ახალი ამბებისაზოგადოება

ლგბტ+ უფლებები: რას ნიშნავს პარტიების მემორანდუმი

17 მაისი, 2021 • 6875
ლგბტ+ უფლებები: რას ნიშნავს პარტიების მემორანდუმი

საქართველოს 15-მა პარტიამ და მოძრაობამ ხელი მოაწერა სიმბოლურ მემორანდუმს და საჯარო დაპირება დადო, რომ ლგბტი+ თემის უფლებების გაუმჯობესებისთვის ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს.

ამ შეთანხმებას, რომელიც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ინიციატივაა, არ აქვს საკანონმდებლო ან იურიდიული ხასიათი, თუმცა, როგორც ხელმომწერები, ასევე აქტივისტები ამბობენ, რომ დოკუმენტი ისტორიული მნიშვნელობისაა – ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთდროულად ამდენი პარტია იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

მემორანდუმს „ქართული ოცნება“ არ უერთდება.

რა წერია მემორანდუმში?

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო მოქალაქეები ხშირად იჩაგრებიან.

დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს – რომლის თანახმად, ყველა ადამიანი, განურჩევლად კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან/და სხვა შეხედულებების, არის თანასწორი.

„ვიაზრებთ რა, რომ ჰომოფობიის დაძლევაში შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური საქმიანობისას;

ვთანხმდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის შესაბამისი კანონშემოქმედებითი საქმიანობითა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებით, ვიბრძოლებთ საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად;

საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დავიცავთ ყველა ადამიანის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა;

არ დავუშვებთ ჩვენი წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურ პროცესში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას“, – წერია დოკუმენტიში.

ლგბტ პირთა უფლებებზე შედგენილი მემორანდუმი. ფოტო: თბილისი პრაიდი

ამ ეტაპზე მემორანდუმს 15 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, ესენი არიან:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
2. გირჩი
3. ევროპული საქართველო
4. გირჩი – მეტი თავისუფლება
5. რესპუბლიკური პარტია
6. კანონი და სამართალი
7. სტრატეგია აღმაშენებელი
8. ლელო
9. რეფორმერი
10. მოძრაობა “დროა”
11. სამართლიანობისთვის
12. ერთიანი საქართველო
13. თავისუფალი დემოკრატები
14. პროგრესი და თავისუფლება
15. გამარჯვებული საქართველო

მემორანდუმს მხარს უჭერს დიპლომატიური კორპუსიც. დღეს, 17 მაისს, მის პრეზენტაციაზე მხარდაჭერი განცხადებები გააკეთეს, როგორც ევროკავშირის ელჩმა – კარლ ჰარცელმა, ასევე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

თუმცა დოკუმენტს ჯერჯერობით ხელს არ აწერს მმართველი პარტია -„ქართული ოცნება“.

ნეტგაზეთთან საუბარში „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ოცნების“ რამდენიმე ლიდერთან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერაზე ვერ დაითანხმეს – „როგორც სამწუხარო ფაქტს, ისე ვაფასებ“.

„ამის მიუხედავად, გვინდა, რომ კარი ღია დავტოვოთ, მათ შორის “მოქალაქეებისთვისაც” და „ქართული ოცნებისთვისთვისაც“. თუ მათ ექნებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ საერთო პოლიტიკურ შეთანხმებაში, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება“, – აცხადებს თაბაგარი.

ნეტგაზეთმა თავად სცადა პარტიასთან ამ თემაზე დაკავშირება, თუმცა პასუხი პრესსამსახურისგან ჯერ არ მიგვიღია.

რა ძირითად გამოწვევებს ხედავენ პარტიები და რა მიმართულებით აპირებენ მუშაობას?

დღეს, შეთანხმების პრეზენტაციაზე შეკრებილი ყველა პარტია თანხმდება, რომ ქვიარ ადამიანები საქართველოში ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის სამიზნეები და არსებული სიტუაცია აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

ნეტგაზეთმა ამ პარტიების ნაწილს ჰკითხა, ლგბტ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რომელს გამოყოფდა და რომელზე აპირებდა სამომავლოდ მუშაობას:

პოლიტიკური პარტიების შეხვედრა. 17 მაისი; 2021 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ლგბტ თემის დისკრიმინაციასა და არსებულ სტიგმებზე ნეტგაზეთთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძეც საუბრობს. ჩიხლაძე, როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ამბობს, რომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ლგბტ თემისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომელობაა.

„ჯანდაცვის კუთხით უამრავი კვლევა არის ჩატარებული და სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის დაბალი ლგბტ თემის წარმომადგენლების, რაც გამომდინარეობს სტიგმა/დისკრიმინაციიდან. ხშირად, ისინი  პრევენციულ სერვისებსაც არ მიმართავენ, იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ შიში კონფიდენციალურობის დარღვევის ან ცუდად მოპყრობის, ან სერვისის არმიწოდების და ა.შ.  ამაზე უნდა ვიმუშაოთ როგორც პროფესიული თემის წარმომადგენელბთან, ასევე, ზოგად პოპულაციასთან“, – აცხადებს ჩიხლაძე.

გამოწვევების შესახებ საუბრობს „ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელიც, ანა ნაცვლიშვილიც. ის ამბობს, რომ ერთდროულად ყველა საკითხის მოგვარების ილუზია პარტიებს ვერ ექნებათ, თუმცა გამოწვევებს შორის მისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია თემის წარმომადგენელთა ფიზიკური და სამართლებრივი უსაფრთხოება.

ნაცვლიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში 17 მაისთან დაკავშირებული ინსტალაცია დააზიანეს – „გავხდით ძალადობრივი ფაქტის შემსწრე, თუმცა დღმედე არ ვიცით, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე,“.

„მაშინ, როდესაც ეს რომ მომხდარიყო პარლამენტის მიმდებარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები მთავრობის მიმართ კრიტიკულ აზრს გააჟღერებდნენ, პოლიციელები მათ ნაწილს დააკავებდნენ.

როდესაც ასეთ მესიჯს გზავნის ხელისუფლება, ეს არის უპატივცემულობა კონსტიტუციის, კანონისა და საკუთარი თავის. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია და ჩემთვის პრიორიტეტული თემაა. ეს მოიცავს, როგორც საგამოძიებო უწყებებს, ასევე სასამართლოს.. თუმცა, სასამართლომდე სანამ მივა ქეისი, აუცილებლია, რომ გამოძიება ჩატარდეს.

თუ გამოძიება არ ჩატარდა, მივიღებთ უფრო მეტ ასეთ ფაქტს, სასამართლო კი ჩართვასაც ვერ მოახერხებს“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

დოკუმენტზე ხელმოწერას „სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძეც. ჩვენს კითხვაზე, რომელ გამოწვევას გამოყოფდა, ის ასახელებს კონსტიტუციაში ქორწინების „მამაკაცისა და ქალის კავშირად“ განსაზღვრას.

აღნიშნული ცვლილება „ოცნებამ“ 2014 წელს მიიღო და მას კრიტიკა მოჰყვა როგორც ვენეციის კომისიისგან, ასევე საზოგადოების მხრიდან. ლგბტ აქტვისტები აცხადებდნენ, რომ თემს თუ ქორწინების არა, კანონით აღიარებული სამოქალაქო პარტნიორობის უფლება მაინც უნდა ჰქონოდა. 

„რესპუბლიკურ პარტიაში გვქონდა მწვავე რეაქცია, როდესაც კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი”, ჩვენ ამას მხარი არ დავუჭირეთ და ვიყავით დიდი დარტყმის ქვეშ. დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი და ამის შემდეგ, ჩვენ შევიმუშავეთ სამოქალაქო კონტრაქტის იდეა და ვაქციეთ კანონპროექტად..

ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც საჭიროა პარტიების ერთად დგომა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მექანიზმი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ“, – განმარტავს სამნიძე და ამბობს, რომ ამაზე მუშაობის დაწყებამდე,~ აუცილებელია თემთან კომუნიკაცია- „ისინი როდესაც გადაწყვეტენ, დაინახავენ ამის საჭიროებას, მაშინ გასაკეთებელია. და ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავინახოთ, რომ მათთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, და არამხოლოდ, საკუთარი დღის წესრიგით”.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე და ამ კუთხით მუშაობაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოში“ და პარტიაში „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

გიგა ბოკერია განმარტავს, რომ სანამ საზოგადოებაში არსებობს ისეთი ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც მუდმივად არის ძალადობის, შეურაცხყოფის და დამცირების მსხვერპლი და რომელსაც მთავრობა არ იცავს – „ ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ამას დავუპირისპირდეთ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური კონიუნქტურაა“. ის ასევე დასძენს, რომ ლგბტ თემის ჩაგვრა – „ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება არ არის თავისუფალი,“.

„მეორე საკითხი, ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების მთავარი მტერი – რუსეთი იყენებს ამ თემას გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის. რომ დაანგრიოს ჩვენი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ სად არის საქართველოს ადგილი, რომელიც არის დასავლეთი და ჩვენ ამის ფონზე გვყავს მთავრობა, რომელიც არა მარტო არ იცავს ამ ჯგუფის უფლებებს, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ ამ თემებს პერმანენტულად, სხვადასხვა ინტენსივობით იყენებს პოლიტიკური ამოცანისთვის და მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები მიაჩნია მოკავშირეებად“, – განმარტავს ბოკერია.

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიისთვის ფუნდამენტური საკითხი ლგბტ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრაა. ის აცხადებს, რომ ხშირად არ ხდება არსებული კანონების ადმინისტრირება.

„გუშინ რაც ხდებოდა, როდესაც ინსტალაციები დაანგრიეს და ადამიანებს ფიზიკურად შეეხნენ, ამის ფონზე კი პოლიციამ მოძალადეები განარიდა – ეს არ არის პასუხი, ეს არის ძალადობის წახალისება.

განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პრობლემა დგას. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მათ შორის, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ამ კუთხითაც, იმიტომ, რომ რაღაც სიგნალს აგზავნი გარეთ, შემდეგ შენი მხარდამჭერები და არამხარდამჭერები მინიმუმ დაფიქრდებიან იმაზე, რატომ აწერს ხელს. შეიძლება ადამიანი, რომელიც, ვთქვათ, ჰომოფობია, დაფიქრდეს, რატომ აკეთებს ამას  [ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი] და ამან შეიძლება გამოიწვიოს პოზიციის შეცვლა“, – გვიხსნის ჯაფარიძე.

თემის წინაშე არსებულ პრობლემებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე, სხვა საკითხებთან ერთად, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. ის ასევე ამბობს, რომ ხშირადმ დანაშაულის შემდეგ, უბრალოდ არ იჯსება  ამ თემზე მოძალადე ჯგუფი თუ ინდივიდი.

„პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია არ მოვერიდოთ ამ საკითხებზე საუბარს. გამოვიყენოთ ყველა საჯარო ტრიბუნა, რომ ავუხსნათ ადამიანებს… ასეთ თემებზე, მათ შორის, ჩვენი საგარეო მტერიც ხშირად სპეკულირებს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ახსნა, საუბარი ადამიანებთან, მნიშვნელოვანია თემის პრობლემებზე დისკუსია, საზოგადოება მაშინ არის კარგი და ჯანმრთელი, თუ ყველა ადამიანი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – ამბობს ის.

ხატია დეკანოიძე. ფოტო: დეკანოიძის ფეისბუკ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი