„ფასდაუდებელი“ ნენსკრა ჰესი

ნენსკრა ჰესის ასაშენებლად დადებული კონტრაქტით ინვესტორი სახელმწიფოს კაბალურ პირობებში აყენებს: სახელმწიფო დენის საშუალოდ თითქმის 11 ცენტად ყიდვას თანხმდება, როცა საიმპორტო ფასი 5 ცენტამდეა, რაც წელიწადში ათობით მილიონით აზარალებს ბიუჯეტს, — ამბობს გარემოსდამცველების ჯგუფი გაჟონილი კონტრაქტის შესწავლის შემდეგ.

სახელმწიფო და ინვესტორი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ კომერციული საიდუმლოს საბაბით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ტარიფებზე ინფორმაციას; აცხადებენ, რომ ტარიფი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ბიუჯეტის „მილიონობით ზარალზე“ საუბარი კი -არასერიოზული.

კითხვაზე, ფინანსურად მომგებიანია თუ წამგებიანი ეს პროექტი ქვეყნისათვის, სახელმწიფო პასუხობს, რომ ამაზე „ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს“, თუმცა ნენსკრას პროექტი სახელმწიფოსთვის „ფასდაუდებელია“. ნეტგაზეთმა სცადა, ეს საკითხი გაერკვია.

საიდუმლო ტარიფი

გარემოს დამცველმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ 10 ივნისს გამოაქვეყნა გაჟონილი კონტრაქტი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოიპოვა და მათ გასაანალიზებლად მიაწოდა.

კონტრაქტში გაწერილ ბოლო სცენარს რომ გავყვეთ — ანუ დავუშვათ, რომ ჰესი 2023 წელს შევა ექსპლუატაციაში და პროექტის საბოლოო ღირებულება არ გადააჭარბებს სავარაუდო ღირებულებას (ანუ 1,031 მილიარდი აშშ დოლარი იქნება), მაშინ 1კვ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება პირველი 13 წლის განმავლობაში საშუალოდ 10.78 ცენტი გამოდის; შემდეგი 26 წლის განმავლობაში კი ფიქსირებულად 12,7 ცენტი იქნება. ასე ითვლის ამ რიცხვებს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილიც.

ჩამოსქროლე: საიდან ეს რიცხვი?

კონტრაქტში გაწერილ ბოლო სცენარში მითითებულია, რომ 2023 წლის პირველადი ტარიფი 8.976 ცენტია. თუმცა მომდევნო 12 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3%-ით უნდა გაიზარდოს; მე-13 წლიდან კი შემდეგი 26 წლის განმავლობაში ფიქსირებული ტარიფი იქნება.

პირველი წლის ფასია 0.08976 აშშ დოლარი, ყოველწლიური 3%-იანი ზრდა ასეთ ტარიფებს მოგვცემს:

  1. $0.08976
  2. $0.0924528‬
  3. $0.095226384‬
  4. $0.09808317552
  5. $0.1010256707856‬
  6. $0.104056440909168
  7. $0.107178134136443‬
  8. $0.1103934781605363
  9. $0.1137052825053524
  10. $0.117116440980513
  11. $0.1206299342099284‬
  12. $0.1242488322362263
  13. $0.1279762972033131

ამ ცამეტი რიცხვის საშუალო არითმეტიკული დაახლოებით 10.78 ცენტია. ამასთან, გამოდის, რომ მე-13 წელს 1კვ/სთ დენი 12.79 ცენტი ეღირება და მომდევნო 26 წლის განმავლობაშიც ეს ტარიფი შენარჩუნდება.

„ნენკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, თეიმურაზ კოპაძემ ნეტგაზეთთან საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა ტარიფებზე ინფორმაცია; მან არც ის გვითხრა, ადასტურებს თუ არა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულია ზრდადი ტარიფი, თუმცა ასეთი განმარტება მოგვცა:

პრაქტიკაში არსებობს სამი სატარიფო სქემა:

  • ზრდადი ტარიფი — როცა თავიდან ტარიფი იზრდება, ხოლო შემდეგ ფიქსირებულია;
  • კლებადი ტარიფი — როცა პირველი ფიქსირებული, მაღალი ტარიფი გაქვს და შემდეგ იწყება კლება;
  • სრულიად ფიქსირებული ტარიფი

„სამივე სქემა, საბოლოო ჯამში, გაძლევს ერთსა და იმავე ტარიფს. ეს არის ამ შემთხვევაში კონკრეტულად მხარეების გადასაწყვეტი — ახლა აწყობს დაბალი და შემდეგ მაღალი, პირიქით, თუ როგორ ურჩევნია. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. საბოლოო ანგარიშში, სამივე ერთსა და იმავე ტარიფს გვაძლევს“, — ამბობს კოპაძე.

როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდში გვითხრეს, კონტრაქტს აქვს „კომერციული კონფიდენციალური დანართი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ პარამეტრებს იმ ტარიფის დასათვლელად, რომლის დადგენაც მოხდება რამდენიმე კომპონენტის შეჯერების შემდეგ“:  „პირველ რიგში, ესაა პროექტის ფინანსური დახურვა, სესხის საბოლოო განსაზღვრაზე და ა.შ. ამ მიზეზების გამო არ გასაჯაროვდა ხელშეკრულების ხელმოწერისას მისი სატარიფო ცხრილი. საკუთრივ ხელშეკრულება საჯაროა. ამიტომაც, საუბარი ხელშეკრულებაში ჩადებულ ტარიფზე არის სპეკულაცია. საბოლოო ტარიფი ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. როგორც კი მოხდება ფინანსური დახურვა, ეს ინფორმაციაც გახდება საჯარო“.

თეიმურაზ კოპაძეც ამბობს, რომ „ეს ტარიფები მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც გვეცოდინება მშენებლობის, სესხის პროცენტის და ა.შ ზუსტი ციფრი. ეს მოლაპარაკების საკითხია და არ არის დასრულებული. მთავარი შეთანხმება, რაც ინვესტორ-სახელმწიფოს შორის არის მიღწეული, არის ის, რომ ინვესტორის მიერ ჩადებული ინვესტიცია არის მინიმალური უკუგებით“.

„მწვანე ალტერნატივის“ კალკულაციით კი, კონტრაქტში გათვლილი ტარიფი 60 მილიონამდე აშშ დოლარით დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს, ესეც — საუკეთესო შემთხვევაში. ეს იმიტომ, რომ როგორც დათო ჭიპაშვილი ამბობს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროექტები თავდაპირველ საპროექტო ღირებულებაზე მეტი ჯდება, შესაბამისად, შეიძლება ეს ტარიფი კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს. ამასთან, მისივე ვარაუდით, შესაძლოა, ამან გარკვეულწილად იმოქმედოს ქვეყანაში ელექტროენერგიის საერთო ტარიფზეც.

„ძვირი დენი“

„რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ 1კვ/სთ-ში თითქმის ორჯერ მეტი“? — კითხულობს დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი. მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული დენის ფასი საშუალოდ 4.9 ცენტია.

ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებულ ენერგეტიკის განვითარების ფონდშიც დაუდასტურეს, რომ 2018 წელს მეზობელი ქვეყნებიდან ესკოს [ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის] მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი 4.984 ცენტი იყო.

ნენსკრას პროექტი. წყარო: ნენსკრა ჰიდრო

ჭიპაშვილის თანახმად, თუკი კონტრაქტში მართლაც ზემოთ ჩამოთვლილი პირობებია გაწერილი, გამოდის, რომ პირველივე წელიწადს სახელმწიფო სულ მცირე 54.5 მილიონი დოლარით ზარალობს. ამ რიცხვს იგი ასე გამოითვლის:

ჭიპაშვილის დაკვირვებით, ნენსკრას გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი მოდის იმ „9 თვეზე, როდესაც ქვეყანას ისედაც ჭარბი ელექტროენერგია აქვს. ამის მიუხედავად კი, სახელმწიფოს კონტრაქტის ძალით მაინც უწევს ელექტროენერგიის ყიდვა ნენსკრასგან და თან იმავე ფასად“. თუმცა მას ამ ელექტროენერგიის გაყიდვა — ექსპორტზე გატანა — მოუწევს.

მის თანახმადვე, ნენსკრასგან გარანტირებულად შესასყიდი დენის ოდენობა, რომლის გაყიდვაც მოუწევს სახელმწიფოს, ამ 9 თვეში 956.97 მლნ კვ/სთ-ია;

„იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს 1კვ/სთ ექსპორტირებული ელექტროენერგიის ფასი შეადგენდა 3.2 ცენტს, ნენსკრასგან კი 8.9 ცენტად უნდა იყიდოს, სახელმწიფოს ზარალი გამოდის 1კვ/სთ-ზე 5.7 ცენტი. ეს რიცხვი რომ გადავამრავლოთ 956.97 მილიონზე — გასაყიდ დენზე — გამოდის 54.5 მილიონი დოლარი“, — ეუბნება დათო ჭიპაშვილი ნეტგაზეთს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სახელმწიფო „ნენსკრას“ გამომუშავებული დენის ექსპორტზე გატანას, ენერგეტიკის განვითარების ფონდში  ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების „ფუნდამენტური პრინციპი შიდა მოხმარების დაკმაყოფილებაა“ და „ამ ეტაპზე ექსპორტის პროგნოზი ნაადრევია“.

„მომგებიანი თუ წამგებიანი“?

„ნენსკრას“ წარმომადგენელმა თეიმურაზ კოპაძემ „არასერიოზული“ უწოდა შეფასებას, რომ სახელმწიფო 60 მილიონამდე დოლარს წააგებს: „60 მილიონის გენერაცია რომ საერთოდ არ მაქვს, ზარალი როგორ მექნება“?

ენერგეტიკის განვითარების ფონდში (GEDF) ნეტგაზეთს განუცხადეს: „აბსურდულია“ დასკვნა, რომ  ნენსკრას დენის შესყიდვის გამო სახელმწიფოს ყოველწლიურად მიადგება 60-მილიონიანი ზიანი.

თუმცა არც „ნენსკრაში“ და არც GEDF-ში არ ასახელებენ თანხას, რასაც, მათი ვერსიით, სახელმწიფო საერთო ანგარიშში გადაუხდის კომპანიას.

ნეტგაზეთმა ენერგეტიკის განვითარების ფონდს ჰკითხა, მათი შეფასებით, სახელმწიფოსთვის მომგებიანია თუ წამგებიანი ფინანსური პერსპექტივით ეს კონტრაქტი, მათ გვიპასუხეს:

„კითხვა ისევ ეხება ტარიფს, რომელიც საბოლოო სახით განსაზღვრული არ არის. საკითხზე, არის თუ არა ნენსკრას პროექტი ქვეყნისათვის მომგებიანი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს“.

ფონდის თანახმადვე, „ნენსკრას პროექტი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში, არამედ სისტემური უსაფრთხოების ჭრილშიც“. ნეტგაზეთთან კორესპონდენციაში ფონდმა ნენსკრა ჰესს უწოდა „ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ქვეყნის ენერგოსისტემისათვის ფასდაუდებელი პროექტი“.

რამდენად „ფასდაუდებელია“ ნენსკრა?

როგორც GEDF-ში გვითხრეს, „ნენსკრა ჰესი წარმოადგენს მარეგულირებელ სადგურს, რომელსაც გააჩნია 135 მეტრის სიმაღლის კაშხალი და რომელიც დაპროექტებულია იმგვარად, რომ მან ელექტოსისტემას დენი მიაწოდოს პიკურ რეჟიმში, ანუ იმ დროს, როდესაც სისტემას ყველაზე მეტად სჭირდება ენერგია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნენსკრა ჰესი მიიჩნევა ე.წ. გარანტირებულ სიმძლავრედ და, შესაბამისად, ის სისტემის მდგრადობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია“.

დათო ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივას წევრი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

როგორც დათო ჭიპაშვილი გვეუბნება, თუკი საჯარო გამოსვლებსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას კომპანიაც და სახელმწიფოც ამტკიცებდნენ, რომ ჰესი ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს დაფარავდა, კონტრაქტში მოცემული რიცხვებით სხვა რეალობას ვხედავთ: ირკვევა, რომ ნენსკრა ჰესი საქართველოს ენერგეტიკის ზამთრის დეფიციტს სრულად ვერ შეავსებს და მის ნახევარსაც ვერ დაფარავს. როგორ?

წელიწადში ნენსკრა ჰესის მოსალოდნელი გამომუშავებული ელექტროენერგია დაახლოებით 1.2 მილიარდი კვ/სთ-ია, რაც 12 თვეზე შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

ამ სქემის თანახმად, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, ანუ ზამთრის თვეებში, „ნენსკრა“, ჯამში, 262.02 მილიონი კვ/სთ-ს გამოიმუშავებს. 2018 წელს ზამთრის დეფიციტი კი 597.73 მლნ კვ/სთ იყო. 262 მილიონი 597 მილიონის დაახლოებით 44%-ია.

კითხვაზე, დაფარავს თუ არა ჰესი ზამთრის დეფიციტს, თეიმურაზ კოპაძემ „ნენსკრა ჰესიდან“ ნეტგაზეთს უთხრა: „ელექტორენერგიის გენერაციას ეს ჰესი დაიწყებს 2024-ში ან 2025-ში. თუ მეტყვით, რა იქნება ამ წლებში დეფიციტი, გეტყვით, დაფარავს თუ ვერ დაფარავს“. მოგვიანებით კი დასძინა: „რა შუაშია ზამთარი-ზაფხული?.. რაც უფრო ახლოსაა ელექტროენერგიის გენერაცია და მოხმარება, ქვეყანა არის უფრო დამოუკიდებელი იმიტომ, რომ არ სჭირდება დამატებითი რესურსების მოზიდვა, ანუ იმპორტი“.

რას აჩვენებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) ოფიციალური მონაცემები? 2018 წელს, მაგალითად, ელექტროენერგიის ბალანსი ასეთი იყო:

დათო ჭიპაშვილი ამ მონაცემებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ელექტროენერგიის ძირითადი იმპორტი მოდის ზამთრის სამ თვეში“, ხოლო ნენსკრა ამ იმპორტს ვერ ანაზღაურებს, როგორც მოსალოდნელი იყო.

თეიმურაზ კოპაძის თქმით, ნენსკრას არასოდეს განუცხადებია, რომ მთლიანად შეავსებდა ამ დანაკლისს, ენერგეტიკის განვითარების ფონდში კი გვითხრეს, რომ „ნენსკრა ჰესის ალტერნატივა არის მხოლოდ იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგური, ვინაიდან სხვა ალტერნატიული საბაზისო ენერგიის წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია“.

„კაბალური კონტრაქტი კომპანიისთვის“?

თეიმურაზ კოპაძე გვეუბნება, რომ ინვესტორი — „ნენსკრა ჰიდროს“ ერთ-ერთი მფლობელი, კორეული კომპანია K-water, არ არის „კომერციული მოგებისთვის შექმნილი ორგანიზაცია; ეს არის კორეის სახელმწიფო კომპანია, რომლის ძირითადი მიმართულება არის ჰიდროელექტროენერგეტიკის განვითარებაში სხვა, მეგობარი ქვეყნების დახმარება“.

ენერგეტიკის განვითარების ფონდიც იმავეს ამბობს: „პროექტის ძირითადი ინვესტორი არის კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს საქართველოსათვის უპრეცედენტოდ დაბალი უკუგების მაჩვენებლით და ამაზე იაფი კერძო რესურსის მოძიება დღესდღეობით შეუძლებელია“, — გვიპასუხებს GEDF-ში.

