მიხეილ კალანდიას ოჯახი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. კალანდია შსს-მ დღეს, 4 ივნისს, დააკავა და ბრალად დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა წაუყენა.
“პოლიტიკური ინტერესია. როგორ ფიქრობთ, მტკიცებულება რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ? პოლიტიკურად დააკავეს, ალბათ. არანაირი მტკიცებულება არ არის, მე არ ვიცი, ვის რა აწყობს და ვინ რას ფიქრობს”,- ამბობს კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია.
ძმის უდანაშაულობის შესახებ “ტვ პირველთან” საუბრობს კალანდიას ძმაც, ლუკა კალანდია. მისი თქმით, ყველას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალანდია უდანაშაულოა.
“არის უდანაშაულო და უდანაშაულოს ციხეში ჩასმა როგორ უნდა, ამასაც ვნახავთ, ქვეყანა ჩალით არაა დაფარული. სხვა არაფერი ვიცი, არ ვიცი. ზაზა სარალიძეს მოვკითხოთ, რომელმაც, ალბათ, კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა, მაგრამ რა ვიცი, ასეც ხდება…
დღეს მივდიოდით, უნდა დაკითხულიყო, როგორც მოწმე, და შუა ტრასაზე პოლიციამ მოაწყო სპეცოპერაცია და გაგვაჩერეს. აიყვანეს მიხეილი და შემდეგ გაჟღერდა, თითქოს, ქალაქს ტოვებდა ის. ეს სიმართლე არაა, ქალაქი რატომ უნდა დაეტოვებინა უდანაშაულო ადამიანს”,- აცხადებს ის.
მიხეილ კალანდია ბრალი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა. მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ითვალისწინებს.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პატიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.