თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა; მოსამართლემ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისთვის გაამტყუნა და არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს დაცვის მხარე გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდებული ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარე ბრალდებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს.
- მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა.
- ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.