ახალი ამბები

დავითგარეჯში დემონსტრანტები იშლებიან, ჩიჩხიტურთან მცირე ჯგუფი რჩება

28 მაისი, 2019 •
დავითგარეჯში დემონსტრანტები იშლებიან, ჩიჩხიტურთან მცირე ჯგუფი რჩება

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შეკრებილი დემონსტრანტების უმრავლესობა თანდათანობით იშლება, თუმცა ჩიჩხიტურის მონასტერთან აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ამ დრომდე რჩება და დაშლას არ აპირებს.

დემონსტრანტებმა შეკრება 28 მაისს დილიდან დაიწყეს, საქართველოს დროშებით ავიდნენ უდაბნოს მონასტერთან [აღდგომის ტაძართან], შემდეგ ჩიჩხიტურის მონასტრერთან და, როგორც ამბობენ, უჩვენეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ „დავითგარეჯა საქართველოა“.

უდაბნოს და ჩიჩხიტურის ტაძრები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და იმ ტერიტორიაზეა განლაგებული, სადაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი დაუდგენელია.

რა ხდებოდა აქციაზე?

აქციაზე სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ: „ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია“ დავით ქაცარავის ლიდერობით და მათი მხარდამჭერები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები, სასულიერი პირები სხვადასხვა ეპარქიიდან, მათი მრევლი, გიდები, სტუდენტები და სხვა მოქალაქეები. იქ იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ჩიჩხიტაურთან დემონსტრანტები დაახლოებით ერთი საათით გაჩერდნენ, რის შემდეგაც მღვდლებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, საპატრიარქოდან დაურეკეს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, დაიშალონ.

ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ იმყოფება ჩიჩხიტურის კოშკთან და დაშლას არ აპირებს. მათი ნაწილი ერთმანეთში კამათობს. იყო გაწევ-გამოწევაც და სიტყვიერი შეურაცხყოფაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებს შორის.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 მაისს, როდესაც აზერბაიჯანი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს, აზერბაიჯანელი სტუდენტები მსვლელობას აპირებდნენ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძეგლების მიმართულებით.

თუმცა, როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, აზერბაიჯანის მხრიდან არავინ მისულა. ადგილზე, როგორც ჩვეულებრივ დღეებში, ქართველ მესაზღვრეებთან ერთად აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც იმყოფებოდნენ.

ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ უარყო ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან რაიმე შეკრებაზე და თქვა: „ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არანაირი მსვლელობა არ იგეგმება“.

როგორ დაიწყო აქციები?

დავითგარეჯის საკითხის გარშემო აქციები რამდენიმე კვირაა დროგამოშვებით გრძელდება. საპროტესტო აქციები აპრილის ბოლოს დაიწყო, როდესაც დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.

ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელმაც თქვა, რომ დავითგარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი პრობლემა ამოწურული იყო; ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის საზღვის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის განახლების შესახებ.

ამის მიუხედავად, 5 მაისს ასობით მოქალაქე შეიკრიბა დავითგარეჯში, აღდგომის ტაძართან და ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. თუმცა ამის შემდეგ საკითხი დროებით ამოიწურა.

უდაბნოს მონასტერი, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მოგვიანებით უკვე მეორე — ჩიჩხიტურის მონასტერთან განვითარებული მოვლენების გამო განახლდა საპროტესტო აქციები. 23 მაისს ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მხარეს მონასტრისკენ გზა გამოჰყავდათ.

რამდენიმე დღეში, ბაქოში  საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, სამუშაოები ქედს გადაღმა, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სამუშაოები შეჩერდა.

მოგვიანებით იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. „მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა — იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები — რომ არ შექმნილიყო [არასწორი] აღქმა და არ გაჩენილიყო კითხვები … უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა“, — თქვა პრემიერმა 26 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად.

ქართველი მესაზღვრეები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მონასტერთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

26 მაისს დავითგარეჯში ისევ ჩატარდა აქცია აზერბაიჯანის მხარეს საავტომობილო გზის გამოყვანის გასაპროტესტებლად. იმავე დღეს მარნეულის ეპისკოპოსის ორგანიზებით მოქალაქეები წითელ ხიდთან შეეკრიბნენ, ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“, და დროებით გადაკეტეს საავტომობილო გზა.

ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო მესვეურები ყველას მოუწოდებდნენ, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეეკავებინათ. მაგალითად, მინისტრმა დავით ზალკალიანმა 23 მაისს განაცხადა: „აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა ეს საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში, რადგან კომისია არის მოწადინებული იმისთვის, რომ საკითხების მოგვარება მოხდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე“.

27 მაისს ამ საკითხზე „მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელებას“ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უწოდა უწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ: „მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს განაცხადა, რომ მან წამოიწყო საუბარი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რამაც, შესაძლოა, „რაღაც შედეგები გამოიწვია“.


ამ საქმის ისტორიულ ასპექტებში გასარკვევად, გირჩევთ, წაიკითხოთ:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი