ახალი ამბები

თუ პოლიტიკოსი ვერ გადახარშავს, რომ ხალხმა გადაირჩია, ის ვეღარ მართავს – ბოკერია სააკაშვილზე

30 სექტემბერი, 2019 • 1745
თუ პოლიტიკოსი ვერ გადახარშავს, რომ ხალხმა გადაირჩია, ის ვეღარ მართავს – ბოკერია სააკაშვილზე

“ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც პოლიტიკოსი ვერ ეგუება, რომ ხალხმა გადაირჩია, ის ვეღარ მართავს და ვეღარ მიდის წინ. ამ განცხადებით მან მიხეილ სააკაშვილი შეაფასა.

“მაშინ, როდესაც ლიდერი ან პოლიტიკური ფიგურა ვერ გადახარშავს იმას, რომ ხალხმა გადაირჩია, გაბრაზებულია ხალხზე – ვეღარ მართავს, ვეღარ მიდის წინ და დეგრადირდება. ეს მოუვიდა სააკაშვილს და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მისი გზავნილი ერთი-ერთში ემთხვევა ივანიშვილისას. ორივე იძახის ამას, რომ ან ივანიშვილი იქნება და თუ ივანიშვილი არ იქნება, იქნება სააკაშვილი. სააკაშვილი იქამდეც კი მიდის დღეს, რომ იძახის, “თუ მე არ ვიქნები დღეს, უჩემოდ გამარჯვება არ გაბედოთ“.

ეს ძალიან მძიმეა და პრაგმატულადაც აწყობს “ოცნებას“. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვუთხრა “ნაციონალების“ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, რომელიც გონიერი და პატრიოტი ხალხია…  მესმის, რომ მტკივნეულია, თვალი გაუსწორო  იმას, რომ ფიგურა, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა, ასე დეგრადირდა, პრაგამატულადაც და პოლიტიკური ზნეობის თვალსაზრისით, ეს ფაქტია “,-  ამბობს გიგა ბოკერია გადაცემაში „360 გრადუსი“.

ბოკერია ასევე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებსა და ლიდრებზე და ამბობს, რომ მათ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის ძალა არ შესწევთ.

ამიტომ, ამ კაცსაც და მის გუნდს, დიდ ნაწილს, ყველას არ ვეხები, არ შესწევთ უნარი, რომ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანონ ქვეყანა. მისი შეფასებით, ისინი თავად დაემსგავსნენ მიხეილ სააკაშვილს თავიანთ განცხადებაში.

“დიდი ხანია უნდა გამიჯვნოდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენ გავემიჯნეთ. მაგრამ მერე თვითონ დაემსგავსნენ ამას. იმავე მელოდიას თვითონაც უკრავენ“, – ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ფრაზას ეხმიანება. “მთავარ არხის“ ეთერში  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში დაადანაშაულა. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”.

სააკაშვილი: ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა

მასალების გადაბეჭდვის წესი