ახალი ამბებისამართალი

როგორ უნდა აღმოიფხვრას კორპორატივიზმი? — ხედვები იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზე

30 ნოემბერი, 2023 • 1436
როგორ უნდა აღმოიფხვრას კორპორატივიზმი? — ხედვები იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზე

მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმირებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს აქვეყნებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბჭოს რეფორმირება, რომელიც ფაქტობრივად, გასამართლო სისტემის მმართველი ორგანოა, ევროკომისიის ერთ-ერთ მთავარ მოწოდებად რჩება, თუმცა ხელისუფლებას ამ კუთხით ნაბიჯები არ გადაუდგამს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებების საჭიროებასა და გადასადგმელ ნაბიჯებზე ბოლო წლებში ვენეციის კომისიამ არაერთი მოსაზრება გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ მათთვის ბუნდოვანი იყო, რას ითხოვდა ევროკომისია და დასაზუსტებელი იყო, კონკრეტულად რა რეფორმების გატარება იყო მიზანშეწონილი.

რატომ არ შეეხო ფორმალური რეფორმაც კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგაც დარჩა, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა 2023 წლის ნოემბერში. შეფასების დოკუმენტში გაჩნდა ახალი ჩანაწერიც სასამართლო სისტემაში გავლენიან თანამდებობებზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების შეფასების საჭიროებაზე. სწორედ ამას ეხება „სასამართლოს გუშაგის“ პირველი რეკომენდაციაც.

თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმება

  • საქართველოს სასამართლოს გუშაგს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის პირობების შესასრულებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგანგებო სისტემის შექმნის საკითხი (ინკლუზიური პროცესის საფუძველზე), რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც თავადაც იკავებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობას, აღნიშნავს, რომ საბჭოს რეფორმირებაზე ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ფართო მსჯელობაც არ გაუმართავს.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული ეს მექანიზმი სისტემაში კლანური მმართველობის შეზღუდვისკენაა მიმართული და განხორციელების შემთხვევაში, ძირეული გავლენა ექნება საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების პროცესზე.

რას გულისხმობს სასამართლოზე ევროკომისიის ახალი რეკომენდაცია 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა

  • შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა იმგვარად, რომ წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ არამოსამართლე წევრები.
  • დაიხვეწოს ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს არამოსამართლე წევრობის კანდიდატის წარმდგენი სუბიექტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. კერძოდ, დამატებით კრიტერიუმად განისაზღვროს, რომ წარმდგენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ჰქონდეს საქმიანობის (პროექტების, კვლევების) განხორციელების გამოცდილება მართლმსაჯულების სფეროში, არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს იურიდიული პრაქტიკის გამოცილება, შეუძლია წარადგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ან საქართველოს პრეზიდენტთან.

ჯანეზაშვილის თქმით,  ფორმალურად ამ კრიტერიუმებს თითქმის ყველა აკმაყოფილებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაარეგისტრიროს იურიდიული სუბიექტი:

„ექნება წარმოებაში 3-4 საქმე და ის არის ლეგიტიმური სუბიექტი, რომ წარადგინოს კანდიდატი. ჩვენი შეთავაზებაა, რომ შემოვიდეს ასეთი კრიტერიუმი, რომ ამ სუბიექტებს ჰქონდეთ მართლმსაჯულების საკითხებზე პროექტების და საქმიანობის გამოცდილება. ვფიქრობ, ეს იქნებოდა გამოსავალი, რომ არა უბრალოდ იურიდიული პირების დასახელებული კანდიდატები იყვნენ, არამედ ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, თუ ეს წესი შეიცვლება, ამას უნდა მოჰყვეს საბჭოს შემადგენლობის იმგვარი ცვლილება, რომ უმრავლესობაში არამოსამართლე წევრები იყვნენ:

„მე ვფიქრობ, ეს შესძენს მრავალფეროვნებას სისტემას, თუ დამოუკიდებელი წევრები იქნებიან, კლანური ძალაუფლება ვეღარ იქნება გატარებული. დღეს მისამართლეები არიან ანგარიშვალდებული საბჭოში ლევან მურუსიძის წინაშე. გასაუბრებაზე რომ გამოდიან, მურუსიძეს ხედავენ, რომელიც მათ გვერდით ზის კაბინეტში. ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაში კი გასაუბრების დროს გამოსვლა მოუწევთ პრაქტიკულად უცხო ადამიანების წინაშე. სულ სხვა ხალხი შეაფასებს მათ საქმიანობას და, მეორე მხრივ, სხვა პერსპექტივას, ხედვებს და გამოცდილებას შეიძენს,“ — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევა

  • სავალდებულო გახდეს საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ საკუთარი ხედვის და მოსაზრების წარდგენა მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, კანონში ჩაიწერა, რომ კანდიდატს შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე საკუთარი ხედვა წარადგინოს, თუმცა ეს აკრძალული არც მანამდე ყოფილა:

„გულწრფელად რომ გითხრათ, ხედვებს ნებისმიერი ადამიანი წარმოადგენს, თუ დავავალდებულებთ ამას. ბოლო-ბოლო ერთ გვერდს დაწერს და წარადგენს კონფერენციაზე, როდესაც აირჩევენ, მაგრამ აქ ერთი რამ არის. საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ეს ფორმა და ჩაწერა, რომ შეუძლია წარადგინოს ხედვები. შეუძლია ნიშნავს იმას, რომ მანამდე რაც ეწერა, იმის ანალოგიურად დარჩა.

ნებისმიერ ადამიანს მანამდეც შეეძლო ხედვების წარდგენა. ეს აკრძალული ისედაც არ იყო. აქ ის საკითხია, რომ კომფორტს უქმნიან რამდენიმე მოსამართლეს, რომელიც მომავალში პოტენციურად შეიძლება გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომ მათ არ მოუწიოთ ტრიბუნასთან გამოსვლა, ლაპარაკი, კითხვებზე პასუხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა;

„სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ძალაუფლების განაწილების პრინციპის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორ ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ერთი და იგივე პირი არ დაინიშნოს:

„როგორც იცით, წლების წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე თავმჯდომარე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ერთი და იგივე პირი ორ სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. შემდეგ ცვლილებები შევიდა ამ კუთხით და გაიმიჯნა თითქოს, საბჭო ირჩევს თავად თავმჯდომარეს, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რომ საბჭომ თავმჯდომარედ აირჩია ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ვფიქრობთ, რომ აქ უნდა ჩაიდოს აკრძალვა.

ვფიქრობ, აკრძალული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში პრობლემური იქნება. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი ხედვა ფაქტობრივად არის ისიც, რომ თავმჯდომარესთან დაკავშირებით რომ შეიზღუდოს მისი უფლებამოსილების ვადა“, — აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს არამოსამართლე წევრი და შემცირდეს მისი უფლებამოსილების ვადა.

ამასთან, „სასამართლოს გუშაგში“ მიიჩნევენ, რომ გასათვალისწინებელია „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საბჭოს თავმჯდომარედ არამოსამართლე წევრი იქნას არჩეული.

საბჭოს მდივანი

  • გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინსტიტუტი. იუსტიციის საბჭოს მდივნად არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის მოქმედი მოსამართლე, ამასთან, მისი მანდატი შემოიფარგლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, რომელიც არ მონაწილეობს საბჭოს სხდომებში ხმის უფლებით.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ არსებული მოდელით საბჭოს მდივანი არის როგორც საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, ასევე ამავე ორგანოში ხმის უფლების მქონე წევრი, რაც „სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, უფლებამოსილების აღრევაა.

„სასამართლოს გუშაგში“ მიიჩნევენ, რომ საბჭოს მდივანი არ უნდა იყოს მოქმედი მოსამართლე, რომელსაც პოლიტიკის განმახორციელებელი უფლებამოსილებაც გააჩნია:

„მაგალითისთვის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ინფორმაციას არ გვაწვდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სულ გვიჩნდება კითხვა, ეს არის აპარატის კონკრეტული თანამშრომლის უპასუხისმგებლობა თუ მდივნის დავალება, რომელსაც აქვს თავისი ხედვები და ინტერესები“, — აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

გადაწყვეტილების მიღების წესი

  • შეიცვალოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ნაცვლად ამისა, განისაზღვროს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

„სასამართლოს გუშაგის“ თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც 15 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, საკითხების უმრავლესობაზე გადაწყვეტილების მიღება სრული შემადგენლობის 1/3-ს, ანუ 5 წევრსაც შეუძლია. ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი საბჭოს კომპეტენციით გაწერილი საკითხების თითქმის 90%-ია:

„დღეს საბჭოს შეუძლია, გადაწყვეტილება დამსწრეთა უმრავლესობით მიიღოს, რაც არის მინიმუმ ხუთი ადამიანი. გამოდის, რომ შემადგენლობის 1/3-ს შეუძლია ყველა გადაწყვეტილება მიიღოს გარდა დანიშვნებისა, დისციპლინური წარმოებისა და ისეთი საკითხებისა, რასაც შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.

