ახალი ამბები

ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვა

22 აგვისტო, 2019 • 1850
ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვა

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” გუნდმა ტელეკომპანია დატოვა. შესაბამისი განცხადება გადაცემის ფეისბუქ-გვერდზე დღეს, 22 აგვისტოს განთავსდა.

გადაცემაზე მომუშავე თანამშრომლების თქმით, ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, “P.S”-ს წამყვანისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებამ, მათ არჩევანი არ დაუტოვა.

” „რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა.

რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს – მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ.

სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ – მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი – იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება.

ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება.

არ გემშვიდობებით!

გვინდა გითხრათ – ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!

სულ მალე!” – აღნიშნავს გადაცემის გუნდი.

მანამდე, 21 აგვისტოს, “რუსთავი 2” საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების ჟურნალისტთა უმრავლესობამ დატოვა. ამას წინ უძღოდა 20 აგვისტოს ტელეარხის დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის – ნოდარ მელაძის, ასევე ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, გიორგი ლაფერაშვილის, გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ. ამავე დღეს წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა.

აღნიშნული მოვლენების ფონზე, მეორე დღეა საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” ეთერში არ გადის. არ მუშაობს არხის ვებგვერდიც.

“რუსთავი 2″-ის დირექტორი პროცესებს ჯერ არ გამოხმაურებია. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი