ახალი ამბები

„სადაც დაგინახავ, ხელებს მოგამტვრევ“ — ჰომოფობიური აქციის მონაწილე „ლიბერალის“ ჟურნალისტს

14 ივნისი, 2019 • 1754
„სადაც დაგინახავ, ხელებს მოგამტვრევ“ — ჰომოფობიური აქციის მონაწილე „ლიბერალის“ ჟურნალისტს

„დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, — ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის მონაწილეები გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს.

„რატომ მიღებ? დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“, — უთხრა მათ ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცოტა ხანში აქციის იგივე მონაწილე და მის გვერდით მდგომი კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი ყვირიან: „ნახე, კიდევ გვიღებს… შენ დამახსოვრებული მყავხარ… მაინცდამაინც შეგაგინო?.. სადაც დაგინახავ, იქ მოგამტვრევ მაგ ხელებს”.

ლიბერალის ცნობით, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მათ ჟურნალისტებს ემუქრებოდა, პოლიციამ დააკავა.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს. თუმცა, როგორც ის ამბობდა, იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ინციდენტს შეესწრო, აქციის ეს მონაწილე არ დაუკავებიათ.

შსს-ს ცნობით, აქციაზე, ჯამში, 8 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით.

ამჟამად კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან კანცელარიის შენობასთან, ხოლო თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ქვიარ უფლებების დამცველები კანცელარიასთან ასასვლელ კიბესთან. მათ ერთამენთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

გარეკანზე: კადრი „ლიბერალის“ ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი