“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ

შპს “ანაგი“ დიღმის ტყე-პარკში “კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. შენობა, რომელსაც “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში მულტიფუნქციური ცენტრია, რომელსც ძირითადად საბანკეტო, სადღესასწაულო და ა.შ. ფუნქცია აქვს.  ნებართვა უკვე გაცემულია, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

აქტივისტები, მათ შორის ანა გაბრიაძე და მისი ადვოკატი ნანა რამიშვილი, ამბობენ, რომ ისინი ტყე-პარკის გადასარჩენად უკვე 17 წელია, რაც იბრძვიან. ეს კომპლექსი კი, რომლის დიდი ნაწილი სადღესასწაულო და საბანკეტო დარბაზებმა უნდა დაიკავოს, ახლომდებარე ეკოსისტემას სრულიად გაანადგურებს. ანაგში ამბობენ, რომ შენობა გარემოსთან შერწყმული იქნება.

აქტივისტები გვიყვებიან, რომ ყველაფერთან ერთად, მშენებლობა აქ არაკანონიერია, ვინაიდან დიღმის ტყის-პარკის იმ ტერიტორიას, სადაც მშენებლობა იგეგმება, საქმიანი ზონის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს. ამასთანავვე, ის სპეციალური შეზღუდვის ზონაში შედის.

რას გეგმავს აქ “ანაგი“

თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით, შპს “ანაგი“ აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც ამჟამად ავტოსალონი “კიაა“ განთავსებული. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიის ფართი 4900 მ2-ს მოიცავს, ხოლო განაშენიანების ფართობი – 4053.7 კვ. მ-ს.

ამ ადგილას კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – სახელად “ორანჟერეა“. რომელსაც, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ შენობის ექსტერიერი და ინტერიერი წარმოადგენს სხვადასხვა მოცულობების “მწვანე არეალების კომბინაციას“.

კომპანიამ ნებართვა მშენებლობაზე 2018 წელს მიიღო, თუმცა ზოგიერთი ტექნიკური დეტალის გასწორება დაევალა. დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ ხელახალი თანხმობა კომაპნიას 2019 წლის 21 იანვარს მიეცა.

პროექტის მიხედვით, შენობას მიწის ზემოთ 3 სართული აქვს, მიწის ქვეშ კი ერთი – სასარდაფო.

ფოტო: საპროექტო დოკუმენაცია

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული პროექტის მიხედვით, შენობას თითქმის ყველა სართულზე საბანკეტო სივრცე აქვს. მაგალითად, სარდაფის სართულზე 449.78კმ. მ-იანი საბანკეტო დარბაზია დაგეგმილი და 19 ოთახი, რომელშიც სხვადასხვა საწყობი თუ პერსონალის ოთახი უნდა განლაგდეს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე 1600 კვ. მ-იანი დარბაზი, სცენა და საგრიმიოროები უნდა განთავსდეს, მეორე სართულზე კი -305 კვ. მ-ის ფართობის ანტრესოლი. შენობის მესამე სართულზე, გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციის ოთახები უნდა განთავსდეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ ანაგმა დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთები 2012-2014 წლებში იყიდა –  სულ სამი ნაკვეთი, ორი “კიას“ ტეტორიაზე, ერთი კი- შედარებით მოშორებით.

სად და რა ზონაში უნდა აშენდეს ეს შენობა? – არქიტექტურის სამსახურის მონაცემების მიხედვით

ამჟამად არსებული შენობა ასე გამოიყურება:

“კია მოტორსი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“კია მოტორსის“ შენობის უკანა მხარე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მერიაში ამბობენ, რომ  მიწის ნაკვეთი, რომელსაც “ანაგი“ ფლობს, ესაზღვრება დიღმის ტყე-პარკს და ფუნქციური ზონის მიხედვით მას საზოგაადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი აქვს. არიქტექტურის სამსახურის ინტერაქციული რუკის მიხედვით, ეს ადგილი ასე გამოიყურება:

ფოტო: tas.ge

რუკის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკის მთლიანი ტერიტორია, გარდა “კია მოტორსისა“, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში იმყოფება, ანუ იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება.

თუმცა, ამავე რუკის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკის მთლიანი ტერიტორია, მათ შორის, “კია მოტორსის“ ადგილი, გამწვანების სპეციალურ ზონაში მდებარეობს.

მერიაში განმარტავენ, რომ გამწვანების სპეციალური ზონა არ ნიშნავს, რომ იქ ყველანაირი მშენებლობა იკრძალება. უწყებაში ამბობენ, რომ თითოეულ ასეთ ზონას აქვს შენობების დასაშვები სახეობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნებართვის გაცემის საფუძველი სწორედ თანხვედრა იყო ამ მიდგომასთან.

