საზოგადოებასამართალი

„ოცნებამ“ იუსტიციის საბჭოში ყველა ვაკანტური პოსტი დააკომპლექტა — რას ნიშნავს ეს

17 ოქტომბერი, 2023 • 1684
„ოცნებამ“ იუსტიციის საბჭოში ყველა ვაკანტური პოსტი დააკომპლექტა — რას ნიშნავს ეს

„ოცნებამ“ დღეს იუსტიციის საბჭოში ყველა ვაკანტური პოსტი დააკომპლექტა — რას ნიშნავს ეს მოქალაქეებისთვის? შეასრულა თუ არა ამით საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები თუ პირიქით, გააძლიერა სასამართლოს სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები “კლანს” უწოდებენ?

დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ორი არამოსამართლე წევრი, გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია. ამჯერადაც საბჭოში ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების არჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით შეძლო.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთივე ვაკანტური პოსტი შეივსო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრები ოპოზიციის მხარდაჭერით აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საბჭოში ასარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობდა. 2023 წლის გაზაფხულზეც, მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა, უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, კიდევ ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ) მიიღო და საბჭოში სამი წევრი, ჯამში, 93 ხმით აირჩიეს.

აღნიშნული უკვე შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრით, საქართველომ „ევროდავალების“ ეს პუნქტი „სრულად ჩახურა“. თუმცა მდინარაძისგან განსხვავებული შეფასებები აქვთ მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მექანიკური შერჩევა ვერ ჩაითვლება ევრორეკომენდაციის შესრულებად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი მდინარაძის ამგვარ შეფასებას ცინიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავარია შინაარსი და არა — ფორმალობა. ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ერთ-ერთი პირი გოგა კიკილაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტმა საბჭოში დაამტკიცა, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საფუძვლის შექმნას დაუჭირა მხარი:

ნაზი ჯანეზაშვილი

„გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მათი უმრავლესობის აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ამით გზა გაუხსნეს საქართველოს პარლამენტს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა განახორციელონ და, ამავდროულად, მეორე დღესვე ამ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილი საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩია.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტმა გადადგა დემონსტრაციული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ძალაუფლება. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ მოსამართლეებს არ მიუღიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ იმპიჩმენტს. მათ ამ დღევანდელი ნაბიჯით პირდაპირ აჩვენეს, რომ ეს არის ერთი მთლიანი სისტემა. ერთი მხრივ, ხვიჩა კიკილაშვილი იღებს პარლამენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტი მეორე დღეს იღებს მისი ოჯახისთვის, შვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი და არღვევს როგორც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა, როგორც ჯანეზაშვილი აღნიშნავს, როდესაც ევროკომისიამ ეს პირობები საქართველოს წარუდგინა, ის არ გულისხმობდა, რომ არამოსამართლე წევრები პარლამენტს ნეპოტიზმის, გარიგების ან კლანურობის პრინციპით აერჩია.

„სასამართლოს გუშაგის“ თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის დროც, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ ნეგატიურ გზავნილებს უშვებს ბრიუსელში, სადაც რამდენიმე კვირაში ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს:

„იმპიჩმენტიც მათ დაიწყეს და ეს არჩევნებიც მათ დაამთავრეს. ამ ყველაფერს ახლა აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გზავნილები, რა თქმა უნდა, მიდის ბრიუსელში და, სამწუხაროდ, ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასებები“ ,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ ფორმალურად, „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თანაც, მაღალი კვორუმით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუმცა იურისტი აღნიშნავს, რომ არჩეული 5 წევრიდან ვერც ერთი უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ზედამხედველობასა და ჩართულობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში:

„ფორმალურად, შეიძლება ითქვას, რომ კი, დაკომპლექტებულია და ხუთივე არამოსამართლე წევრი არჩეულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ მექანიკური შერჩევა ხომ არ უნდა მომხდარიყო. მთავარი იყო, როგორი ხალხით დაკომპლექტდებოდა საბჭო. ჩვენი აზრით, არცერთი არამოსამართლე წევრი არ უზრუნველყოფს იმ საზოგადოებრივი ზედამხედველობის და ჩართულობის უზრუნველყოფას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც არამოსამართლე წევრებს აკისრიათ“, – აცხადებს გურო იმნაძე.

მისი თქმით, ვერც ერთი ეს კანდიდატი პარლამენტში გასაუბრებაზე ვერ ბედავდა, პირდაპირ ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს სასამართლო სისტემაში. კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის თქმით, ვერც ერთი მათგანი საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიზების რისკებს, კორპორატივიზმსა და არაფორმალურ მმართველობას. იურისტის თქმით, ისინი ამჯობინებდნენ, აქცენტი გაეკეთებინათ წმინდად ადმინისტრაციულ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოების გადატვირთულობა და ა.შ. თუმცა ვერც ამ პრობლემის მიზეზად ასახელებდნენ არასწორ მენეჯმენტსა და სისტემის ჩაკეტილობას.

გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი საკმაოდ მაღალი კვორუმით, 3/5-ის უმრავლესობით ირჩევს:

„ფორმალურად, ეს კვორუმი შევსებული აქვს პარლამენტს. ევროკავშირის მხარეს დიდი სივრცე არ აქვს ინტერპრეტაციისთვის და ალბათ მაგ ნიუანსებში გაუჭირდებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესვლა, ეს კონსენსუსი რამდენად ფართო იყო, ან რამდენად რეალური იყო. ფაქტი იყო, რომ ის ფორმალური საჭიროება, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებდა და რაც ისედაც ობიექტურად მაღალი კვორუმია, ეს დაკმაყოფილებულია.

თუმცა, რეალურად, ეს კანდიდატები არც ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერით სარგებლობენ იმიტომ, რომ არც სამოქალაქო ორგანიზაციები, არც პროფესიული ჯგუფები, მათი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, და პოლიტიკურ სპექტრშიც დიდი ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ ვიცით, ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან. დიდი ალბათობით აღმოჩნდება, რომ არც მათი მხარდაჭერა აქვთ ამ კანდიდატებს და აქ ასევე სიმპტომატურია, წინა ჯერზე როგორ აირჩია ის სამი კანდიდატი – დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებით და რაღაც გარიგებით დათანხმდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები და მერე მათ ბოდიშების მოხდა მოუწიათ, ჩვენც არ ვიცოდით ვის ვუჭერდით მხარსო. ამის გამო კი, საბოლოო ჯამში, ფრაქციის დატოვებაც მოუხდათ“, — ამბობს გურო იმნაძე.

იმნაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მკაფიო და მზარდი კრიტიკის შემცველ შეფასებებს იღებს როგორც ვენეციის კომისიის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორებისგან და ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება აღიარებდეს მაინც სისტემაში პრობლემების არსებობას, პირიქით, „კლანის“ გაძლიერების გზას ირჩევს:

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ამ პრობლემების მოგვარებას და მინიმუმ აღიარებდეს მაინც, რომ რაღაც კუთხით არსებობს გამოწვევები, ვხედავთ აბსოლუტურ იგნორირებას ამ პრობლემების და პირიქით, იმ გზის გაგრძელებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმსა და ჩაკეტილობას. ეს 5 არამოსამართლე წევრი ვერანაირად გააჯანსაღებს სასამართლოს შიგნით ვითარებას და ვერანაირად შეამსუბუქებს იმ ათეულობით მოსამართლის გამოწვევებს, რომლებსაც ისინი უმკლავდებიან სისტემის შიგნით“, — აღნიშნავს იურისტი.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი