ვინ და რატომ აპროტესტებს ჰესების მშენებლობას სვანეთში? რატომ არ სჯერათ ადგილობრივებს კომპანიებისა და სახელმწიფოს არგუმენტების, რომ აღნიშნული პროექტები რეგიონსა და სახელმწიფოს არგებს? – ამ და სხვა კითხვებით “ნეტგაზეთმა” საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილეს მიმართა.
ისინი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სვანეთის სხვადასხვა ნაწილში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას არაერთგზის შეეწინააღმდეგნენ. ლამის ყოველდღიურობადქცეული აქციები იგეგმება რამდენიმე კვირით ადრეც და სპონტანურადაც – მაშინ, როცა მოსახლეობა მშენებარე ტექნიკის მორიგი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობის კამპანიას უერთდებიან, სვანეთისა და არა მხოლოდ ამ რეგიონის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ. ისინი ჰესების მიმართ პროტესტს რიგი საფრთხეებით ხსნიან, რომელთაც მსგავსი მშენებლობები იწვევს; თანხმდებიან, რომ მათ მშენებლობას ნებისმიერი გზით შეეწინააღმდეგებიან და კომპანიებს დაწყებული ან ჯერ კიდევ გეგმაში არსებული პროექტების ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ მისცემენ.
რატომ ეწინააღმდეგებიან? – რამდენიმე ადამიანის პასუხი სვანეთიდან
“შეხედეთ, ამ ახალგაზრდა მთებზე უნდა გამოიყვანონ გვირაბები, სადაც ორი მდინარის შენაკადი ჩამოივლის – ნენსკრისა და ნაკრის. აქ 1987 წელს ზვავი ჩამოწვა და რამდენიმე ოჯახი წალეკა. აქ რომ გვირაბი გაკეთდეს და ეს ორი მდინარე შეერთდეს, ამას მუდმივი სახე ექნება. აქვე, ჩვენთან რომ მოხდება დატბორება, რა დაგვაძინებს? სულიერად ვერ დავისვენებთ, უბრალოდ”, – ამბობს ჭუბერის მცხოვრები ლელა რეზესიძე და ჯერ კიდევ დათოვლილ მთებზე მიგვანიშნებს, რომლებიც სოფელს გადმოჰყურებენ.
ის საპროტესტო მოძრაობას დაწყებისთანავე შეუერთდა. თანამოაზრეების მსგავსად, სახელმწიფოსა და მშენებარე კომპანიების დაპირებების არ სჯერა და შიშობს, რომ დაგეგმილი და მიმდინარე მშენებლობები რეგიონს წარსულში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებზე არანაკლებ ზიანს მიაყენებს.
“არ გვინდა, რომ განადგურდეს სვანეთი, განსაკუთრებით ჭუბერი, გვიყვარს ძალიან. ჩვენ რომ აქ 1987 წელს სტიქია ვნახეთ, მტერს არ ვუსურვებ იმის ხილვას. მაგრამ არ შევშინდით, ისე გვიყვარს აქაურობა, რომ არ დავტოვეთ. 300 ოჯახი დარჩა. ამიტომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ არ აშენდეს აქ ჰესი. გვერდით დავუდგებით მათაც, ვინც აპროტესტებს “მესტიაჭალას”, “ხუდონს” და ა.შ. ყველა მავნე ჰესის წინააღმდეგ გამოვალთ”.
სვანეთში მიმდინარე პროტესტი კონკრეტულ პროექტებს სცდება და ყველა იმ ჰესის წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც, კამპანიის მონაწილეთა აზრით, არასწორად გეგმარდება და საფრთხის შემცველია. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ისინი “ხუდონზე”, “ნენსკრასა” და “მესტიაჭალაზე” ამახვილებენ.
სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრი ნათია ქურდიანი ფიქრობს, რომ მდინარე მესტიაჭალაზე მშენებარე ორი ჰესი,”მესტიაჭალა 1″ და “მესტიაჭალა 2”, მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში წარსულში დაშვებული შეცდომები მოსახლეობამ საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა და გაიაზრა, ახლა კი დროა, სახელმწიფოც დაფიქრდეს.
“ენგურჰესის აშენების შემდეგ სვანეთის კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა. გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, სახსრების ანთება, რევმატიზმი… ეს ყველაფერი აშკარად, ყოველდღიურად იგრძნობა. თაობა, რომელიც მაშინ ენგურჰესს ემხრობოდა, მერე ხუდონჰესის მშენებლობასაც უჭერდა მხარს, თუმცა დღეს ყველა მათგანი ახალი მშენებლობების წინააღმდეგია, რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერმა თავი იჩინა.
მესტიაში 10 კმ-ზე უნდა ჩაიკეტოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარე მესტიაჭალა, რაც პირდაპირ აისახება კლიმატზე. ამ მანძილზე მდინარე რომ ჩაიკეტება, ტემპერატურა 5-6 გრადუსით მაინც მოიკლებს. რატომ სახლდებიან ადამიანები მდინარის პირას? იმიტომ, რომ მდინარე სიცოცხლეა. თუ ამას წაგვართმევენ, ჩვენს იქ ცხოვრებას არანაირი აზრი აღარ ექნება”, – უთხრა ნათიამ “ნეტგაზეთს”.
მშენებელი კომპანიის არგუმენტის საპასუხოდ, რომ “მესტიაჭალა” პატარა, მწვანე და არადაგუბებადი ჰესია, ნათია ქურდიანი ამბობს, რომ კომპანიას “მწვანე ჰესის” ცნება არასწორად ესმის.
