სამართალი

რას გულისხმობს სასამართლოზე ევროკომისიის ახალი რეკომენდაცია

10 ნოემბერი, 2023 • 2180
რას გულისხმობს სასამართლოზე ევროკომისიის ახალი რეკომენდაცია

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

კერძოდ, კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

როგორ უნდა წავიკითხოთ აღნიშნული დათქმა და კონკრეტულად რა მექანიზმების დანერგვას სთავაზობს ევროკომისია საქართველოს — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ მართლმსაჯულების სფეროზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს ესაუბრა.

როგორც „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, ამ ჩანაწერით ევროკომისია საქართველოს პირდაპირ ეუბნება, რომ სასამართლო სისტემაში მთელ რიგ საკვანძო თანამდებობებზე, ისეთი პირები არიან დანიშნულები, რომელთა კეთილსინდისიერებაც თავის დროზე არ შემოწმებულა.

Მათ შორის, კეთილსინდისიერების ხელახალ შემოწმებას. რეკომენდაციის მიხედვით, უნდა დაექვემდებარონ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები და წევრობის კანდიდატები, ასევე უზენაესი სასამართლოს უკვე დანიშნული მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები.

ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ეს სიტყვა-სიტყვით არ წერია, ევროსტრუქტურა ჩანაწერით ღიად მიუთითებს ქვეყანაში სისტემაში გავლენიანი ჯგუფის არსებობის პრობლემაზე, რომელიც მხოლოდ ფორმალური საკანონმდებლო ცვლილებებით არ აღმოიფხვრება:

„როგორც ჩანს, ნდობის ხარისხი სისტემის მიმართ უკვე იმდენად დაბალია, რომ საგანგებოდ გასცეს ასეთი ტიპის რეკომენდაცია. საგანგებო სისტემის შექმნის შესახებ იმიტომაც საუბრობენ, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია საკმაოდ სპეციფიკურია და მხოლოდ კოსმეტიკური, სამართლებრივ-პროცედურული ცვლილებები შედეგის მომტანი რომ არ არის, უკვე ყველას აქვს ძალიან კარგად გააზრებული“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილი

„სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი სწორედ ის ორი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობით ამ თანამდებობაზე უნდა ირჩეოდნენ კანდიდატები, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის განცხადებით, ამ ადამიანების დიდ ნაწილს ეს კრიტერიუმი არ გაუვლია.

იურისტი კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ ჩანაწერი ფაქტობრივად ხელისუფლებას ე.წ. ვეტინგის [გადამოწმება, ხელახლა შეფასება] ჩატარებისკენ მოუწოდებს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კორუფციული და კლანური მმართველობის წინააღმდეგ შემოღებული მექანიზმია.

წიქარიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში დასაქმებულ პირთა ხელახალი შეფასების მოწოდებით ვენეციის კომისიამ წარსულში უკვე მიმართა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა, ახლა კი ეს დღის წესრიგში საქართველოსთვისაც დადგა:

„ეს ასევე თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირებასთან, რომელთაგანაც სამი მაღალ პოზიციებს იკავებს სასამართლო სისტემაში. პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება, რომ თქვენს სისტემაში არიან კორუმპირებული მოსამართლეები, რომლებიც მართავენ სისტემას, ხოლო ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ გვჭირდება რაღაც არაორდინალური მექანიზმი, რომლითაც უნდა შემოწმდეს მმართველი ფენის, განსაკუთრებით კი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა კეთილსინდისიერება“, — აღნიშნავს წიქარიშვილი.

წიქარიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საგანგებო კომისია არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მოსამართლეებით დაკომპლექტდა. თუმცა, იურისტის თქმით, უკრაინაში კომისიას მხოლოდ საკონსულტაციო უფლებამოსილება ჰქონდა და მისი გადაწყვეტილებების იგნორირება ხდებოდა:

„შესაბამისად, ამ ჩანაწერის ავტორები უკრაინის გამოცდილებას ითვალისწინებენ და მიუთითებენ, რომ საქართველოშიც, თუ დაინერგება ეს მოდელი, უფრო ეფექტიანი მექანიზმი უნდა შეიქმნას“ ,— აცხადებს წიქარიშვილი.

ექსპერტები, რომლებსაც ამ საკითხზე ნეტგაზეთი ესაუბრა თანხმდებიან, რომ აღნიშნული მექანიზმი ბმაში უნდა იყოს კორუფციული რისკებისგან დაზღვევასთანაც. კერძოდ, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულს უნდა მოჰყვეს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების უფრო ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც იქნება იმის გარანტია, რომ სისტემაში კორუფციული ინტერესები აღიკვეთოს.

კახა წიქარიშვილი კი ამატებს, რომ პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შემოწმდეს აღნიშნული პირების კავშირები და გადამოწმდეს ნეპოტიზმის ფაქტები, რომელსაც სისტემაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. თუმცა ეს ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამის გაკეთების სურვილი ხელისუფლებასაც ექნება:

„თუ ვეტინგის უკან ხელისუფლება არ დგას და ხელისუფლება მას მხარს არ უჭერს, ის ისედაც ვერ იქნება ეფექტური. რადგან იმისათვის, რომ ვეტინგი განახორციელო, შენ უნდა გქონდეს უამრავი ინფორმაცია, მათ შორის სპეცსამსახურებიდან მოპოვებული ცნობები იმის შესახებ, თუ სად შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს ქონება, რა სახის კორუფციული კავშირები შეიძლება ჰქონდეს და ასე შემდეგ. მე რომ შევისწავლო მოსამართლეების ქონება, მე რა დასკვნას გამოვიტან იქიდან?! Მე ხომ არ მაქვს წვდომა მათ საბანკო ანგარიშებზე, მათ ტრანზაქციებზე, მათ გადამალულ ქონებაზე… თუ ეს ინფორმაცია არ მექნა, რას დავადგენ ვეტინგისგან?!“ — აღნიშნავს იურისტი.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის შემდეგ მმართველი პარტია არჩევანის წინაშე დგება. „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ბოლომდე ეცდება დაიცვას „კლანი“, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოუწევს ევროინტეგრაციასა და „კლანს“ შორის არჩევანის გაკეთება. კლანად არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა თავად ეს უკანასკნელები უარყოფენ კლანის და არაფორმალური გავლენების არსებობას.

„რაც დრო გადის, „ქართული ოცნების“ მოქმედების არეალი უფრო და უფრო ვიწროვდება, უფრო და უფრო მკვეთრი რეკომენდაციები ეძლევა ხელისუფლებას და ამიტომ იმის გასაქანი აღარ აქვს, რომ კლანის ინტერესებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დასჯერდნენ“ ,— ამბობს ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი