არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.
ლუკა კალანდია ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს და რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ “ყველა კარტის გახსნას” აპირებს მისი ძმის დასაცავად.
ლუკა კალანდიას განცხადებით, მის ძმას, მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ დაშინებით შეაცვლევინა. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ მორჩაძის შესახებ არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს მათი ოჯახის ახლობელი იყო და მოზარდებს მხოლოდ რჩევებს აძლევდა.
როგორც ლუკა კალანდია აცხადებს, მერაბ მორჩაძე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულ გ.ჯ-ს ბიძა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული საკმაოდ გავლენიანი პირია.
ეს პიროვნება არის ერთ-ერთი დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს ვითომდა ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით”, – განუცხადა ლუკა კალანდიამ რუსთავი 2-ს.
ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საპასუხო კომენტარს ელოდება კალანდიების ბრალდებაზე. შსს-ს პასუხს ამავე მასალაში მიღებისთანავე გაცნობებთ.
- ქავერის ფოტოზე: ლუკა კალანდია – მიხეილ კალანდიას ძმა © რუსთავი 2
მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში დღეს განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გარდა, ხორავას საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. მეზვროშვილი შსს-ს სახელით მადლობას უხდის ზაზა სარალიძეს მოთმინებისთვის.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლეო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.