ახალი ამბები

Pussy Riot-ის საჩუქარი პუტინს: ლგბტ დროშები სახელმწიფო უწყებებზე

7 ოქტომბერი, 2020 • 1365
Pussy Riot-ის საჩუქარი პუტინს: ლგბტ დროშები სახელმწიფო უწყებებზე

რუსული პანკ-როკჯგუფის, Pussy Riot-ის წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების ფასადებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. ჯგუფის წევრის, ნადია ტოლოკონიკოვას განცხადებით, ეს “საჩუქარია” ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. პერფორმანსის მონაწილეებმა წარადგინეს მოთხოვნებიც, რომლებითაც სახელმწიფოს მოუწოდეს ჰომოფობიური პოლიტიკის დასრულებისკენ.

ჯგუფის წევრებმა ფერადი დროშები მოსკოვში განთავსებული სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაკიდეს. მათ შორისაა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB), პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო და შინაგან საქმეთა დეპარტამენტი ბასმანის ქუჩაზე. მათი თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის განკუთვნილი ეს “საჩუქარი” სიყვარულსა და თავისუფლებას განასახიერებს.

“ვფიქრობდით, რა გვეჩუქებინა თქვენთვის – მაგრამ თქვენ ყველაფერი გაქვთ. თუმცა, რადგან მხოლოდ თქვენ არ ცხოვრობთ რუსეთში, რეალურად საჭირო საჩუქრები ავარჩიეთ. პირველი – თავისუფლებაა.

მისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს გათავისუფლება – შიშისგან, ეშმაკისგან, განსჯისგან; სასაცილო კანონებისგან და მიმღებლობის უნარის არქონისგან; გათავისუფლება რეჟიმისგან; და მათი გათავისუფლება, ვისზეც ეს რეჟიმი დგას:  ვინც ამ კედლებს გარეთ ცხოვრობს და არ შეუძლიათ, ხმა აიმაღლონ; ვისაც ეშინია, აღიაროს, რომ ისეთივეა, როგორიც ჩვენ; ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება, უყვარდეს…

მეორე საჩუქარი კი არის სიყვარული, არა ომისთვის, არამედ საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის. ყველა ჩვენგანს სურს სიყვარული. მთელ რუსეთს ძალიან უნდა სიყვარული”, – მიმართავს ტოლოკონიკოვა პუტინს და ამატებს:

“დღეს ჩვენ გავცემთ ამ ცისარტყელას, როგორც სიმბოლოს დაკარგული სიყვარულისა და თავისუფლებისა – ჩვენ მას ყველას ვუწილადებთ. თქვენ თქვით, რომ ცისარტყელა, ეს არის მზე წვიმის შემდეგ. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს ეს მზე”.

Pussy Riot-მა, პერფორმანსის დროს, არაერთი მოთხოვნა გაახმიანა. მათ შორისაა ჩეჩნეთში გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების გამოძიება, ლგბტ ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიმართ დევნის შეწყვეტა, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზება და სხვა.

“მედიაზონის” ინფორმაციით, პერფორმანსის გაშუქებისას “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი დააკავეს. კიდევ ერთი გამოცემის, Sota.Vision-ის ჟურნალისტი კი პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორგანიზაცია “მემარცხენე ბლოკის” აქციის დროს დააკავა.

ვლადიმერ პუტინი დღეს 68 წლის გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი