ახალი ამბები

ჰიმალაის მთათა მყინვარების დნობა დაბლობში კლიმატის ცვლილების შედეგებს ამსუბუქებს – კვლევა

13 დეკემბერი, 2023 • 1081
ჰიმალაის მთათა მყინვარების დნობა დაბლობში კლიმატის ცვლილების შედეგებს ამსუბუქებს – კვლევა

2010-იან წლებში ჰიმალაის მთათა სისტემაში მყინვარები, წინა ათწლეულთან შედარებით, 65%-ით სწრაფად დნებოდა, რაც იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდას უკვე აქვს გავლენა რეგიონზე, აღნიშნავს „სი-ენ-ენი“.

თუმცა, ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრების ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორედ ამ დნობას შეუძლია, გლობალური დათბობის [კლიმატის ცვლილების] გავლენა შეამსუბუქოს. ყოველ შემთხვევაში, რეგიონალურ დონეზე მაინც.

კვლევა, რომელსაც „სი-ენ-ენი“ ეყრდნობა, ოთხ დეკემბერს, ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა. მისი მიგნებები მოკლედ რომ შევაჯამოთ, შემდეგია:

  • კონკრეტულ მაღალმთიან ადგილებში ზრდადი ტემპერატურის მიერ მყინვარების დადნობა „მოულოდნელ რეაქციას“ იწვევს;
  • ეს „მოულოდნელი რეაქცია“ კი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოიქმნება სწრაფი და ცივი ქარი;
  • საბოლოო ჯამში, ეს ქარი მოდის ქვემოთ – დაბლობებზე, ველზე;
  • შედეგად, მყინვარების ქვემოთ მდებარე ტერიტორია და მეზობელი ეკოსისტემები გრილდება.

ამასთან ერთად, ჰიმალაის მთათა სისტემის ფენომენი კიდევ ერთი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. ამ სისტემაში დამდნარი მყინვარებისგან და თოვლისგან მიღებული წყალი ჩაედინება თორმეტ მდინარეში, რომელთა წყლითაც 16 ქვეყნის თითქმის ორი მილიარდი მოსახლე სარგებლობს.

„მნიშვნელოვანია გავიგოთ, შეუძლია თუ არა ჰიმალაის მყინვარებს შეინარჩუნოს გაგრილების ეფექტი მაშინ, როცა შემდგომ ათწლეულებში რეგიონში, სავარაუდოდ, ტემპერატურის ზრდა იქნება“, – აღნიშნავს „სი-ენ-ენი“.

მეცნიერების ცნობით, გამაგრილებელი ქარი არაა სრულად საკმარისი ტემპერატურის ზრდასთან და მყინვარების შემდგომ დნობასთან საბრძოლველად.

„გაგრილება ადგილობრივ ხასიათს ატარებს და ალბათ, მაინც არაა საკმარისი, რათა დაძლიოს კლიმატის ცვლილების უფრო დიდი შედეგები“, – ამბობს ტომას შოუ, მკვლევართა ჯგუფის წევრი.

მეტი ინფორმაციის მისაღებად მკვლევრები დამატებითი სამუშაოების ჩატარებას აპირებენ.

„მყინვარებმა სამუდამოდ რომ ვერც შეინარჩუნონ თავიანთი არსებობა, შეიძლება, ახლომდებარე გარემო და ბუნება გარკვეული დროით მაინც შენარჩუნდეს“, – ამბობს ფრანჩესკა პელიჩიოტი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი