ახალი ამბები

ხალვაში: ჟურნალისტებმა მიიღეს ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, მალე შეიცვლება

22 აგვისტო, 2019 • 1558
ხალვაში: ჟურნალისტებმა მიიღეს ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, მალე შეიცვლება

“რუსთავი2”-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა 21 აგვისტოს ემოციური გადაწყვეტილება მიიღეს არხის დატოვების შესახებ. ტელეკომპანიის მფლობელს იმედი აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება “მალე შეიცვლება”.

“სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი 2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “რუსთავი 2-ის”საიტზე დღეს, 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.

რუსთავი 2-ის დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია. წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა. ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ისინი არ აპირებენ “ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში” მუშაობას. 21 აგვისტოს არხის დატოვების შესახებ განაცხადა “კურიერის” გუნდის ძირითადმა ნაწილმა, ასევე, “პოსტკრიპტუმისა” და სხვა გადაცემების თანამშრომლებმა. არხიდან წასულთა დაახლოებითი რაოდენობა 60-ს აღემატება.

ქიბარ ხალვაში 22 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მასობრივი წასვლა რუსთავი 2-დან არის იმის მტკიცებულება, რომ ნიკა გვრამია და მიხეილ სააკაშვილი “მიზანმიმართულად ანგრევდნენ” კომპანიას.

“ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

თუმცა ხალვაშისგან განსხვავებულად ფიქრობენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც არხი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს – მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ”, – ნათქვამა “პოსტსკრიპტუმის” გუნდის განცხადებაში, რომელიც მათ “რუსთავი 2-დან” წასვლასთან დაკავშირებით გაავრცელეს.

ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს არხის დატოვებისკენ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა და თქვა, რომ 26 აგვისტოდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას იწყებს.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი