WISG-ის შეფასებით, ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლების მიერ შეტანილი საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირითადად უგულებელყოფილია: გამოძიება დაიწყო პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, ის კვლავ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა. გამოძიებული არ არის პოლიციის ქმედების ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივები, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული.
2009 წელს პოლიციამ თბილისში მოქმედი, იმ დროისათვის, ერთადერთი ლგბტ ორგანიზაციის ოფისი დაარბია. 11 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო გაამტყუნა და დაადგინა, რომ “ფონდ ინკლუზივის” ოფისში მყოფ აქტივისტებს არაადამიანურად და დამამცირებლად მოეპყრნენ, დისკრიმინაციული მოტივით.
ახლა სახელმწიფომ განმცხადებლებს 2 000-2 000 ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა, აქტივისტები რეალურ ცვლილებებს ელიან და იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ზემოხსენებულ საქმეში დამნაშავეთა დასჯის, მეორე მხრივ კი, კანონმდებლობის იმგვარად შეცვლის წინაპირობა იქნება, რომ პოლიციას აღარ ჰქონდეს საშუალება, რაიმე ფორმით შეურაცხყოს ადამიანები ჰომოფობიური თუ ტრანსფობიური მოტივებით.
“ხანდახან სამართალი ურმით დადის” – რა მოხდა 2009 წელს და რა შეიცვალა 11 წელიწადში
2009 წლის 15 დეკემბერს ეკა აღდგომელაშვილი “ფონდ ინკლუზივის” ოფისში სხვა აქტივისტებთან ერთად ემზადებოდა სამხატვრო გამოფენისთვის, როცა მოულოდნელად შენობაში პოლიცია შევიდა. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩაატარეს ჩხრეკა და ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს.
დაპატიმრებულმა პირმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეკა აღდგომელაშვილმა და მისმა კოლეგამ სულ სხვა მოტივით იჩივლეს: მათი სიტყვებით, როცა სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ ფონდი სექსუალური უმცირესობების საკითხზე მუშაობდა, დაიწყეს ოფისში მყოფი 20-მდე ქალის შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, შანტაჟი და მუქარა.
“სიმართლე გითხრათ, [ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ], ადამიანურად, ხელახლა გამახსენდა დამცირების განცდაც და სიბრაზეც. პირველი, რაც წამოვიდა, ეს იყო.
პერსონალურად, მართლა ასე შევაფასებდი, რომ ხანდახან სამართალი ურმით დადის, მაგრამ მაინც დადგა ის განაჩენი და მართლა უმნიშვნელოვანესი იყო ის, რასაც [მოსამართლეებმა] ხაზი გაუსვეს; ამ საქმეში ჰომოფობიური მოტივის დანახვა ძალიან ბევრს უჭირდა მაშინ, მაშინდელი ომბუდსმენის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ამაზეც არის ხაზგასმა’, – ეუბნება აღდგომელაშვილი “ნეტგაზეთს”.
როგორც მაშინ, ეკა აღდგომელაშვილი ახლაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” გამგეობის წევრია. მისი თქმით, სახელმწიფოს თავის დროზე რომ ეღიარებინა დანაშაული, მიეღო შესაბამისი ზომები და ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია, ბევრი რამის პრევენციას მოახერხებდა. თუმცა, ფაქტია, ასე არ მოხდა.
11 წლის შემდეგ, აქტივისტის თქმით, ბევრი რამ მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა, ბოლომდე დაიმედებული არ არის, რომ მსგავსი რამ, სხვა ფორმით, არ განმეორდება.
“მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ბევრი შეიცვალა გარემოს თვალსაზრისით და კანონმდებლობის დონეზე. ამ მხრივ შედარებაც არ არის. მექანიზმების დონეზეც ბევრი რამ გაუმჯობესდა. მაგრამ როდესაც პოლიციელების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება [ახლა] ამას ასეთი ფორმა არ ჰქონდეს და ორგანიზაციაში არ შემოვარდნენ, იქ არ გამოიყენონ ასეთი ენა და ფორმები, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ დღესაც ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ტრანს სექსმუშაკ ქალებს აკავებენ, მათ მიმართ იყენებენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს… დიდი განსხვავება არ არის, როცა პოლიციელების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ. გაუმჯობესდა სიტუაცია, მაგრამ არის მაინც ასეთი შემთხვევები”, – აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი.
ეკა იხსენებს, რომ მაშინ, 2009 წლის დეკემბერში, სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები დაუდგნენ გვერდით დარბეულ აქტივისტებს. დღეს, მისი აზრით, ამ მხრივაც შეცვლილია ვითარება, რასაც ერთგვარ პრევენციულ მექანიზმად განიხილავს:
“დღეს საზოგადოებრივი აზრიც იმდენად არის შეცვლილი, რომ ესეც ბევრ რამეს განაპირობებს, ვთქვათ, რამდენად მისცემენ [ხელისუფალნი] თავს ამის უფლებას… გამოხმაურება მაინც მოჰყვება ყოველ შემთხვევაში, რეაგირება იქნება საზოგადოების მხრიდან, ომბუდსმენის მხრიდან… ასე რომ, ძალიან შეცვლილია სიტუაცია.
ვფიქრობდი კიდეც, ყოველდღიურ რუტინად რომ არის საქმიანობა ქცეული, ძალიან ძნელია, შეაფასო, რა შედეგები მოაქვს, რა გავლენა აქვს იმას, რასაც აკეთებ. ძალიან ხშირად ხდება, რომ მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და ვერ ხედავ ცვლილებას. ახლა რაღაცნაირად, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი ამ 11 წელიწადში. ძალიან ბევრ რამ”.
რას შეცვლის სტრასბურგის გადაწყვეტილება სამართლებრივი კუთხით
ქეთი ბახტაძე “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში” იურისტად საქმიანობს. მიიჩნევს, რომ იმ პრობლემათა ნაწილი, რომელთაც ლგბტ თემი პოლიციასთან ურთიერთობისას აწყდებოდა, ამჟამად დღის წესრიგში აღარ დგას:
“[ინციდენტის დროს] უშუალოდ იყო არაადამიანური მოპყრობა, ჩხრეკა და ა.შ. რაც დღეს, რა თქმა უნდა, აღარ ხდება. მაგრამ არ ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებას ექნება მძაფრი რეაგირება”.
თუმცა, მისივე განცხადებით, კვლავ დღის წესრიგში დგას მრავალი გამოწვევა: მათ შორისაა პოლიციის სტერეოტიპული მიდგომები, შეურაცხყოფა და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება თემის წევრთა მიმართ:
“ასევე, დღესაც აქტუალურია ის, [რაც ფონდის დარბევისას მოხდა], როცა პოლიციელები ემუქრებოდნენ აპლიკანტებს, თქვენი ოჯახის წევრებს შევატყობინებთ თქვენი ორიენტაციის შესახებო: 2018 წელს ჩვენ გვქონდა საქმე, როდესაც პოლიციელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა იმის გამო, რომ ეგ ჩაიდინა”.
“მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, მოტივის გამოძიება დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ინციდენტების გამო – პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფის გამო, პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო – ადამიანები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან და ჰომოფობიური დანაშაულის შესახებ შეტყობინებისგან. ამიტომ არის ეს საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი” – აღნიშნავს იურისტი.
რას ელიან აქტივისტები ახლა? ერთი მხრივ, ქეთი ბახტაძეს და სხვებს აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს პროკურატურა გახსნის ამ საქმეს, დაიწყებს გამოძიებას და ინციდენტში მონაწილეები შესაბამისად დაისჯებიან. ეს მოთხოვნა სახელმწიფომ იქამდე არაერთგზის უგულებელყო, მათ შორის, 2010 და 2015 წლებში.
“უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ეს კომიტეტი უზრუნველყოფს ზოგადი წესების მომზადებას, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ თავიდან იქნას არიდებული ასეთი დანაშაულები ქვეყანაში.
ამ აღსრულების პროცესს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და ვიქნებით აქტიურად ჩართულები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რიგი პრობლემები გვაქვს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პოლიციელებს, ხშირად, ასეთი თვითნებობის საშუალებას აძლევს”, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროცესში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც შესაბამისად შეიცვლება.
უფრო ვრცლად: რა თქვა სტრასბურგმა?
სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ “ინკლუზივის” ინციდენტის ფარგლებში ადგილი ჰქონდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის (მე-3) მუხლის დარღვევას, დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14) მუხლთან კავშირში.
“…ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ ჩაატარა არცერთი საგამოძიებო მოქმედება მას შემდეგ, რაც განმცხადებლებმა შეიტანეს სისხლის სამართლის საჩივარი 2010 წლის იანვარში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, განმცხადებლები დაზარალებულადაც კი არ გამოცხადდნენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ასეთმა გაჭიანურებამ გამოავლინა ხელისუფლების უუნარობა ან ნების არქონა, შეესწავლათ ჰომოფობიური და / ან ტრანსფობიური მოტივები პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტებისას…”- ვკითხულოთ განჩინებაში.
სასამართლომ ასევე განიხილა, შეიძლება თუ არა, უშუალოდ სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტებაზე. ამ ნაწილში სტრასბურგი ამბობს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია როგორც პოლციელთა მქედებებზე, ისე არაეფექტურ გამოძიებაზე.
“პოლიციელთა ქცევა, ჰომოფობიური და / ან ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული, ყოვლად უადგილო იყო. ოფიცრებმა არა მხოლოდ განზრახ შეურაცხყვეს განმცხადებლები სიძულვილის ენის გამოყენებით, არამედ მუქარებიც გაახმიანეს მათ მიმართ.
განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია გაშიშვლებით ჩხრეკებმა, რომლის მიზეზებიც არც პოლიციას და არც მთავრობას გაუხმიანებიათ, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი ერთადერთი მიზანი იყო განმცხადებლების შერცხვენა და დასჯა, ლგბტ საზოგადოებასთან მათი ასოცირების გამო”, – წერია დასკვნაში.
ქართული ლგბტ ორგანიზაციის დარბევის საქმეში სტრასბურგმა სახელმწიფო გაამტყუნა