ფოტო: tas.ge

რას წარმოადგენს კომპანია “ანაგი“ 

როგორც მედიასაშუალება “აი ფაქტი” წერს, კომპანია “ანაგი”, რომელიც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, მონაწილეობს როგორც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადაზიდვაში, ისე  – “პანორამა თბილისის” მშენებლობაში.

“აი ფაქტის” ცნობით, “ანაგი” დიღმის ტყე-პარკში სამ ნაკვეთს ფლობს. მის გარდა აქ ნაკვეთებს ფლობენ თამარ ჩარკვიანი, შპს “პსპ ფარმა,” შპს “ჯორჯიან პეტროლ – 2009” და 35 ფიზიკური თუ იურიდიული პირი. რამდენიმე მათგანმა სცადა, ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მიეღო მერიისგან, მაგრამ ყველას უარი უთხრეს, გარდა “ანაგისა” და შპს “ზამბახისა,” რომლის ტერიტორიაზეც Wissol-ის ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს.

მოსახლეობის ბრძოლა ტყე-პარკისთვის – რატომ არ უნდათ მათ ამ ტერიტორიაზე  მშენებლობა?

მშენებლობის წინააღმდეგ დიღმის მოსახლეობის ნაწილმა პეტიცია შექმნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები მერიისგან ითხოვენ, რომ მთლიან ტერიტორიას (მათ შორის, “კია მოტორსის“ ადგილს) აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

ამავე მოთხოვნით, მათ ხელმოწერები შარშანაც შეაგროვეს, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ – მერიისთან ურთიერთობაში ამას შედეგი არ მოუტანია.

გარდა ამისა, პეტიციით მოსახლეობა ითხოვეს, რომ “ანაგისთვის“ მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გაუქმდეს და მიწა ქალაქს დაუბრუნდეს. აქტივისტების თქმით, ამ უკანასკნელის გაკეთება მერიას შეუძლია ან კომპანიასთან ადგილმონაცვლეობით, ან კომპენსაციის გადახდით.

“მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვ.მ-ია. საერთო ფართობი კი – 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა- 2000-ზე მეტ ადამიანზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.

მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს. დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა,“- წერია პეტიციას თანდართულ განცხადებაში.

დიღმის ტყე-პარკი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

იმ ადამიანებს შორის, ვინც დიღმის ტყე-პარკში მშენებლობას აპროტესტებს, ანა გაბრიაძე და ნანა რამიშვილია. ნეტგაზეთთან საუბარში ორივე მათგანი ამბობს, რომ დაგეგმილი შენობა ტერიტორიისთვის სრულიად შეუსაბამოა. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შენობა მაინც აშენდება, ტყე-პარკში, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაქციო ზონაა, აღარავინ ივლის.

2006 წელს მიღებული არის დადგენილება და ტყე-პარკის საზღვრები ჭოხონელიძის, ახმეტელის, სამხედრო გზისა და ლუბლიანის ქუჩებითაა განსაზღვრული. ამ დადგენილების მიხედვით, რომელიც დღესაც მოქმედია, ეს არის სპეციალური გამწვანების შეზღუდვის ზონა, აქ მშენებლობა საერთოდ არ შეიძლება. ჩვენ დღეს გვაქვს საქმე უკანონოდ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან“, – ამბობს ნანა რამიშვილი.

მისი განმარტებით, ტყე-პარკს 2009 წელს, პერსპექტიული განვითარების გეგმის მიღების შემდეგ, ერთი ზოლი ჩამოეჭრა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსის ზონებში მშენებლობები დასაშვებია. თუმცა ნანა რამიშვილი ამბობს, რომ არქიტექტურის სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროში სხვა რუკები წაიღეს.

“8 ჰექტარი მოაჭრეს ტყე-პარკს, ის ადგილი, სადაც მშენებლობა უნდოდათ. სასამართლოში გასაჩივრებულია 2018 წლის 15 ოქტომბრის მშენებლობის ძირითადი ნებართვა. ასევე საქმე მიმდინარეობს პროკურატურაში რუკების გაყალბების ფაქტზე. თუმცა ეს საქმე პროკურატურამ თაროზე შემოდო. ამასთანავე, გასაჩივრებულია ჩამოჭრილი ზოლის სტატუსიც“, – გვიყვება ნანა რამიშვილი.