დანარჩენ ყველა საკითხზე, რაც დაახლოებით საბჭოს მიერ განხილულ საკითხთა 90%-ია, გადაწყვეტილების მიღება შეუძლია 5 ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ წევრი არის 15. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საბჭო გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა იღებდეს და არა დამსწრეთა უმრავლესობით“, — აღნიშნავს იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობა

  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაზუსტდეს და მკაფიოდ განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომების დღის წესრიგზე თანდართული, განსახილველი დოკუმენტების გამოქვეყნება.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებები რეგლამენტით დადგენილი ვადების დაცვით განათავსოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, მნიშვნელოვანია, იუსტიციის საბჭომ უზრუნველყოს დღის წესრიგების, სხდომის ოქმების, სხდომების დროული გამოქვეყნება.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშები.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია ოფიციალური ონლაინპლატფორმების მეშვეობით.

„სასამართლოს გუშაგი“ მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით საბჭოში მძიმე ვითარებაა და ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულება ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

საბჭოს აპარატი

  • გადაიხედოს იუსტიციის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა, დეპარტამენტების ფუნქცია-მოვალეობები და მათი კომპოზიცია.
  • უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესარჩევი კონკურსების გამჭვირვალობა, კერძოდ, საჯარო გახდეს ინფორმაცია კანდიდატებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესში დამოუკიდებელი გარე წევრების ჩართულობა.
  • შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების საქმიანობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მენეჯმენტის დეპარტამენტის საქმიანობა რამდენად შეესაბამება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს.
  • პერიოდულად მომზადდეს და გამოქვეყნდეს საბჭოს დეპარტამენტების საქმიანობის ანგარიშები.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ საბჭოს სტრუქტურა მთლიანად უნდა გადაიხედოს და შეფასდეს, თუ რამდენად მოქნილია ის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის თქმით, ბოლო წლებში საბჭოს არაერთი სტრუქტურა დაემატა, თუმცა სისტემა კვლავ ჩაკეტილია და თუნდაც ერთ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტების ხელმძღვანელების დანიშვნისას საჭიროა მეტი გამჭვირვალობის შემოტანა, ასევე შეფასდეს მათი საქმიანობა:

„მაგალითად, თუ გაინტერესებთ, რომელი მოსამართლე რამდენ საქმეს აწარმოებს წლის განმავლობაში, ამ ინფორმაციას ვერ მიიღებთ. მაშინ, როცა ამ ინფორმაციას უნდა ამუშავებდეს მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც წლების წინ სწორედ ამიტომ შეიქმნა და კანონში გაიწერა მისი ფუნქციები. მაგრამ ამ ინფორმაციას არ განიხილავენ. ამიტომ, ვფიქრობთ, უნდა შეფასდეს დეპარტამენტების საქმიანობა და გადაიხედოს სტრუქტურები, მათი კომპოზიცია როგორი უნდა იყოს და გამოქვეყნდეს მათი ანგარიშები“,  — აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნათესაური კავშირების დეკლარირება

  • მოსამართლეებს დაეკისროთ სასამართლო სისტემის ფარგლებში ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, ნათესაური კავშირების დეკლარირების აუცილებლობაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეპოტიზმის შემთხვევები, რომელსაც ჯანეზაშვილის თქმით, სისტემაში მრავლად აქვს ადგილი:

„როგორც ფინანსური დეკლარაციები მზადდება, ისე უნდა მომზადდეს ნათესაური დეკლარაციები. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იყო ასეთი შემთხვევა, რომ ჩემი ერთ-ერთი არამოსამართლე კოლეგის შვილმა შემოიტანა განაცხადი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით. ამ პირს მისი ოჯახის წევრები დეკლარაციაში არ ჰყავდა მითითებული, რამდენადაც კანონი არ ავალდებულებს, ასახოს სრულწლოვანი შვილის მოანცემები, რომელიც მასთან მუდმივად არ ცხოვრობს.

შესაბამისად, მე არ ვიცოდი, რომ მისი შვილი რამდენიმე თვეში სასამართლოს აპარატის თანამშრომელი იყო. მისი რეზიუმე რომ წავიკითხე, მაშინ გავიგე, ეს ადამიანი წლები უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, თუმცა უფრო საინტერესო ის იყო, რომ ამ ადამიანს მამის საბჭოში არჩევამდე არასდროს უმუშავია სასამართლო სისტემაში. ეს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შემდეგ მოსამართლეც გახდა“, — აცხადებს ჯანეზაშვილი.

„სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიან თანამდებობებზე დანიშნულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ მექანიზმი, რომ ამგვარი შემთხვევები დამალონ:

„თუ მოსამართლე თავდაჯერებულია, რომ ნეპოტიზმის შედეგი არ არის მისი ახლობლების დასაქმება სასმართლოში, ბუნებრივია, ეს პრობლემა არ არის და შეიძლება არც იყოს პრობლემა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ნეპოტიზმის შედეგი“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნული რეკომენდაციების შეფასების და მათი ხედვების წარმოდგენის თხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც დაუკავშირდა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში პრესსამსახურმა ჩვენთვის რესპოდენტი ვერ გამონახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი