28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ორმა ადამიანმა მანდატურების მხრიდან ძალადობაზე განაცხადა, გამოძიება დაიწყო.
დღეს საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე.
მისმა ადვოკატმა, თამარ ლუკავამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით).
„მივდივარ ექსპერტიზაზე, რომ შეფასდეს დაზიანებები… “, – თქვა რუსკა მჭედლიძემ მედიასთან გამოკითხვის შემდეგ.
მისი თქმით, გამოკითხვაზე სთხოვეს იმ ამბის გახსენება, რაც სასამართლოს ეზოში მოხდა.
ადვოკატი თამარ ლუკავა „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ პროკურატურას რუსკა მჭედლიძესთან გასაუბრების სურვილი ჰქონდა [გამოძიების დაწყების გარეშე], რაც უფლებადამცველის შეფასებით, არასწორია და ამაზე უარი განაცხადეს. მისი თქმით, პროკურატურამ მხოლოდ მათი მოთხოვნის შემდეგ დაიწყო გამოძიება, ჩატარდა გამოკითხვა, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და დღესვე მოითხოვენ სასამართლოსგან ვიდეოჩანაწერების დაარქივებას და შემდეგ ამოღებას.
„არ არის სწორი [გასაუბრება] მსგავსი ტიპის საქმეზე, სადაც ხილულია დანაშაულის ნიშნები, ტელევიზიით არაერთი ვიდეომასალაა გავრცელებული და მსხვერპლს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ფაქტობრივად ჩანს, რომ სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სახეზეა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ განადგურდეს და დროულად ამოიღონ ისინი“, — განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.
ადვოკატის განცხადებით, პირველი ფიზიკური თავდასხმა რუსკა მჭედლიძეზე სასამართლოს შენობის შესასვლელ კართან მოხდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, რა კადრებიც გავრცელდა, ის მანდატურებს შენობის ეზოდან გაჰყავთ. ლუკავა ამბობს, რომ მჭედლიძეს დაზიანებები მკლავებზე აქვს.
„შებოჭეს ხელებით და ისე მოჰყავდათ [რა ვიდეო ჩანაწერიც არის გავრცელებული] და მანდატურის სამსახურის უფროსი მატიაშვილი რომელ მხარესაც დგას, ზუსტად იქ აქვს რუსკას ძალიან მძიმე დაზიანებები მკლავზე. საკმაოდ მოცულობითი და მრავლობითი სისხლნაჟღენთები აქვს“, – ამბობს ადვოკატი.
ხვალ პროკურატურაში ჩანიშნულია უფლებადამცველის, მარიკა არევაძის გამოკითხვა. ლუკავას შეფასებით, ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ არევაძე ადვოკატია:
„მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისა და უფროსისთვის ცნობილი იყო, რომ მარიკა არის ადვოკატი, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა სასამართლოს შენობაში. ამიტომ, მის მიმართ განხორციელებული ქმედება კიდევ უფრო განსაკუთრებით შესაფასებელია საგამოძიებო სამსახურის მიერ კვალიფიკაციის მინიჭებისთვის“, – თქვა ადვოკატმა „ნეტგაზთთან“.
26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებულების საქმის განხილვა სასამართლომ გვიან ღამით დაასრულა. ამავე დღეს ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა, რომ მასზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს – ხელი ჰკრეს და ყვირილით დაატოვებინეს შენობა. ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მანდატურებს რუსკა მჭედლიძე სასამართლოს ეზოდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.