„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კოპაძის თანახმად კი, ეს ხელშეკრულება პირიქით, კომპანიისთვის არის კაბალური. მისი არგუმენტი ეფუძნება დაშვებას, რომ რეგიონში და მსოფლიოში ელექტროენერგიის ფასი უფრო გაიზრდება „იმიტომ, რომ გაიზრდება ეკონომიკა, ქვეყანა, მოხმარება“. თუმცა დათო ჭიპაშვილი სკეპტიკურად უყურებს ამ მსჯელობას და ამბობს:

„რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ ელექტროენერგიის ფასები გაიზრდება, როდესაც განახლებადი ენერგიების, მათ შორის მზის და ქარის სადგურებისა და ახალი ტექნოლოგიების, ფასები კატასტროფულად ეცემა? რა ხდება ენერგეტიკაში იმისთანა, რომ ფასებმა მატება დაიწყოს?.. რაც დრო გადის, ჰესები ვეღარ უწევს კონკურენციას მზის და ქარის სადგურებს“, — ამბობს იგი.

„როდესაც აშენებ ობიექტს, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს, 36 წელი ძვირი ეღირება და სახელმწიფო 36 წლით იღებ ვალდებულებას, ეს ძვირი დენი იყიდო… რატომ ფიქრობენ, რომ მხოლოდ წყალია ალტერნატივა? რამე სტრატეგიული გეგმა არსებობს? სახელმწიფოს ელექტროენერგიის მოხმარების ანალიზი აქვთ გაკეთებული? ხომ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება აღარ იზრდება? თუ მსოფლიო ეკონომიკის ზრდასაც პროგნოზირებს და პარალელურად ენერგომოხმარების შემცირებასაც, ჩვენ რატომ უნდა მივდიოდეთ საპირისპირო მიმართულებით?“ ,— კითხულობს დათო ჭიპაშვილი.

„ჩვენ მივდივართ სიტუაციისკენ, როდესაც ჩვენს ენერგოსისტემაში იქნება ჭარბი ელექტროენერგია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ბაზარზე დარეგულირდეს და ჭარბმა ელექტროენერგიამ გამოიწვიოს ელექტროენერგიის ფასების შემცირება, იმის გამო, რომ არსებობს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, მათ შორის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი ნენსკრა ჰესი, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც გვექნება ჭარბი ელექტროენერგია, მაგრამ მაღალ ფასად და ბაზარი არ განაპირობებს ფასის შემცირებას. ეს ბაზრის დამახინჯების მაგალითია“, — ამბობს ჭიპაშვილი.

ჰიდროლოგიური რისკების დაზღვევა

ხელშეკრულების კიდევ ერთი კომპონენტია ჰიდროლოგიური რისკების დაზღვევა. დათო ჭიპაშვილი „მწვანე ალტერნატივიდან“ აქ ასე ხედავს პრობლემას:

„თუ რაიმე მიზეზით, — მაგალითად, არასაკმარისი წყლის გამო, — ჰესმა საჭირო რაოდენობის ელექტროენერგია ვერ გამოიმუშავა, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ნენსკრასთვის ამ ზიანის ანაზღაურებას“. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ნაკლებ ელექტროენერგიაში იგივე თანხა, რაც სრული გამომუშავებისას უნდა გადაუხადოს „ნენსკრას“.

„ნენსკრას“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს ცალმხრივი შეფასებაა და ამის პარალელურად, „ნენსკრაც“ იღებს ვალდებულებას, თუკი ჭარბი გამომუშავება ექნება, სიმბოლურ ფასად — ტარიფის 10%-ად — მიაწოდოს სახელმწიფოს.

