საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ჩვენ გვაქვს სახეზე კონკრეტული შედეგი – სახეზეა დავით სარალიძის მკვლელი გამამტყუნებელი განაჩენით და სახეზეა ბრალდებული, ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილე მიხეილ კალანდია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს – იცით, რომ ათამდე პირი გვყავს ამ საქმეზე დაკავებული, რომელთა ნაწილი დღეს უკვე სასჯელს იხდის. გამოძიება გრძელდება და, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გარკვეული მიმართულებებით გაფართოვდეს, რადგან ეს გახლავთ რთული და კომპლექსური საქმე. ფაქტობრივად, ყოველთვე თითო ბრალდებულით მეტი გვყავდა ამ სისხლის სამართლის საქმეში: ზოგი- დანაშაულის დაფარვაზე, ზოგი – დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, ზოგი – ცრუ ჩვენებაზე”.
შს მინისტრის მოადგილე სამინისტროს სახელით ზაზა სარალიძეს მადლობას უხდის მოთმინებისთვის და ამბობს, რომ ის ყველაზე კონსტრუქციული იყო ამ ხსნის განმავლობაში და გაცილებით ბევრზე უკეთესად ახსნა საქმის სამართლებრივი პროცედურები.
დღეს, 4 ივნისს, მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავა. კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში დღეს განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გარდა, ხორავას საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაში.
კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამ დრომდე საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა. კალანდიას შესაძლეო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი, არ ჩაატარეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად.
სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
- გ.ბ. ნამდვილად არის დამნაშავე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და დაუმძიმა მას სასჯელი და შეუფარდა პატიმრობა 11 წლისა და 3 თვის ვადით;
- გ.ჯ-მ არა გ.ბ-სთან ერთად, არამედ სხვა, დაუდგენელ პირ(ებ)თან ერთად ჯგუფურად მოკლა დავით სარალიძე და მას შეუფარდა პარტიმრობა ასევე 11 წლისა და 3 თვის ვადით.
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წ წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მას შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს და ითხოვს თავისი შვილის მკვლელების დასჯას.