დიღმის ტყე-პარკი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ბრძოლა ამ ტყე-პარკისთვის 2003 წლიდან დაიწყო და პირველივე განცხადებიდან ჩვენ ვამბობდით, რომ არ გვინდა აქ არც ატრაქციონი, არც სპორტული ნაგებობა, არც კაფე…. ასეთ უზარმაზარ ნაგებობაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის?!

თბილისს დღეს აქვს უნიკალური შანსი, რომ ჰქონდეს ნაკრძალი. და თუ ამ ადგილას მერიის ნებართვით შენობა ჩაიდგმება, მთლიანი ტყე განადგურდება. მარტივ მაგალითს მოვიყვან – შარშან მერიამ აქ 2-დღიანი ფესტივალი ჩაატარა, დადგა სცენა, იყო სიმღერები და, შესაბამისად, მუსიკაც. ჩვენ კი კუებსა და ზღარბებს ხეივანში ვიჭერდით. ცხოველები დაფრთნხენ და გარბოდნენ. აქვე არის იშვიათი ჯიშის ფრინველები, ბუდობენ ბუებიც. ეს ყველაფრი მათზე იმოქმედებს. ფაუნის გადადგურებას კი აუცილებლად ექნება ზეგავლენა ხეებზეც“, – ამბობს ანა გაბრიაძე.

გაბრიაძე გვიყვება, რომ დღეს დიღმის ტყე-პარკში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის და სივრცეს დასვენებისთვის იყენებს. მისი თქმით, ისინი ხშირად აქ პიკნიკებს აწყობენ და მოჰყავთ ბავშვები, შესაბამისად, მათთვის ამგვარი მწვანე სივრცის არსებობა მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ადგილას “ორანჟერეას“ მსგავს შენობას ააშენებენ, რომლის დიდი ნაწილი საბანკეტო დარბაზებს უჭირავს, ტყე-პარკი “რესტორნის უკანა ეზოდ გადაიქცევა“.

რეალურად, ჩვენი ბრძოლა არის სახელმწიფო სისტემის გაუმართაობის მაგალითი. მოსახლეობა ამ ტყე-პარკის გადასარჩენად უკვე წლებია იბრძვის, მერია კი კერძო მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვას აძლევს და ერთგვარად სხვებსაც ახალისებს, რომ ასეთ სივრცეებში შენობები ჩადგან. მოსახლეობისთვის ეს უკვე წაგებული ბრძოლაა“,- გვიყვება გაბრიაძე.

დიღმის ტყე-პარკი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ანაგის“ პასუხი

“ანაგმა” ნეტგაზეთს წერილობით უპასუხა. კომპანიაში ამბობენ, რომ კომპანიას  მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ჰქონია. “ანაგში“ ამბობენ, რომ პროექტის პრეზენტაცია მოსახლეობასთან უახლოეს დღეებში იგეგმება და მათი მოსაზრებით, მოსახლეობისთვის “ყველაზე სასარგებლო იქნება არსებული შენობის “ორანჟერეით“ ჩანაცვლბა“.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს მერიასთან და შესაძლო ადგილმონაცვლეობას, კომპანაში ამბობენ, რომ მერიასთან არანაირი მსგავსი საუბარი არ გამართულა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გეგმავს თუ არა კომპანია ნამდვილი ორანჟერეის გაშენებას, “ანაგში“ გვპასუხობენ, რომ სათბური არ გაკეთდება, მაგრამ ტერიტორია გამწვანდება.

“ტერიტორიის ეზოს გამწვანებისათვის განსაზღვრულია ბალახის საფარის (ხელოვნურად შექმნილი) შექმნა კოინდარის დათესვით. ღრუტანიანი (ცხაურით) ფილების გამოყენება ხელს შეუწყობს ბალახის საფარის შენარჩუნებას. ტერიტორიაზე დაირგვება დამატებით 150 ძირი ხე და ამის გარდა სხვა მრავალი მცენარე“,- ამბობენ კომპანიაში.

დიღმის ტყე-პარკის შესახებ მოკლედ

როგორც Safe Space წერს, დიღმის ტყე-პარკის  ისტორია 1934 წელს იწყება. პარკი სანერგე მეურნეობის ფუნქციას ასრულებდა და სხვადასხვა ჯიშის  ნერგით მთელ ქალაქს ამარაგებდა. მას აგრეთვე ქარსაცავი ზოლის ფუნქციაც ჰქონდა.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, თავდაპირველად დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 200 ჰექტარი იყო, 90-იან წლებში 75 ჰექტარი დარჩა. ახლა დიღმის ტყე-პარკი 20.5 ჰა-ზეა გადაჭიმული.

დიღმის ტყე-პარკი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ვრცლად დიღმის ტყე-პარკის ისტორიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან