Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

არ ესმით, რატომ ვიცავ საპირისპირო სქესის უფლებებს – არმან ღარიბიანი სომხეთიდან [ვიდეო]

26 სექტემბერი, 2019 •
არ ესმით, რატომ ვიცავ საპირისპირო სქესის უფლებებს – არმან ღარიბიანი სომხეთიდან [ვიდეო]

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


“ხშირად მეკითხებიან, რატომ ვყოფ ცალკე ქალების უფლებებს. მე კი ვპასუხობ, რომ ქალების უფლებები მხოლოდ იმიტომ ირღვევა, რომ ისინი ქალები არიან”, – ამბობს არმან ღარიბიანი, 30 წლის უფლებადამცველი სომხეთიდან.


ქალთა უფლებების დაცვა ჟურნალისტად მუშაობის დროს დავიწყე. სომხეთში არსებობს მედიაგამოცემა “ქალი და პოლიტიკა”, რომლისთვისაც ამ დრომდე ვწერ. სამწუხაროდ, ერთადერთი კაცი ჟურნალისტი ვარ ამ გამოცემაში. ინტერვიუებს ვწერდი უფლებადამცველებთან, ქალ პოლიტიკოსებთან და თანდათანობით ვუღრმავდებოდი შესაბამის საკითხებს. როდესაც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტების გაშუქება დავიწყე, შოკირებული ვიყავი და მივხვდი, რომ ამ პრობლემაზე უფრო სიღრმისეულად უნდა მემუშავა.

არსებობს სტერეოტიპული აზროვნება, რომ კაცები არ უნდა იცავდნენ ქალების უფლებებს. ალბათ, ყველა სფეროში, როდესაც საუბრობ რაღაც პრობლემაზე, ადამიანები ფიქრობენ, რომ აქედან რაღაც სარგებელი გაქვს. მით უმეტეს, არ ესმით, როცა საპირისპირო სქესის უფლებებს იცავ. ასეთ ადამიანებს, ახალგაზრდა კაცებს მინდა ვუთხრა, რომ აქტიურად დაიცვან ქალების უფლებები. ამისთვის ორი მიზეზი არსებობს: პირველი – გენდერული დისბალანსი ძალიან მწვავე რამაა, თუკი ის პირდაპირ ქალების უფლებებს უქმნის საფრთხეს, კაცების უფლებებსაც ვერ აუვლის გვერდს. გენდერული სტერეოტიპები არამხოლოდ ქალებზე, კაცებზეც ახდენს გავლენას. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მათ შორის საკუთარი ცხოვრებიდან, როცა სტერეოტიპები კაცების ცხოვრებაზეც ცუდად აისახება.

მეორე – სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტად კაცების ხმა ისმის. მაშინ, ეს უპირატესობა პრობლემების გასახმიანებლად გამოვიყენოთ.

მე ჩემი სამსახურის გამო არავის დავუცინივარ, მაგრამ ხუმრობენ ხოლმე, რომ კაცების უფლებებს არ ვიცავ და მარტო ქალების უფლებებზე ვფიქრობ. რეალურად, ყველას უფლებას ვიცავ. თუ კაცების უფლება ირღვევა, არც მაშინ ვარ ჩუმად. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვყოფ ცალკე ქალების უფლებებს. მე კი ვპასუხობ, რომ ქალების უფლებები მხოლოდ იმიტომ ირღვევა, რომ ისინი ქალები არიან.

ყველამ იცის, რომ ჩემი თანდასწრებით არ უნდა გაავრცელონ გენდერული სტერეოტიპები, არ უნდა მოყვნენ ანეკდოტებს, რომლებიც ქალების წყენას იწვევს. ზოგჯერ ამის გამო ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, რომ თავს იკავებენ ჩემი თანდასწრებით ანეკტოდების მოყოლისგან, ან თუ ჰყვებიან, მერე ბოდიშს იხდიან. ვეუბნები, რომ ამ გზით ისინი კიდევ უფრო მეტად ავრცელებენ სტერეოტიპებს. ადამიანის უფლების დაცვა არ არის სამსახური, ეს ცხოვრების წესია. შენ ყოველდღე გიწევს ბრძოლა.

როდესაც ამ სფეროთი დავინტერესდი, შოკირებული ვიყავი იმით, რომ ქალების ძალიან დიდი ნაწილი ძალადობას განიცდის. ეს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ სომხეთისთვის დამახასიათებელი პრობლემაა – ძალადობა მსოფლიოს ყველა ქვეყაანში და კულტურაში გვხვდება. თუმცა, როდესაც ჩვენს ძალიან პატარა ქვეყანაში ყოველი მეოთხე ქალი საკუთარ სახლში ძალადობის მსხვერპლი ხდება, არ შეიძლება ამან გულგრილი დაგტოვოს. იწყებ ფიქრს, რომ ოთხიდან ერთი ქალს, რომელიც შენ გვერდით ზის, სახლში სცემენ, ან ოდესღაც სცემეს. გონიერი ადამიანი ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ ფიქრს იწყებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია, როგორ შეცვალოს სიტუაცია.

ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარების თხოვნა შეუძლიათ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კოალიციაში, რომელსაც კონფიდენციალური თავშესაფარი აქვს.

თავშესაფრები ყველა რეგიონში არ არის. არსებობს ერევანში და კიდევ ერთ რეგიონში. მათი რესურსებიც შეზღუდულია. ყოფილა შემთხვევა, დამირეკავს და მიკითხავს, თუ შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიღება, პასუხად კი უთქვამთ, რომ ადგილები აღარ აქვთ.

ქალებს ძალადობაზე საუბრის ეშინიათ. თუკი მედია ამაზე რამეს წერს, იქვე კომენტარებს უწერენ, რომ ქალია დამნაშავე, ალბათ, რამე ისეთი ჩაიდინა, რომ ქმრის ცემა დაიმსახურა. ჩვენი საზოგადოება ძალადობას ამართლებს.

მეორე მხრივ, სასამართლო ხშირად ქალების წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს იღებს. დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს. ქალები ხედავენ, რომ მათ ბრძოლას შედეგი არ აქვს. პოლიციაში, სასამართლოებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სტერეოტიპულად აზროვნებენ. თავად ისინი ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი