თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ გოგა ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„შაბათის ფორმულას“ დაევალა რეპორტაჟში გასული „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფა, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
„მოხდა ის, რასაც პრინციპში ველოდებოდით კიდევაც, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გოგა ხანიდრავას სარჩელი, დაგვაკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ამ სასამართლოს პირობებში ეს არ ყოფილა ნამდვილად გასაკვირი, გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან“, – ამბობს „ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე.
მისივე განცხადებით, სრულად ამოწურავენ ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო პროცესებს და დიდი ალბათობით დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.
იურისტი ამბობს, რომ მოსამართლისგან ვერ მოისმინეს განმარტება, თუ რას ეყრდნობოდა მისი გადაწყვეტილება.
ამ სამოქალაქო სარჩელის მიღმა „ფორმულას საქმეს“ იძიებს პროკურატურაც. ადვოკატის შეფასებით, საქალაქოს გადაწყვეტილება არის ბიძგი პროკურატურისთვის, რომ „ეს საქმე ასე არ დამთავრდეს“ და ძიება გააგრძელონ. პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-3 მუხლის პირველი ნაწილი). უწყების თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.
საქმე ის არის, რომ „შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.
ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე “ცრუ დასმენაზე”.
სისხლის სამართლის საქმის ინიციირების პარალელურად გოგა ხაინდრავა სამოქალაქო წესით სასამართლოშიც დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. ის პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
