30 წუთამდე გრძელდებოდა. ეს ხდებოდა მრავალგზის, ყოველი გასაუბრების დროს. კამათი ეხებოდა როგორც პროცედურულ, ისე არსებით საკითხებს. შელაპარაკებები იყო ხმაურიანი და აგრესიული.

რამდენიმე წევრი ერთდროულად უყვიროდა ერთმანეთს. ეს გადაძახილები შეიცავდა პირად შეურაცხყოფებს, ღვარძლიან ბრალდებებს და დამამცირებელ კომენტარებს, რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო. სხდომის მოქმედი თავმჯდომარე ზოგადად არ ცდილობდა წესრიგის და ეტიკეტის უზრუნველყოფას სხდომების დროს, კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში. ზოგჯერ გასაუბრება დროზე ადრე მთავრდებოდა იმის გამო, რომ დაპირისპირება უკონტროლო ხდებოდა. საბჭოს წევრების მიერ კანდიდატებისთვის დასმული ზოგი კითხვა აშკარად მიმართული იყო საბჭოს სხვა წევრების გამოწვევისკენ და დისკრედიტაციისკენ, ან გამოიყენებოდა როგორც სასამართლო ხელისუფლების და კანდიდატების წარდგენის პროცესის შექების, ან პირიქით, გაკრიტიკების საშუალება.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების შემდეგ სახალხო დამცველმა ფეისბუკზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

https://www.facebook.com/nino.lomjaria.1/posts/10156555315501347

ჯანეზაშვილი ამ განცხადებაზე ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კვირების განმავლობაში გრძელდებოდა და იმ შემთხვევაში, თუკი ომბუდსმენის გამოხმაურება დროული იქნებოდა, შესაძლოა, რაღაცები შეცვლილიყო.

“შორიდან ყურება და რამდენიმე თვის შემდეგ ანგარიშის გამოქვეყნება რამდენად ეფექტიანია, ეს ცალკე საკითხია. საჭირო იყო დროული რეაგირება, მით უმეტეს, რომ ჩემ მიმართ დისკრიმინაციული განცხადება მხოლოდ მოსამართლეთა შერჩევის დროს არ ფიქსირდებოდა, არამედ მანამდეც ხდებოდა და ამაზე სახალხო დამცველს არაფერი უთქვამს”,- ამბობს ჯანეზაშვილი.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს. რომელმაც თქვა, რომ სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მანამდეც აფასებდა, რაც შეეხება სექსიზმისა და მოსამართლეთა შერჩევის ნაწილს, ის განმარტავს:

“ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა და ეს საჯაროდ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ჩვენ ამ პროცესს შევაფასებდით სპეციალური ანგარიშის ფარგლებში. შესაბამისად, იქ იყო თუ არა სექსისტური განცხადება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე ვიმსჯელებთ სპეციალური ანგარიშის ფარგლებში და ცალკე ამასთან დაკავშირებით გამოხმაურება არ გვქონია.

გუშინდელ განცხადებას რაც შეეხება, ხაზარაძის განცხადებაზე სპეციალური გამოხმაურება გიწევს მაშინ, როდესაც ის რაიმე პროცესის ნაწილი არ არის, რომელსაც ისედაც აფასებ ამ შემთხვევაში. ასეთი შემთხვევა იყო ხაზარაძის. სხვა შესაძლებლობა, გარდა განცხადებისა, სახალხო დამცველს არ მიეცემოდა, რომ შეეფასებინა. ასე რომ, სწორად ეს მექანიზმი გამოიყენა სახალხო დამცველმა. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით სხვანაირად იმსჯელებს“,- ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი