ახალი ამბები

საპატრიარქოს განცხადება შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ – თაბაგარი

14 ივნისი, 2019 • 2001
საპატრიარქოს განცხადება შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ – თაბაგარი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება შესაძლოა ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ. თაბაგარის თქმით, საპატრიარქოს აქვს უფლება ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, თუმცა საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ყველას გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს:

“ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და როგორღაც მშვიდობიანად შევძლოთ ერთ ქვეყანაში თანაარსებობა”, – ამბობს თაბაგარი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვიარ თემს ღონისძიება არ ჩაატარებინოს.

“სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავიანთი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ლგბტ პირების ცხოვრების წესი სოდომური ცოდვაა, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას და მორალს ეწინააღმდეგება.

“ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში”.

საპატრიარქო აცხადებს, რომ “როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა”.

“ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს, ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისი ლგბტქი პრაიდის კვირეულს პირველად უმასპინძლებს. თემის წევრები და  მათი მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ღონისძიებებისთვის, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, ღირსების მარშით დაგვირგვინდება, მისი მონაწილეები კი საერთო გზავნილის ქვეშ გაერთიანდებიან: სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ღირსება.

გარეკანი ფოტო: ILGA EUROPE

მასალების გადაბეჭდვის წესი