დღეს, 20 აგვისტოს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალური გაფიცვა იმართება, რომელსაც საქართველოც უერთდება.
სწორედ ამიტომ, აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ, დღეს თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს, რომ ქალაქის მმართველობამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს თბილისის ეკოლოგიურ განვითარებას. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები “ახალგაზრდა მწვანეები“ და ორგანიზაცია “ვინმე“ იყვნენ.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმართაობის გამო, ინვესტორის ინტერესი ხშირად დგება მოქალაქის ინტერესზე მაღლა, შესაბამისად, ნადგურდება პარკები და სხვა სახის სარეკრეაციო სივრცეები. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, კი შენდება კორპუსები.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ჯაყელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მერიასთან აქცია იმართება, რადგან სწორედ ქალაქის მერიებს მიუძღვით დიდი წვლილი ეკოლოგიურ კატასტროფაში. მისი თქმით, ამის მაგალითია ისიც, რომ თბილისში, ყველაფერთან ერთად, არ არის მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერიას, მის მიმართ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა, რაც აქტივისტებს აქვთ, არის დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნება, სადაც დაგეგმილია მშენებლობა (ე.წ. ორანჟერეა).
გუშინ სასამართლომ გააჩერა ეს მშენებლობა დროებით, თუმცა ეს ბრძოლა მოგებული ჯერ არ არის. და მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, მერმა პასუხი არც კი გაგვცა. მერის ეს პოზიცია ნიშნავს, რომ მას რეალურად ახალგაზრდების აზრი არ ადარდებს, არც ზოგადად, თბილისის მოსახლეობის აზრი – მას ადარდებს ელიტური ინტერესები.
კახა კალაძისთვის მწვანე ავტობუსის შემოყვანაც გამწვანებაა, რეალურად. ძალიან ხელოვნური რამაა ე.წ. Greenwashing – როდესაც სრულიად არამწვანე პოლიტიკა ინიღბება პატარ-პატარა ქმედებებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია კალაძე. რეალურად კი არაფერი იცვლება, მერს არ ესმის ხალხის აზრი“, – ამბობს ახალგაზრდა მწვანეების ერთ-ერთი წარმომადგენელი, თამარ ჯაყელი.
გაერო მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ბოლო დროს აქტივისტები სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რომ მსოფლიოს ლიდერებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ პლანეტის ეკოლოგიურ მოვლენას. ამ მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი 16 წლის მოსწავლე გრეტა თუნბერგია.
„ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს.
ვრცლად გრეტას შესახებ, წაიკითხეთ აქ:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/224869/
ხოლო დიღმის ტყე-პარკის მშენებლობასა და მოსახლეობის პროტესტზე აქ:
“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