გვარამია: ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას ვიწყებ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, “მთავარი არხის” ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორებას ორშაბათიდან დაიწყებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი ტელევიზიისთვის ინსვესტიციები და შენობა უკვე აქვს და საუკეთესო არხის შექმნას გეგმავს:

“მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა – რ2ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესი არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პაატა სალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის” – აცხადებს ნიკა გვარამია.


მას შემდეგ,რაც 20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ „რუსთავი 2-დან“ გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არც „რუსთავი 2-ის“ ვებსაიტზე ქვეყნდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო ონლაინრესურსია ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში.

„რუსთავი 2-ის“ დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. ნეტგაზეთი ცდილობს დააზუსტოს „კურიერიდან“ წამოსული ჟურნალისტების რაოდენობა.

ნიკა გვარამიამ შპს “მთავარი არხი” დააფუძნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.