შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.უწყების თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელიც მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობას ადასტურებდა.
“სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ.
შესაბამისად, 4 ივნისს შსს-ს მიერ ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია მიხეილ კალანდია,” – ამბობენ შსს-ში.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა. მუხლი თავისუფლების აღვეთას ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ითვალისწინებს.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლეო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.