“გასულ კვირას იყო შეხვედრა ბიბლიოთეკაში, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც კომპანია, ისე ჩვენ, ექსპერტებთან ერთად. აქ გამოიკვეთა, რომ “მესტიაჭალა” არ არის მწვანე ჰესი, ეს არის მეგაჰესში გადასული პროექტი. მწვანე ჰესი დამოკიდებულია მოდინებაზე, რომლის პირობებშიც მდინარე არ იკარგება. აქ კი, თერგის მსგავსად, მდინარის დიდი ნაწილი იკარგება, მილებში ექცევა და ჩამოვა რაღაც ნაკადულის სახით”.
ბოლო დროს დღის წესრიგში დადგა კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის – “ხელედულა-3”-ის პროექტის მიზანშეწონილობა. 5- მეგავატიანი ჰესის მშენებლობა ლენტეხში, მდინარე ხელედულაზე იგეგმება.
ერთ-ერთი, ვინც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, ლენტეხის მცხოვრები ბადრი ლიპარტელიანია. მისი თქმით, თუ ჰესებისგან გამოწვეულმა პრობლემებმა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, დაპირებული ფინანსური სარგებელი აზრს დაკარგავს.
“ვეწინააღმდეგები “ხელედულასაც”, “ნენსკრასაც” და სხვა მსგავს პროექტებსაც. შუესწავლელია გარემო – არ აქცევენ ყურადღებას ქანებს, მათ განლაგებას, რა სიმძლავრის მიწისძვრებს უძლებს ნაგებობები… ჰესები პროექტდება გადაწერილი პროექტებით.
“დიახ, ადგილობრივ ბიუჯეტს სარგებელი ექნება, მაგრამ როცა 600 კომლს დაკარგავს აქაურობა, რითვის გვინდა ეს ადგილობრივი ბიუჯეტი? დავუშვათ, მოხდა გაჟონვა, ჩამოწვა მეწყერი და დაიტბორა სამი სოფელი, ვის მოხმარდება ეს ბიუჯეტი?
ლენტეხში აქამდე ჰესი არ აშენებულა. სამაგიეროდ, აშენდა მეზობელ ცაგერის რაიონში. ყოველ ჯერზე, როცა იქ გავლა მიწევს, ვხედავ დატბორილ ჭალებს, დანგრეულ სახლებს, დაბზარულ კედლებს… ანალოგიური ჰესი შენდება ლენტეხშიც. 60-მეგავატიან ტურბინებს დგამენ, წყლის დიდი ნაწილი კი მილებში უნდა მოექცეს, რასაც არ დავუშვებთ”, – აცხადებს ის.
სახელმწიფოს მიერ უარყოფილ საფრთხეზე ის ადამიანებიც საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წარსულში განხორციელებულმა მსგავსმა პროექტებმა უკვე დააზარალა. მესტიაში მცხოვრები ნარგის ნიგურიანი მათ შორის ერთ-ერთია. ფიქრობს, რომ ზიანი, რომელიც სვანეთს უკვე აშენებულმა ჰესებმა მოუტანა, ახალმა, არასწორად დაგეგმარებულმა პროექტებმა არ უნდა გააღრმაოს.
“შეიცვლება ლანდშაფტი, შეიცვლება კლიმატი, იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე, არ გვექნება ეკოლოგიურად ის სუფთა პროდუქტი, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენ რეგიონი. ენგურჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ ხეებზე ხეხილი გვილპება, მკვეთრად იმატა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებმა.
ის, რომ გვექნება მდგრადი ენერგეტიკა, ეს არის სიცრუე იმიტომ, რომ ჩვენი, ჩვეულებრივი მოქალაქეების ჯიბისათვის ეს იქნება გაცილებით ძვირი, ვიდრე ახლაა. ჩვენ არ გვინდა ისეთი ენერგეტიკა, რომელიც მავნებელია ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, ბუნებისთვის და წამგებიანია ეკონომიკისთვის.
სახელმწიფოს არგუმენტების არ გვჯერა. ეს არის გადაკოპირებული საექსპერტო დასკვნები. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოური პროექტები არის გაცოცხლებული, აბსოლუტურად არ არის მორგებული არც ეკონიმიკაზე, არც ადამიანებისა და არც ქვეყნის ინტერესებზე”, – განუცხადა ნარგის ნიგურიანმა “ნეტგაზეთს”.
ნენსკრა, ხუდონი, მესტიაჭალა – რამდენიმე ჰესის პროექტის შესახებ სვანეთში
სვანეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში აქტივისტები ყველა მასშტაბური ჰესის პროექტის შეჩერებას მოითხოვენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სამი მათგანია: ხუდონი, ნენსკრა და მესტიაჭალა.
2015 წლის 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. მათი შეთანხმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში,უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ნენსკრა ჰესის აშენების თაობაზე
2015 წლის 2 ოქტომნბერს გასცა.
რაც შეეხება ხუდონჰესს, პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მდინარე მესტიაჭალაზე კი, ორ ჰესს, Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
სახელმწიფოსა და კომპაბიების არგუმენტების საპასუხოდ, რომ ეს და სხვა ჰესები ენერგეტიკის სფეროს განვითარებას წაადგება, აქტივისტები ამბობენ, რომ აღნიშნულს არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა არა უსაფრთხოების ხარჯზე. მათი თქმით, თითოეული პროექტის არეალი სპეციალისტებისა და ადგილობრივების ჩართულობით საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს და რისკები შესაბამისად განისაზღვროს.