დღეს, 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამარლემ ამით პროკურატურის შეუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სწორედ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. დაცვის მხარეს კი მიხეილ კალანდიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სურდა. კალანდია ბრალს არ აღიარებს.
მიხეილ კალანდიას დარბაზში შეყვანისას მისი ნათესავები ტაშით შეხვდნენ. წინასასამართლო სხდომა მიხეილ კალანდიას საქმეზე 11 ივლისს ჩაინიშნა.
მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გარდა, ხორავას საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. მეზვროშვილი შსს-ს სახელით მადლობას უხდის ზაზა სარალიძეს მოთმინებისთვის.
კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლეო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.