მანქანა იმ ადგილას, სადაც, ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

„იმ მშრალ წელიწადში რა გენერაციაც დამაკლდება, გამოვიმუშავებ მომდევნო წელში. სახელმწიფო მეუბნება, მომდევნო წელს რომ გამოიმუშავებ უფრო მეტს, იმას ვიყიდი, რომ წინა დაგიკომპენსიროო. მაგრამ მეორე მხრივ, მეუბნება, რომ თუ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში უფრო მეტს გამოიმუშავებ, ზედმეტად გამომუშავებული, პრაქტიკულად, უფასოდ მომეციო“, — ამბობს კოპაძე.

იგივე უთხრეს ნეტგაზეთს ენერგეტიკის განვითარების ფონდში. GEDF-ის თანახმად, „ისეთ პროექტში, სადაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს სახელმწიფოს [კერძოდ კი ესკოს], მსგავსი რისკის დაზღვევა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა“.

„სხვა შემთხვევაში პროექტი ვერ იღებს საბანკო დაფინანსებას. ამასთან, ნენსკრას შემთხვევაში ჰიდროლოგია დათვლილია ე.წ. 50%-იანი უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ მეორე წელიწადს შესაძლოა იყოს საპროგნოზო გამომუშავებაზე მეტი ან ნაკლები. ამ კუთხით ხელშეკრულება დაბალანსებულია და მიუხედავად იმისა, რომ აზღვევს წყლის დეფიციტს, ჭარბი წყლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს ზენორმირებულ ელექტროენერგიაზე 90%-იან ფასდაკლებას. შესაბამისად, წყალუხვობისას, დაგეგმილზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებისას, ამ ბენეფიტს კომპანია არ იტოვებს და სახელმწიფო ზედმეტობით გამომუშავებულ დენს მიიღებს პრაქტიკულად უფასოდ“, — გვიპასუხეს ფონდში.

ნენსკრა ჰესის შესახებ

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის და 2017 წლის 17 ივნისსაა განახლებული. ეს მოთამაშეები არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი;

პროექტის საერთო ღირებულება მილიარდ ოცდათერთმეტი მილიონ შვიდასი ათასი აშშ დოლარია ($1,031 მილიარდი, ანუ x ლარი);

პროექტი. წყარო: ნენსკრა ჰიდრო

პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი ხუთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული სესხები დაფარავს. ესენი, კონტრაქტის მიხედვით, არიან:

  • „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB) — $100 მილიონი (9.7%)
  • “აზიის განვითარების ბანკი” (ADB) — $174,1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) — $174.1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპული საინვეისტიციო ბანკი“ (EIB) — $100 მილიონი (9.7%)
  • „იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“ (SACE) — $174.1 მილიონი (16.9%)

რაც შეეხება ინვესტორის ნაწილს, დარჩენილ 30%-ს — სს „ნენკრა ჰიდრო“ ფარავს. თავის მხრივ, ნენსკრა ჰიდროს აქციების 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 90%-ს კი კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი [ანუ გამოდის, რომ პროექტის საერთო ღირებულების 26.3%-ს კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი ფარავს, 2.2%-ს საპარტნიორო ფონდი, 1.5%-ს კვლავ EBRD-ის სესხი).

სოციალური პროტესტი

უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი. მათ 2015 წლიდან მოყოლებული არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, როგორც თბილისში, დამფინანსებლების წინააღმდეგ, ისე სვანეთში, სადაც იგეგმებოდა სამუშაოების დაწყება; რამდენჯერმე გადაკეტეს გზებიც. ადგილობრივებს აწუხებთ სხვადასხვა საკითხიც: ეკოსისტემისა და კლიმატის შესაძლო ცვლილება, მეწყრის საფრთხე, მაშრიჭალას დატბორვის საკითხი და ა.შ.

„ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენელმა გიორგი კოპაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის წინააღმდეგი ამ ჰესის აშენებისა და, ზოგადად, ჰიდროელექტროენერგეტიკის განვითარების“ და „ეს პრობლემა არ არსებობს“.

ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ სოციალურ პროტესტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი ნეტგაზეთის არქივიდან:

ადამიანები სვანეთიდან, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com