დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ტელეკომპანია “პირველთან” აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა:
“ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინაა სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობას, შეეცდება თუ არა ის, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მის “გაპრავებას”, დაველოდოთ”, – ამბობს ზაზა სარალიძე.
მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.
მიხეილ კალანდია შსს-მ დღეს, 4 ივნისს დააკავა. მას ბრალი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით წარედგინა.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა. მუხლი თავისუფლების აღვეთას ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ითვალისწინებს.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლეო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.